ოზურგეთში ველო-მარათონი გაიმართა, რომელშიც ოზურგეთის მერთან, ავთანდილ თალაკვაძესთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს სპორტსმენებმა და ველომოყვარულებმა, მათ შორის უცხოელმა სტუმრებმა.
ოზურგეთის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მარათონის მონაწილეებმა სტარტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირიდან – ბახმაროს მიმართულებით აიღეს.
„დღეს სპორტსმენებთან და ველომოყვარულებთან ერთად სოფელ მთისპირის გავლით ბახმაროს მიმართულებით ავიღეთ სტარტი. ეს პროექტი ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას, ახალგაზრდების სპორტში ჩართვას, ველოსპორტისა და გურიის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციას დაეხმარება. მადლობას ვუხდი „კავკასიის ველო ქსელს“ მხარდაჭერისთვის. მადლობა სპორტსმენებს და ჩვენს თანამოქალაქეებს ამ კამპანიაში ჩართვისთვის და ველო მარათონში მონაწილეობისათვის“,- აღნიშნა ოზურგეთის მერმა.