ეკოლოგია, კლიმატი, განახლებადი ენერგიები და უსაფრთხოება  – ბახვი ჰესის ტრენინგები განახლდა  

2023 წლის სექტემბრის თვიდან, შპს ბახვი ჰესის მიერ, ადგილობრივმოსახლეობასთან შეთანხმებული სოციალური პროგრამის  საგანმანათლებლო  პროექტების ფარგლებში, არაფორმალური სახის სასწავლო ტრენინგ კურსი მთისპირისა და ჩხაკაურას სკოლებში განახლებული პროგრამით დაიწყო. პროგრამას 2023 წლიდან დაემატა ისეთი საკითხები, როგორიცაა ინფორმაცია კლიმატის ცვლილების შესახებ და მისი მართვა, ეკოლოგია,  ბუნებრივი კატასტროფების ამოცნობის ნიშნები და  საჭირო უსაფრთხოების ზომების გატარება. გასულ წლებთან შედარებით, სწავლება მიმართულია მოსწავლეების გაცილებით მეტი ჩართულობაზე. სწავლების მიზანია,  მთისპირისა და ჩხაკაურას საჯარო სკოლების IX, X, XI, XII კლასების მოსწავლეებში, ცნობიერების ამაღლება შემდეგ საკითხებზე: როგორ ვუფრთხილდებით გარემოს და როგორ ვიყენებთ ბუნებრივ რესურსებს გონივრულად; ნარჩენების მართვა და მისი აუცილებლობა;  პროექტების წერის უნარების გამომუშავება; რეციკლირება და მისი აუცილებლობა კლიმატის ცვლილების კონტექსტში; სტიქიური მოვლენებისა და ბუნებრივი კატასტროფების შესახებ ინფორმაციის მიწოდება; სტიქიური მოვლენების დროს ქცევისა და უსაფრთხოების წესების შესახებ ცნობიერების ამაღლება; ენერგოუსაფრთხოებისა და ბუნებრივი რესურსების შესახებ წარმოდგენის შექმნა; გარემოს შემადგენელი ელემენტების, მათ შორის არსებული კავშირებისა და გარემოსდაცვითი პრობლემების შესახებ ინფორმირება.

„ყოველ წელს ვფიქრობთ იმ ახალ მიმართულებებზე გარემოს დაცვის კუთხით, რომელიც აქტუალური ხდება მსოფლიოში. შესაბამისად, ვაახლებთ პროგრამას, რათა მან უპასუხოს თანამედროვე გამოწვევებს. ჩვენი განახლებული სალექციო კურსის მეშვეობით,  მოსწავლეებს მიეწოდებათ ინფრმაცია მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე. იმედი გვაქვს, ისინი  ყოველდღიურ ცხოვრებაში შემოიტანონ და დანერგავენ ახალ ჩვევებს, რითაც გაუფრთხილდებიან ბუნებას, ცოდნას სხვებსაც გაუზიარებენ, მაგალითად მეგობრებს, უმცროს და-ძმებს, ოჯახის წევრებს“ – განაცხადა დავით კობერიძემ, ბახვი ჰესის გარემოს დაცვისა და სოციალური საკითხების მენეჯერმა,

ბახვი ჰესის მოცემული საგანმანათლებლო პროგრამა 2023 წლის სექტემბრიდან 2024 წლის ივლისამდე განხორციელდება და  და მოიცავს 11 შეხვედარს, ასევე,  ერთ ექსკურსიასა და პრეზენტაციას, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებს გადაეცემათ სერტიფიკატები. გარემოს დაცვით საფუძვლებსა და განახლებადი ენერგიის მოდულს წარუძღვება გიორგი ბერეჩიკიძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის მოვლა-აღდგენის დეპარტამენტის ტყის დაცვის სამმართველოს უფროსი; კომუნიკაციების შესახებ  შეხვედრას ჩაატარებს ხათუნა იოსავა, საზოგადოებასთან ურთიერთობის ექსპერტი, კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი 2015 წლიდან. კომუნიკაციის ლექციის ფარგლებში, ახალგაზრდები ბევრს გაიგებენ მედიაზე და მის როლსა და ფუნქციაზე საზოგადოებაში, ასევე, ისწავლიან როგორ განასხვავონ ნამდვილი და „ფეიკ“ ანუ გამოგონილი, გაყალბებული ამბავი ერთმანეთისგან.

ბახვი ჰესი მდინარე ბახვისწყალის ხეობაში ბახვი 1 და ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურების განმავითარებელი კომპანიაა. კომპანიის სოციალური პროგრამირების საგანმანათლებლო ნაწილის ერთ-ერთი კომპონენტია განახლებად ენერგიებსა და გარემოსდაცვით საკითხებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით შემუშავებული ტრენინგები მთისპირისა და ჩხაკაურას უფროსკლასელთათვის. პროექტი 2022 წლის გაზაფხულიდან არსებობს და უკვე მეოთხე სემესტრია რაც წარმატებით ტარდება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share