ცხინვალის რეგიონში გმირულად დაღუპულ საქართველოს ეროვნულ გმირს, ზაზა დამენიას, დღეს, 51 წელი შეუსრულდებოდა.
დილიდან ხალხმრავლობაა დღეს ზაზა დამენიას საფლავთან.
აქ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლები, რუსეთ საქართველოს ომის ვეტერანები, საზოგადოების წარმომადგენლები, ზაზა დამენიას მეგობრები და ოჯახის წევრები შეიკრიბნენ.
გმირის საფლავი გვირგვინებით შეამკეს ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატებმა”ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”.
ზაზა დამენია – საქართველოს ეროვნული გმირი
დაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი.22 ოქტომბერი, 1972
სწავლობდა ქ. ყაზანის სამშენებლო ინსტიტუტში 1990-1992წწ., დაამთავრა (დაუსწრებლად) საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბათუმის ფილიალი სამრეწველო სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 2003 წელს.
1992 წლიდან მსახურობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების სადაზვერვო ბატალიონში; 1993 წელს იბრძოდა აფხაზეთში; 1995 წელს იყო გურიის სამხარეო შს სამმართველოს განსაკუთრებულ დავალებათა სამსახურის უზრუნველყოფის ჯგუფის უფროსი; 2002 წლიდან მსახურობდა ვაზიანის XI კომანდოს ბატალიონის მე–3 ასეულში; 2004 წელს ვაზიანის XI ბატალიონი გადაიყვანეს ცხინვალის რაიონში ქართული სოფლების დასაცავად; 16 აგვისტოს დაიღუპა მოწინააღმდეგე მხარის ერთ–ერთი შეტევის დროს (გადაეფარა ხელყუმბარას და საკუთარი სიცოცხლის ფასად თანამებრძოლები დაღუპვისაგან იხსნა); ოზურგეთის სკოლას სადაც იგი სწავლობდა მისი სახელი ეწოდა.