„ყველანი ერთთავად, აღმოვჩნდით პოლიტიკურ წუმპეში, მიუხედავად იმისა, ვის რა აზრი გვაქვს,“ – ამ განცხადებას ეთნიკურ და კონფესიურ ურთიერთობათა ცენტრის ხელმძღვანელი, ლელა ჯეჯელავა „რეაქციაში“ აკეთებს.
ჯეჯელავა ევროკომისიის მოსალოდნელ დასკვნასა და ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე საუბრობს. ჯეჯელავა პარლამენტში ბოლო სამი დღის განმავლობაში “ქართული ოცნების” დეპუტატები ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების მისამართით გაკეთებული განცხადებების გამო გააკრიტიკა. ჯეჯელავას შეფასებით, უხამსობა “ოცნებამ” ნორმად აქცია და მან გაიხსენა პრემიერ ღარიბაშვილის მხრიდან ქალი მინისტრის უხამსი სიტყვებით მოხსენიება, ასევე პრემიერ კვირიკაშვილის მიერ ნიკა მელიას შეურაცხყოფა პარლამენტში.
”ამ ეტაპზე არანაირი პოლიტიკური პროცესი, სამწუხაროდ, არ მიმდინარეობს. ყველანი ერთთავად, აღმოვჩნდით პოლიტიკურ წუმპეში, მიუხედავად იმისა, ვის რა აზრი გვაქვს, იძულებულები ვართ, რომ ვიყოთ ამ პოლიტიკური ჭაობის ბინადარი, ჯერჯერობით, ვერ ვშველით თავს, რომ აქედან ამოვიდეთ, მიმაჩნია, რომ საკმარისი ძალისხმევა არ გვაქვს ჩადებული.
ეს კი არის ჩვენი ქართველების იდენტობის ნაწილი – დასავლური ცივილიზაცია, მაგრამ სამწუხაროდ, 200-წლიანი და მეტი რუსული უღლის ქვეშ ყოფნამ, ჩვენთან რაღაც ტიპის სახეობა ჩამოაყალიბა, მუტირებული – გრუზინს რასაც ვეძახით ჩვენ, რომელიც აბსოლუტურად არ გაქვს არც თავისი ცნობიერებით, არც შინაგანი კულტურით იმას, რაც იყო ქართველი და ამის მაგალითებს ვხედავ, რაც იყო პარლამენტში, ეს იყო ყველაფერი, რასაც არ აქვს ქართველობასთან, შესაბამისად, არ აქვს კავშირი ევროპულობასთან და ცივილიზაციასთან.
ძალიან ძნელია ელაპარაკო იმ ადამიანებს ქართულ ტრადიციებზე, თანამედროვე კინტოების მდგომარეობაში – რაღაც გამოფენა ამ კეთილდღეობისა, აქსესუარებიდან დაწყებული ბრენდული ტანსაცმელი და ამით საკუთარი იდენტობის წარმოჩენა – არა განათლების ის ხარისხი, რომლითაც შეიძლება თავი წარმოაჩინონ, არა პროფესიონალიზმი, რომლითაც შეიძლება საზოგადოებას თავი მოაწონო, რითიც მათ შეუძლიათ საკუთარი უპირატესობა აგრძნობინონ, ერთადერთი ეს მატერიალური სიკეთეები, თავი რომ დავანებოთ იმას, რა გზით მოიპოვეს,“ – ამბობს ჯეჯელავა.