პარლამენტთან, რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს

საქართველოს პარლამენტთან, რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს. შეკრებილები მოითხოვენ, სასწრაფოდ აიკრძალოს პირდაპირი ავიარეისები რუსეთიდან.

საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილები არიან პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენა ქვეყანას სერიოზული რისკის ქვეშ აყენებს და შესაძლოა, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის გარეშე დავრჩეთ. ამასთან, მათივე თქმით, შესაძლოა, აღნიშნული ფაქტის გამო, მთლიანად ქვეყანა დასანქცირდეს.

როგორც ცნობილია, დღევანდელ აქციაზე არ იქნება სიტყვით გამოსვლები.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ – “არა რუსულ ფრენებს”.

შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც 2019 წელს რუსეთის ფედერაციამ საკუთარი გადაწყვეტილებით საქართველოსთან ავიარეისები გააუქმა, თბილისის აეროპორტში რუსული თვითმფრინავი დღეს პირველად დაჯდა. საქართველო-რუსეთს შორის ფრენის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მიმდინარე წლის მაისში მიიღო.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share