ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი ზურაბ გურული წერს:
“საპროტესტო შიმშილობის ფსიქოლოგიის ცნობილი ექსპერტი, პროფესორი ლუის ნიუმანი ამბობს, რომ მოშიმშილესთვის საკვების მიღების განახლების თხოვნა ხშირად სრულიად საპირისპირო ეფექტს იწვევს; მითუმეტეს, ძლიერი ნებისყოფის ადამიანებში, რომლებსაც მკაფიოდ აქვთ გააზრებული და ჩამოყალიბებული საკუთარი პროტესტის არსი და კრიტერიუმები.
მოპროტესტე ადამიანმა უნდა იგრძნოს, რომ ის თავად აკონტროლებს სიტუაციას და არა სხვები, რომლებიც თუნდაც ყველაზე გულწრფელი, კეთილი ზრახვებით ცდილობენ მის გადარწმუნებას. ასეთ ექსტრემალურ პირობებში გონება ზუსტად ბავშვის მენტალიტეტით ფუნქციონირებს და რაც უფრო იზრდება ხვეწნის თუ თხოვნის ხარისხი, მით უფრო დიდია საწინააღმდეგოს გაკეთების ქვეცნობიერი ცდუნება.
ყველაზე ჰუმანური და იმავდროულად ეფექტური საქციელია არა პროტესტის შეწყვეტის მოთხოვნა, არამედ მაქსიმალური ხელშეწყობა, რომ პროტესტის ძირითადი მოთხოვნები დაკმაყოფილებული იქნეს რაც შეიძლება სწრაფად. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს დანებებისაკენ მოწოდებას ნიშნავს.
მოპროტესტე ადამიანის თავმოყვარეობის შელახვა ერთნაირად შეუძლიათ მის მხარდამჭერებსაც და მოწინააღმდეგეებსაც.
მთელი მსოფლიო აკვირდება ამჟამად საქართველოში მიმდინარე პროტესტს. დღეს ეს შეიძლება არ ჩანს საკმარისად ნათლად, მაგრამ მოვა დრო და მიკროსკოპის ქვეშ გატარდება ყველა მოქმედება. ამ უკიდურესი პროტესტის ფსიქოლოგიური ასპექტი შესაძლოა ( და დიდი ალბათობით არის კიდეც ) უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ორგანული. ძალიან ფრთხილი ბალანსის დაცვაა საჭირო.”- წერს გურული.