“ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობამ” პირველი გაფართოებული შეხვედრა გამართა. მოძრაობის წევრებმა იმ სტრატეგიაზე იმსჯელეს, რომლის მთავარი მიზანი უკანონოდ დაკავებული მედია მენეჯერის თავისუფლების მოთხოვნით, მასშტაბური აქციისთვის მზადებაა.
აქციების თარიღების შესახებ ინფორმაცია მომდევნო დღეებში გავრცელდება.
“თუ ჩვენ გვინდა საქართველოსთვის ევროპული მომავალი, დატყვევებული მედიამენეჯერის, დატყვევებული თავისუფალი სიტყვით, ამას ვერანაირად ვერ მივაღწევთ” – ამბობს ნიკა გვარამიას მეუღლე, სოფო ლილიუაშვილი
მოძრობაში ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილის იმედი უკვე აღარ აქვთ და საჭიროა აქტიურ ქმედებებზე გადასვლა.
მოძრაობის წევრებს წერილით მიმართა “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა და მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის – “ბიჭებო და გოგოებო დიდი მადლობა ყველაფრისთვის! ძალიან მიხარია თქვენი მხარდაჭერა! არ შემიძლია, წარმატება არ გისურვოთ” ნათქვამია 212-ე საკნიდან გამოგზავნილ წერილში.
დღესვე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა ქვეყანაში შექმნილ უმძიმეს მედიაგარემოზე ჩატარებული კვლევის შედეგები გამოაქვეყნეს. “დოიჩე ველეს” ინსტიტუტის კვლევის მიხედვით საქართველოში მედია თავისუფლება მკვეთრად იკლებს. გერმანელი სპეციალისტების მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ცალკე თავი ეთმობა მთავარი არხის დამფუძნებლის პოლიტიკურ საქმეს.