როგორც ცნობილია, ბოლო პერიოდში ლევან ბერძენიშვილის მიმართ არაერთი კრიტიკა გაისმა… თუ რას ფიქრობს მწვავე გამონათქვამებზე, რა ახალი წიგნები გამოსცა და ამჟამად რაზე მუშაობს, ამის შესახებ ლევან ბერძენიშვილი ”კვირის პალიტრასთან” საუბრობს:
”კრიტიკას ვინც გამოთქვამს, ის ხალხი გახლავთ, რომლებიც 24 საათი სოციალურ ქსელებში არიან, ჩემს ლექციებსაც უსმენენ, შემდეგ იქედან რაღაცას ამოკრეფენ, ვერ გაერკვევიან და შენიშვნებს მაძლევენ… მაგალითად, შენიშვნა მივიღე მოქალაქე – ნინო წილოსანისგან, რომელსაც ჰგონია, რომ თამარ მეფის მამას გიორგი ბრწყინვალე ერქვა… აი, ასეთ ხალხს რა უნდა ვუსმინო? – წარმოდგენა არ აქვთ ისტორიის შესახებ…
თამარზე მე სულ სხვა რამეს ვამბობ… იმ წესების მიხედვით, რომელიც ქრისტიანული წესრიგის მიხედვით არსებობს, „ვეფხისტყაოსანში“ გამეფდა ტარიელი და არა – ნესტან-დარეჯანი… რუსთაველმა, ფაქტობრივად, გააკრიტიკა ის პრაქტიკა, რომელიც საქართველოს ისტორიაში იყო. მისი აზრით, თამარი მეფე არ უნდა გამხდარიყო, მაგრამ ამასთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი უსამართლობა მოხდა, რაც ისტორიაში ჩაღრმავებას მოითხოვს…
მე, ლევან ბერძენიშვილი, მოქალაქე ვარ და ჩემი აზრი მაქვს თამარ მეფის შესახებ. შეიძლება მე ძალიან მტყუანი ვიყო და ამით რა მოხდა?! მაგალითად, ძალიან კარგი პიროვნებაა, გადასარევი პროფესიონალია ჩემი მეგობარი, რომელიც ამტკიცებს, რომ ცოლი მას ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაყარა… ამიტომ, ეს კაცი გადავაგდოთ?
შეიძლება, შემეშალოს კიდეც… ვფიქრობ, რომ დავით აღმაშენებელი იყო დიდი მეფე და ერეკლე მეორე პატარა. თუ შემთხვევით მე მართალი არ ვარ და ერეკლე მეორე იყო დიდი და დავით აღმაშენებელი პატარა (მეტი მაგათ არ აუდგათ გვერდები), ამით რა მოხდა?!
მე არ მომწონს ერეკლე, მომწონს დავით აღმაშენებელი და არ შეიძლება?! მომწონს ხვიჩა კვარაცხელია, არ ვგიჟდები თვით მესიზეც კი და არ მაქვს ამის უფლება?! – მაქვს! ისიც კი შეიძლება ხვიჩა კვარაცხელია ვინმეს არ მოსწონდეს. თუმცა ეს მე პირადად ძალიან მეწყინებოდა და ამიტომაც, მესმის ერეკლეს მომხრეებისაც.
რამდენი ადამიანიც არსებობს, იმდენი აზრია და ყველას ყველაფრის თქმის უფლება აქვს! თუ ეს ვინმეს არ ესმის, ამ ჩამორჩენილ და შეუგნებელ ადამიანებთან ურთიერთობა არ მინდა!
ბოლოს და ბოლოს არის ხალხი, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილი მოსწონთ და რა გახდა ასეთი, ლევან ბერძენიშვილი აიტანონ თუნდაც არაერთი, მათ აზრით, არასწორი გამონათქვამის გამო?!” – აცხადებს ბერძენიშვილი.