რატომ გახშირდა ახალგაზრდების გაუჩინარებისა და სუიციდის შემთხვევები? – თამარ ჯაფარიძე საგანგაშო სტატისტიკაზე

„ბოლო დროს ახალგაზრდების გახშირებული გაუჩინარებისა და სუიციდის შემთხვევები მიანიშნებს, რომ ქვეყანაში უმძიმესი დეპრესიული ფონია, რაც ბუნებრივია, ახალგაზრდებზეც აისახება“, – ამის შესახებ Tia.ge-სთან ინტერვიუში ორგანიზაცია „დედები აზარტული თამაშის წინააღმდეგ“ ლიდერმა, თამარ ჯაფარიძემ ისაუბრა.

„დავიწყოთ იმით, რომ ვირტუალურმა სამყარომ ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე დაგვაყენა. ამას დავუმატოთ თამაშდამოკიდებულება, ნარკოდამოკიდებულება, სტრესული ფონი, ოჯახის წევრებს შორს გაუცხოება და მართლა გაუსაძლისი მდგომარეობა შეიქმნა. დღე არ გავა, სამი-ოთხი ახალგაზრდა არ წავიდეს ამ ქვეყნიდან. დენი დაარტყამს, სუიციდი იქნება თუ უბედური შემთხვევა,  ნებისმიერ შემთხვევაში ქვეყნის და ოჯახების ტრაგედიაა. ასეთ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას სახელმწიფოებრივი, მწყობრი ხედვა სჭირდება როგორ გამოიყვანოს მოსახლეობა ამ უმძიმესი, შოკური მდგომარეობიდან“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

მისი თქმით, გამოსავალი ამ საგანგაშო მდგომარეობიდან იქნება ის, რომ ჯანდაცვის სექტორში შესული თანხის თუნდაც 5% დამოკიდებული ადამიანების რეაბილიტაციას მოხმარდეს.

„2021-22 წლებში საქართველოში დიდი კვლევა ჩატარდა, რომლის დროსაც 30 თინეიჯერიდან 17 ბიჭს და 2 გოგონას ნარკოტიკული ზემოქმედება დაუდგინდა. ნარკოდამოკიდებულება უამრავ ახალგაზრდას იწირავს და სახელმწიფო გარედან დამკვირვებლის პოზიციაშია. უნდა გავიგოთ, რომ ნარკოდამოკიდებულ ადამიანებს სახელმწიფო სუბსიდირება სჭირდებათ, რადგან ამ დარგის სპეციალისტების მომსახურება ძალიან ძვირია, ამ ადამიანებს კი არავითარი რესურსი  აღარ გააჩნიათ. ჩვენი ხედვა ასეთია, რომ ჯანდაცვის სექტორში შესული თანხის თუნდაც 5% დამოკიდებული ადამიანების რეაბილიტაციას მოხმარდეს“, – აცხადებს ჯაფარიძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share