“როგორ იღუპება ქართული დემოკრატია – ნიკა გვარამიას საქმე”-ამ სათაურით აქვეყნებს ვრცელ სტატიას გამოცემა EUROPEAN INTEREST. სტატიაში ნიკა გვარამიას პატიმრობა თავისუფალ მედიაზე თავდასხმად და სასამართლო სისტემის შეზღუდვადაა შეფასებული, რომელიც, ავტორის თქმით, “ქართული ოცნების” მმართველობას ახლავს თავს.
სტატიაში ნათქვამია, რომ მიუხედავად ქართველის ხალხის ევროპული არჩევანისა, საქართველოს პრორუსული ხელისუფლება ქვეყნის ევროპერსპექტივას ხელს უშლის. თავისუფალ მედიაზე თავდასხმები, პოლიტიზებული სასამართლო სისტემა, სამართალდამცველების დაუსჯელობა, ოპოზიციისა და მედიის წარმომადგენლების თვალთვალი – ეს ის საკითხებია, რაზეც სტატიის ავტორი საუბრობს.
მიმოხილვაში ვკითხულობთ, რომ დასავლეთმა არაერთხელ შეახსენა პრემიერ ღარიბაშვილს, რომ კანონის უზენაესობის უგულებელყოფა შესაძლოა ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესზე ძალიან ცუდად აისახოს. ამავე კონტექსტშია ნახსენები მიხეილ სააკაშვილის საქმეც და ნათქვამია, რომ ყოფილი პრეზიდენტისადმი საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულება ლაკმუსის ქაღალდია – არამედ ერთგულია ხელისუფლება ევროპული ღირებულებებისა.
“ნიკა გვარამიას წინააღმდეგ საქმე აბსურდულია, გამოტანილი განაჩენი კი არამართლზომიერი, რაც მოწმობს, რომ მისი დევნა პოლიტიკურად მოტივირებულია. გვარამიას, ასევე, მიხეილ სააკაშვილის საქმეს საკვანძო მნიშვნელობა აქვს საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის, ოფიციალურ თბილისს, როგორც ჩანს, სურს უარი თქვას ევროკავშირისკენ სავალ გზაზე. ევროპულმა სტრუქტურებმა უნდა გააგრძელონ შეშფოთების გამოხატვა ნიკა გვარამიას, მიხეილ სააკაშვილისა და სხვა პოლიტპატიმრების გამო, რომლებიც ციხეში იმიტომ სხედან, რომ საქართველოს დემოკრატიული მომავლისკენ ისწრაფვიან”, – წერია სტატიაში.