ახალციხის კლინიკა “იმედის“ ექთნის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე პირადი მოტივით ცრუ ჩვენების მიცემაში ამავე კლინიკის ბრალდებული ექიმი, ვიოლეტა ინასარიძე და კიდევ ორი პირი – თეა გზირიშვილი და ბექა ლიპარტელიანი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
ვიოლეტა ინასარიძე და თეა გზირიშვილი სასამართლოს სხდომათა დარბაზშივე აიყვანეს. რაც შეეხება ბექა ლიპარტელიანს, ის განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, თეა გზირიშვილს 2 წელი და 6 თვე, ვიოლეტა ინასარიძესა და ბექა ლიპარტელიანს კი, 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
სამივე მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო ჰქონდათ შეფარდებული.