ესტონეთის პრემიერმინისტრი, კაია კალასი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში საქართველოზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ დღეს საქართველოს ხელმძღვანელობას NATO-ს წევრობის არ სჯერა.
“რა განსხვავებაა საქართველოსა და უკრაინას შორის – მე ვფიქრობ, რომ საქართველო იმყოფება იქ, სადაც უკრაინა წლების წინ იყო, როცა ნარინჯისფერი რევოლუცია ჰქონდათ, ისინი ევროპას ფართოდ მიიჩნევენ მათ მომავლად, მაგრამ ეს ასევე საჭიროებს რეფორმებს მათი მხრიდან, ამიტომ ძალიან რთული ურთიერთობაა, ჩემი აზრით, მთავრობასა და ქუჩაში მყოფ ხალხთან, მაგრამ ჩვენ ამას ძალიან ყურადღებით ვადევნებთ თვალს”, – განაცხადა მან.
კითხვაზე – უკრაინა და საქართველო გვერდი-გვერდ დადიოდნენ, როცა საქმე NATO-ს ეხებოდა, თუმცა ახლა, როგორც ჩანს, დაშორდნენ ერთმანეთს და რატომ? – კალასი პასუხობს:
“ეს იმიტომაა, რომ მე ვფიქრობ, საქართველოს ხელმძღვანელობას ახლა დიდად არ სჯერა ამის [NATO-ს წევრობის], ამიტომ არ აწვებიან ამ დღის წესრიგს”, – თქვა მან.
მას მაგალითად მოჰყავს ბრატისლავაში ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება და ამბობს, რომ იქ პრემიერმინისტრმა უკრაინაში მიმდინარე ომში NATO დაადანაშაულა. მისი თქმით, ეს მცდარი ნარატივია, თუმცა ღარიბაშვილის გამოსვლაში იგრძნობოდა, რომ მას წევრობის არ სჯერა.