აპრილში ეკონომიკის წლიური ზრდა 44,8% იყო – საქსტატის განმარტება

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2021 წლის აპრილში, გასული წლის იმავე თვესთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 44,8%-ით გაიზარდა, ხოლო პირველი-ოთხი თვის ზრდის საშუალო მაჩვენებელი 8,1% იყო.

ფოტო: საქსტატი

უნდა აღინიშნოს, რომ ზრდის მსგავსი მონაცემი მნიშვნელოვნად გამოწვეულია ე.წ საბაზო ეფექტით, რადგან მიმდინარე წლის მაჩვენებელი 2020 წლის ყველაზე მძიმე ლოქდაუნის პერიოდს შედარდა — გასული წლის აპრილში საქართველოს ეკონომიკა რეკორდულად, 16,6%-ით შემცირდა.

2021 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: დამამუშავებელი მრეწველობა, მშენებლობა, ვაჭრობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, სასტუმროები და რესტორნები, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობა, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობა. ამასთან, კლების ტენდენცია დაფიქსირდა სამთომოპოვებითი მრეწველობის დარგში.

საქსტატის ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2021 წლის იანვარ-აპრილში საქონლის ექსპორტი 19,6%-ით, ხოლო იმპორტი 10,1%-ით გაიზარდა. შესაბამისად, საგარეო სავაჭრო ბრუნვა 12,8%-ით არის გაზრდილი.

ახლადრეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა გაზრდილია 1 488%-ით, 4 876 მდე გაიზარდა, რაც იმით არის გამოწვეული, რომ 2020 წლის აპრილში საქართველოს ეკონომიკა პრაქტიკულად გაჩერებული იყო. იმავე პერიოდში დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა 93,4%-ით 8,4 მილიარდ ლარამდე გაიზარდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეკონომიკის შემცირება გასული წლის მარტიდან დაიწყო, რაც კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის ფონზე მიღებულ შეზღუდვებს უკავშირდებოდა. ეკონომიკის ვარდნის ტენდენცია გაგრძელდა მომდევნო თვეებშიც. ბოლო გათვლების მიხედვით, 2020 წლის მეორე კვარტალში ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 13,2%-ით, მესამე კვარტალში — 5,6%-ით, ხოლო მეოთხე კვარტალში 6,8%-ით შემცირდა. წლიურად, 2020-ში საქართველოს ეკონომიკამ 6,2%-ით იკლო.

რაც შეეხება პროგნოზებს, როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ასევე აზიის განვითარების ბანკი 2021 წელს საქართველოს ეკონომიკის 3,5%-ით გაზრდას ელოდება. ეროვნული ბანკის გათვლებით კი, წელს საქართველოს ეკონომიკა 4%-ის ფარგლებში გაიზრდება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: