“ის პრობლემები, რაც 90-იან წლებში იყო, ისევ დგას ქვეყანაში. არც ტერიტორიული, არც ეკონომიკური, არც შიდა კონსოლიდირების პრობლემები არ გადაჭრილა. გარდა ამისა, ილევა იმედის რესურსი, იმიტომ, რომ ის ეიფორია, რაც იყო 30 წლის წინათ, თანდათან მინავლდა, პატრიოტიზმი ლიტერატურასა და ხელოვნებაში დღეს პრიორიტეტულად აღარ ითვლება, ყველა და ყველაფერი გაუცხოებულია. მაშინაც იყო და დღესაც არის პოლარიზება, რამაც სადამდე მიგვიყვანა, კი იცით. ძნელი სათქმელია, როგორ განვითარდება ყველაფერი, მაგრამ ჩვენთან ყოველთვის იყო ნიადაგი პოლიტიკური რყევებისა და კატასტროფებისთვის. თუ გამოჩნდება ძალა, რომელსაც უნდა საქართველოში მოხდეს ასეთი დაპირისპირება, ამის ნიადაგი არსებობს, სამწუხაროდ”, – აცხადებს კვირის პალიტრასთან მწერალი და მეცნიერი, სტუ-ს პროფესორი სოსო სიგუა და საქართველოში მიმდინარე პროცესებს აფასებს:
შოუ და დოპინგი საზოგადოებისთვის
” დღევანდელი ყოფა, სამწუხაროდ, აბსურდულია და ამ აბსურდის გარშემოა ყველაფერი კონცენტრირებული. როდესაც გამოუვალი ეკონომიკური მდგომარეობაა, ფასები იზრდება, ეპიდემია მძვინვარებს, ამ დროს ტელევიზიების ყურადღება გადატანილია მარტოოდენ ყოფილი პრეზიდენტის პრობლემებზე და ეს ერთგვარი შოუ თუ დოპინგია საზოგადოებისთვის. ერთ მხარეს თავისი მომხრე ფანატიკოსები ჰყავს, მეორეს – თავისი. ამ შოუთი ხდება სერიოზული პრობლემების გადაფარვა, ყველა არხი გადასულია მსჯელობაზე და საბოლოოდ, დღის ბოლოს რომ გაიხსენო, რაზე ილაპარაკეს, თურმე ერთი და იმავეზე ულაპარაკიათ გუშინაც, დღესაც და გუშინწინაც. ასე და ამგვარად, მიღმა გვრჩება სამშობლო… აღარავის ახსოვს აფხაზეთი, ცხინვალი, მზარდი ფასები საწვავსა და პროდუქტებზე, მედიკამენტებზე… ახლა კი ამბობს ხელისუფლება, დიდი მატება გვაქვს ეკონომიკურიო, მაგრამ შეიძლება ზრდა იყოს შარშანდელთან შედარებით, როცა კორონას გაძლიერების გამო დაეცა ეკონომიკა. დოლარის ფასი ჯერჯერობით გაჩერებულია, მაგრამ ჩაივლის ახალი წელი და ისევ ავარდება მისი კურსი. არ ვიცი, სადამდე გაუძლებს ამას ხალხი და ქვეყანა.”
”რამდენი წელია, მოჯადოებულ წრეზე ვტრიალებთ, აქციებით ვცხოვრობთ, ამისი მიზეზია ხელისუფლება და ხალხიც. სამწუხაროდ, ჩვენი ხალხი მოკლებულია სახელმწიფოებრივ აზროვნებას, იმიტომ, რომ ჩვენ საუკუნეების მანძილზე დამოუკიდებელი სახელმწიფო არ გაგვაჩნდა, რამაც ჩამოაყალიბა ინდივიდუალიზმი. ყველა ადამიანი თავის გადარჩენას, თავის პრობლემის მოგვარებას ცდილობს ინდივიდუალურად და არა სახელმწიფო პრობლემასთან კავშირში. მეორე მხრივ, რადგან ჩვენ სახელმწიფო არ გაგვაჩნდა, არც დამოუკიდებელი ქვეყნის მმართველი ფენები არ არსებობდა. ყველა მმართველი, ვინც იყო, იყო მოსკოვის, მანამდე ირანის, თურქეთის დანიშნული. ასე რომ, დამოუკიდებლობა, როგორც ასეთი, ქართველი ხალხისა და ხელისუფლების ცნობიერებაში ვერ დამკვიდრდა. ქვეყანა, რომელსაც არც ეკონომიკური, არც პოლიტიკური რესურსები გააჩნია, უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდა. რომ არ იყოს აშშ და ევროპა, ჩვენ ყოველნაირად გამოუვალ მდგომარეობაში ვიქნებოდით. მაშინაც, 100 წლის წინ, ნოე ჟორდანიას ხელისუფლება ევროპას ეჭიდებოდა და ცდილობდა, ეგებ, მას გადაერჩინა, მაგრამ ყველა ქვეყანას თავისი პრობლემები აქვს. ახლა გლობალიზაციაა, ევროპამ რატომ უნდა მოიკლას თავი საქართველოსთვის? ბუნებრივია, ისინი დემოკრატიული ქვეყნებია და 1-2 რომც იყოს ჩვენი გულშემატკივარი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის გამოხატავს თავისი ერის სულისკვეთებას. ისინი ისეთ სიტუაციაში არ ჩაიყენებენ თავს, რაც მათი ერისთვის წამგებიანი იქნება…
“ეს იყო ანტინაციონალური მოძრაობა”
– ზვიადს და მიშას არც იდეოლოგიურად, არც მსოფლმხედველობრივად ერთმანეთთან არავითარი კავშირი არ აქვთ. ისე, ერთიც ქვეყნის მმართველი იყო და მეორეც და მეტ-ნაკლებად ერთნაირი პრობლემების წინაშე იდგნენ. პრეზიდენტებს შორის მსგავსება ყოველთვის წარმოიშობა, იმიტომ, რომ ისინი ერთნაირი პრობლემების პირისპირ დგანან. მართალია, სააკაშვილმა მის პარტიას “ნაციონალური მოძრაობა” დაარქვა, მაგრამ ეს იყო ანტინაციონალური მოძრაობა, რომელმაც მოიტანა აკადემიის, მწერალთა კავშირის დაშლა, “იმედის” დარბევა, გამომცემლობა “სამშობლოს” წართმევა… სააკაშვილმა კარგიც გააკეთა, მაგრამ ეს კარგი გაკეთდა ამერიკის და ევროპის დახმარებით, მათ გარეშე თავს ვერაფერს გავართმევდით…
ყოვლად ალოგიკური იყო სააკაშვილის ჩამოსვლა თუ შემოპარვა. გაუგებარია, როცა კაცი 10 წელი იყო პრეზიდენტი, უარყო ამ ქვეყნის და მიიღო სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, შემდეგ ის ქვეყანაც უარყო და ჩამოვიდა იქ, სადაც დევნიან. ლოგიკური ჯაჭვია და ბუნებრივია, ეს წარმოშობს შეთქმულების თუ შეთანხმების შესახებ თეორიას. ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, აბა, რა რჯიდა ამ კაცს აქ ჩამოსულიყო, სადაც არავითარი რევოლუციური სიტუაცია არ იყო? მგონია, ჩვენს მთავრობას არ უნდა და არც აწყობს ის აქ. შეწყალებით მას არ შეიწყალებენ, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ, შეიძლება გადაცემის საკითხი დადგეს. ისიც საეჭვოა, უკრაინამ მიშა დაიბრუნოს. აი, ასეთი არაფრისგან შექმნილი პრობლემები გვაქვს…
“როგორ შეიძლება პრემიერი ყოველწლიურად ცვალო?”
– შეიძლება პრემიერ-მინისტრების გაუთავებელი და ყოველწლიურად ცვლა? როცა ოპოზიცია მოითხოვდა საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკა ყოფილიყო და პრეზიდენტის ინსტიტუტი გაუქმებულიყო, ზვიადი ამბობდა, რომ საფრანგეთში ყოველ წელს იცვლებოდა პრემიერ-მინისტრი, ვიდრე საპრეზიდენტო რესპუბლიკა არ შეიქმნაო. გერმანიაში პირიქით, საპარლამენტო რესპუბლიკაა, რაზეც ზვიადმა თქვა, რომ გერმანია დისციპლინირებული, მოწესრიგებული ქვეყანაა, სადაც შეიძლება პარლამენტარიზმის პრინციპები არსებობდეს, მაგრამ ფრანგები ხასიათით უფრო ჩვენ გვგვანან, უფრო ფეთქებადი და ემოციურები არიან, ამიტომ მათ სჭირდებათ პრეზიდენტი, რომელიც შეკრავს ერს და ქვეყანასო… როგორ შეიძლება პრემიერი ყოველწლიურად ცვალო? ღარიბაშვილი კია მეორედ, მაგრამ მოვა ახალი, სანამ ის ისწავლის, რა ხდება ქვეყანაზე, მანამდე მოხსნიან. ეს სააკაშვილმა გააკეთა. მას უნდოდა პრემიერობა და შეიტანეს ცვლილებები კონსტიტუციაში, პრეზიდენტის ინსტიტუტი რომ დასუსტებულიყო, მაგრამ თვითონ ვერ გახდა პრემიერი და დარჩა დასუსტებული სასამართლო სტრუქტურა.” – ამბობს სოსო სიგუა.
კვირის პალიტრა