”ბევრი ალბათ ვერც აცნობიერებს საქართველოში ე.წ. “ქოლ-ცენტრების” არსებობის სრულ ტრაგედიას. ათეულ ათასობით ახალგაზრდა, თან ინგლისურის საკმაოდ კარგად მცოდნენი, ჩაბმული არიან კრიმინალურ საქმიანობაში. მათ მოქმედებას კი სრულიად აკონტროლებენ გაკრიმინალებული ძალოვანები. ზუსტად არის გადმოტანილი პოსტსაბჭოთა რუსული მოდელი. რა იქნება შემდეგი სკანდალი? არალეგალური “გემბლინგი”, ინდუსტრიალიზებული პროსტიტუცია, ნარკობიზნესი? და ეს ყველაფერი ფსევდო-ლეგალური საფარის ქვეშ. საქართველო თავისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო პრაქტიკულად ევროპა-აზიის გზაგასაყარის “შავ ხვრელად” ყალიბდება. აბსოლუტურად ყველა სისტემა, საერო, სასულიერო, სოციალური, პოლიტიკური, კრიმინალური სინდიკატების ყაიდაზე ფუნქციონირებენ. ქართული საზოგადოებისათვის მიმართვას აზრი არა აქვს; ერთადერთი ისევ ახალგაზრდებს თუ ვურჩევ. მიუხედავად იმისა, რომ თქვენს გაუბედურებულ სამშობლოში პატიოსნად მუშაობაში მხოლოდ რამდენიმე ასეულ გაუფასურებულ ლარს გიხდიან, ნუ წაიწყმედთ სულს ათასამდე დოლარის ფასად. თქვენი დოსიეები მუდმივად დარჩება კრიმინალების ხელში და არავინ იცის სად ამოგიტივტივდებათ. პრაქტიკულად თქვენს სულს ჰყიდით და ჰყიდით ძალიან იაფად. კომპიუტერს და ენას თუ ასე კარგად ფლობთ, სხვა მიმართულებით გამოიყენეთ თქვენი ნიჭი, ისწავლეთ; წადით საზღვარგარეთ, პატიოსნად იმუშავეთ. ვიცი ძნელია, გრძელი გზაა, მაგრამ ნუ დახარბდებით იოლ ფულს. მაგ მოჩვენებით სიიოლით გაგხრწნიან ბოროტი ხვადაგები და მერე მოგისვრიან, სამუდამოდ უმომავლოდ დაგტოვებენ. თქვენი ცოდვა მიეცა იმათ, ვინც საქართველო ევრაზიის “სამორინედ” და “ბორდელად” აქცია.”
პოსტის ავტორი, ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი, მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი, ზურაბ გურული.