11 სექტემბრის ტერაქტს გადარჩენილმა კაცმა სიცოცხლე ბავშვების გადასარჩენად გაწირა

კაცმა, რომელიც 11 სექტემბრის ტერაქტს გადაურჩა. ცოტა ხნის წინ ბავშვების გადასარჩენად თავი გაწირა. 43 წლის ლუკ ლეიდლი ამერიკელებისთვის გმირობის მაგალითი გახდა.

შემთხვევა 4 ივლისს მოხდა. იგი ოჯახთან ერთად მიჩიგანის ტბაზე იმყოფებოდა, რა დროსაც შენიშნა, რომ მახლობლად ბავშვებით სავსე ნავი ამოტრიალდა. იგი ტბაში ბავშვების გადასარჩენად შევიდა. შემთხვევის შესახებ უცხოური მედია წერს.

გამოცემის ცნობით, წყალში გადახტომიდან დაახლოებით ერთ წუთში ლეიდლი ცუდად გახდა. იგი წყლიდან მალევე ამოიყვანეს, საავადმყოფოშიც გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

რაც შეეხება ბავშვებს, ყველა უვნებელი დაბრუნდა ნაპირზე.

ლუკ ლეიდლი სამი შვილის მამა იყო. მან 2001 წლის სექტემბერში მუშაობა „ტყუპი ცათამბრჯენის“ მე-6 სართულზე დაიწყო. ტერაქტი მისი მუშაობის დაწყებიდან მეორე დღეს მოხდა. მამაკაცი შენობიდან უსაფრთხოდ გამოიყვანეს, თუმცა ტერაქტს მისი 13 თანამშრომელი ემსხვერპლა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share