შეძლებს თუ ვერა „ოცნება“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესის ბოლომდე მიყვანას და საერთოდ, არის თუ არა საბოლოო მიზანი – სალომე ზურაბიშვილის პოსტიდან გადაყენება? – „ქართული ოცნება“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას თავისთვის არახელსაყრელი საპარლამენტო არითმეტიკის ფონზე იწყებს.
ამ ეტაპზე ჩანს, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის აუცილებელი 100 მანდატი არც დამოუკიდებლად აქვს და არც თანამოაზრე დეპუტატებთან ერთად. თუმცა ოპოზიციის წევრები არაფერს გამორიცხავენ.
პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება 1 სექტემბერს „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდა. ვარაუდობენ, რომ მმართველი პარტია ჩქარობს, მაგრამ გზად ბევრი წინააღმდეგობაა მოსალოდნელი.
ამასობაში კი, პრეზიდენტი ევროპულ ტურნეს განაგრძობს.
მოგროვდება 100 ხმა?
იმისთვის, რომ იმპიჩმენტის პროცესი ბოლომდე მიიყვანოს – „ქართულ ოცნებას“, სულ ცოტა, 100 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდება, რაც ამ ეტაპზე ძნელი წარმოსადგენია.
- „ოცნებისა“ და მისი განაყოფის – „ხალხის ძალის“ ერთობლივ საპარლამენტო უმრავლესობაში სულ 84 დეპუტატია;
- იმპიჩმენტის პროცედურისთვის მათ 16 მანდატი აკლიათ.
საქართველოს პარლამენტი ამჟამად ნაკლულია და 150-ის ნაცვლად, 140 დეპუტატს ითვლის. აქედან 56 დეპუტატი ოპოზიციას წარმოადგენს, თუმცა სპექტრი ჭრელია.
ოპოზიციის დიდი ნაწილი თითქმის დარწმუნებულია, რომ – „ქართული ოცნება“ კიდევ 4 ხმას – მის მიმართ მუდამ ლოიალური „ევროპელი სოციალისტებისგან“ მიიღებს. ამ პარტიის თავმჯდომარე, ფრიდონ ინჯია პრეზიდენტს მწვავედ უპირისპირდებოდა.
თუ ეს ასე იქნება, „ოცნებას“ კიდევ 12 ხმის მოძიებისთვის მოუწევს ზრუნვა.
„იმპიჩმენტის შანსია 0 პროცენტს უტოლდება. გამორიცხულია 12 ხმის მოძებნა ოპოზიციურ ფლანგზე. თავად ფორმულირებაა საინტერესო – პრეზიდენტს იმპიჩმენტს უცხადებენ ევროკავშირში წასვლისა და კანდიდატის სტატუსის საკითხზე ევროპელ ლიდერებთან შეხვედრის გამო. ეს პირდაპირ ასხამს წყალს რუსეთის ინტერესებზე. თუ სტატუსს ვერ მივიღებთ, ეს იქნება რუსეთის სრული გამარჯვება. ახლა პრეზიდენტის იმპიჩმენტის მხარდაჭერა ქვეყნის ღალატს ნიშნავს“, – ეუბნება რადიო თავისუფლებას პოლიტიკური ჯგუფის, “ევროოპტიმისტების” თავმჯდომარე, დეპუტატი რომან გოცირიძე.
ამ ეტაპზე ყველა ფრაქციისა თუ პოლიტიკური ჯგუფის პოზიცია ჯერ ისევ არ არის გარკვეული.
რაც ზუსტად ცნობილია, იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერენ: „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“, „გირჩი“, „საქართველოსთვის“, “რესპუბლიკური პარტია”, „სტრატეგია აღმაშენებელი“, უფრაქციო არაერთი პარლამენტის წევრი. რადიო თავისუფლება ვერ დაუკავშირდა ალეკო ელისაშვილის „მოქალაქეებს“.
იმპიჩმენტის თემაზე დისკუსიებში ნაწილი დარწმუნებულია, რომ „ოცნება“სალომე ზურაბიშვილისთვის პრეზიდენტის უფლებამოსილების ჩამორთმევას ჩქარობს. ერთი ვერსიით, ეს შიში პატიმარი ექსპრეზიდენტის – მიხეილ სააკაშვილის შესაძლო შეწყალების საკითხს უკავშირდება და ამ პროცესის ხელშესაშლელად, „ოცნება“ არც დეპუტატების “გულუხვ მოსყიდვაზე” დაიხევს უკან.
თავად მიხეილ სააკაშვილი 1 სექტემბერს, ფეისბუკზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერს, რომ „ეს წარმოდგენები, რომელიც პრეზიდენტის ევროპაში გაშვება-არგაშვებასთანაა დაკავშირებული, არის ოლიგარქის დადგმული სპექტაკლი“ და „შულერის სვლებია, რომელიც მთავარი თემებიდან ყურადღების გადატანას ემსახურება“.
გამოჩნდებიან თუ არა მოულოდნელი მომხრეები?
გიორგი გახარიას პარტიის – „საქართველოსთვის“ პოლიტიკური მდივანი, ბერდია სიჭინავა არ გამორიცხავს, რომ „ქართულ ოცნებას“ მოულოდნელად სხვა მხარდამჭერებიც გამოუჩნდნენ, როგორც ეს იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოში სამი არამოსამართლე წევრის არჩევისას, მაისში.
მაშინ ამ სადავო საკითხისთვის ხმის მიცემის გამო, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ დატოვა ოთხმა დეპუტატმა – ნიკა მაჭუტაძემ, ნატო ჩხეიძემ, როსტომ ჩხეიძემ და ბაჩუკი ქარდავამ. ხმის მიმცემი მეხუთე დეპუტატი – დილარ ხაბულიანი „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციას უფრო ადრე, 2021 წელს გამოეთიშა.
ამ ჩამონათვალიდან, დეპუტატმა როსტომ ჩხეიძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ უთხრა, რომ იმპიჩმენტს არ დაუჭერს მხარს, რადგან პრეზიდენტი საქართველოს ევროპული/დასავლური მომავლისთვის მეტი მხარდაჭერის მობილიზებას ცდილობს და „ამის წინააღმდეგი თუ ვინმეა, ეს უბრალოდ დანაშაულია“.
ამჟამად „ნაციონალური მოძრაობის“ ბლოკს პარლამენტში 20 დეპუტატი ჰყავს.
პარტიის გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა 1 სექტემბერს განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის წამოწევა „ევროპული ინტეგრაციის საბოტაჟს“ წარმოადგენს, მაგრამ მარცხისთვის არის განწირული და ხელისუფლება ახლა იმპიჩმენტის თემას მნიშვნელოვანი საკითხების გადასაფარად იყენებს.
ოპოზიციური სპექტრის დიდი ნაწილი დღეს სწორედ ევროპული ინტეგრაციის საბოტაჟზე ლაპარაკობდა.
პარტიის „საქართველოსთვის“ პოლიტიკური მდივანი, ბერდია სიჭინავა რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ “იმპიჩმენტის საკითხით „ოცნება“ ზრდის პოლარიზაციას მაშინ, როცა დეპოლარიზაცია ერთ-ერთი უმთავრესი პუნქტია ევროკომისიის 12 რეკომენდაციაში [რომელთა შესრულებაც აუცილებელია კანდიდატის სტატუსის მისაღებად]”.
ვიდრე საკითხი კენჭისყრამდე მივა
კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრის უფლება აქვს “პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს” – “კონსტიტუციის დარღვევის ან ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობის საფუძვლით”.
ამისთვის „ოცნებას“ თავისუფლად ეყოფა მანდატები.
ამის შემდეგ “საკითხი გადაეცემა საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელიც მას განიხილავს და პარლამენტს დასკვნას წარუდგენს ერთი თვის ვადაში”.
კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში, საკითხის განხილვის დროს, მწვავე დისკუსიებს მოელის და ვარაუდობს, რომ „ქართულ ოცნებას“ არაერთი პრობლემა შეხვდება, მათ შორის – პროცედურასთან დაკავშირებით.
„პრეზიდენტის წარმომადგენელი სასამართლოში ხომ დასვამს კითხვას – კი მაგრამ, ვინც უფლებამოსილია, რომ ედავოს პრეზიდენტს კონსტიტუციაზე [მთავრობა], ის არ ედავება და საპარლამენტო უმრავლესობა რატომ დავობსო?! და რა იქნება პასუხი?!“ – ალაფიშვილი ასევე განმარტავს, რომ – „ახალ კონსტიტუციურ მოდელში, სანამ კომპეტენციური დავის წარმოების საშუალება არის, იმპიჩმენტის პროცედურა არ უნდა დაიწყოს – წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიტიკური თამაშია“.
ჩამონათვალშია სხვა მოსალოდნელი პრობლემებიც:
- საერთაშორისო ნორმებთან შეუსაბამობა – „საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ ვენის 1969 წლის კონვენციის თანახმად, პრეზიდენტს, პრემიერსა და საგარეო საქმეთა მინისტრს, ნებართვის გარეშე შეუძლიათ საერთაშორისო დონეზე წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შესრულება, ქვეყნის კონსტიტუციის მოთხოვნების მიუხედავად. [არსებობს ჰააგის მართლმსაჯულების სასამართლოს პრეცედენტი – „ავსტრალია და ახალი ზელანდია საფრანგეთის წინააღმდეგ“].
- მტკიცებულებების შეგროვება – “ოცნებას” შეიძლება გერმანული მხარისთვის სალომე ზურაბიშვილისა და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის საუბრის სტენოგრამის ან კონფიდენციალური ნაწილის გასაჯაროების მოთხოვნა მოუწიოს, რაც „სრული ნონსენსი და კატასტროფა იქნება“.
სხვადასხვა დროს იმპიჩმენტის საკითხზე მსჯელობისას, ექსპერტები რადიო თავისუფლებას ეუბნებოდნენ, რომ ეს პროცესი მარცხით დასრულდება და მხოლოდ სალომე ზურაბიშვილის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა “ოცნების” ხელისუფლება სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს.
რას ედავება „ოცნება“ პრეზიდენტს?
„ქართული ოცნება“ პრეზიდენტ ზურაბიშვილს კონსტიტუციის იგნორირებაში სდებს ბრალს – რადგან სალომე ზურაბიშვილი მთავრობის ნებართვის გარეშე გაემგზავრა ევროპულ ტურნეში.
პრეზიდენტისადმი მთავარ ბრალდებად და ვიზიტებზე უარის თქმის საფუძვლად „ოცნება“ ასახელებს პრეზიდენტის მიერ, 31 მარტს, პარლამენტის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებებს. ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას, პრეზიდენტმა მაშინ თქვა, რომ საჭიროა ევროკავშირის 12 რეკომენდაციის „ფორმალური შესრულებიდან“ საქმეზე გადასვლა.
„ოცნება“ აცხადებს, რომ პრეზიდენტმა 12 რეკომენდაცია შეუსრულებლად გამოაცხადა, რითაც – „პირდაპირ დაუპირისპირდა ჩვენს ევროპულ პერსპექტივას“. ხოლო ახლა ის უკვე თვითნებურ ვიზიტებს მართავს, კონსტიტუციის გვერდის ავლით.
„საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ერთადერთი კონსტიტუციური ორგანო, ვინც საგარეო პოლიტიკას აწარმოებს, მთავრობაა. შესაბამისად, მხოლოდ მთავრობის თანხმობით შეიძლება, პრეზიდენტი ჩაერთოს საგარეო პოლიტიკური ამოცანების გადაჭრაში. სხვა შემთხვევაში, პრეზიდენტი მოკლებულია ყოველგვარ შესაძლებლობას, რაიმე როლი შეასრულოს საგარეო პოლიტიკის წარმოებაში. ეს არის ძალიან ლოგიკური ჩანაწერების ერთობლიობა, რაც საქართველოს კონსტიტუციაშია“, – განაცხადა 1 სექტემბერს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.
საკითხს ასე ცალსახად არ ხედავს კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი და პრეზიდენტის უფლებამოსილებაზე მსჯელობისას, გეოგრაფიულ შემადგენელზეც აკეთებს აქცენტს.
„წარმოიდგინეთ, რომ იგივე შარლ მიშელი [ევროპული საბჭოს პრეზიდენტი] და გერმანიის პრეზიდენტი [ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი] საქართველოში ჩამოვიდნენ და პრეზიდენტ ზურაბიშვილს ხვდებიან. მთავრობის თანხმობა სჭირდებათ? არა! საქართველოს პრეზიდენტი საქართველოში და საქართველოს პრეზიდენტი გერმანიაში სხვადასხვაა, სტატუსის თვალსაზრისით?! არ არის სხვადასხვა! ამიტომ დავის შინაარსი ის გამოდის, რომ პრეზიდენტს საზღვრის გადაკვეთა არ შეუძლია“, – ეუბნება ალაფიშვილი რადიო თაავისუფლებას და ამატებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვების დროს, „ქართული ოცნება“ „ამ ლოგიკაში გაიხლართება“.
რადიო თავისუფლება