ალუდა ღუდუშაურის წლიური ხარჯი მის წლიურ შემოსავალს მნიშვნელოვნად აჭარბებს. ციფრები ქონებრივ დეკლარაციაშია მითითებული. მათი დაჯამება ბალანსს არ იძლევა. გადაჭარბება დაახლოებით 200 ათასი ლარია, ეს მაშინ როცა დეპუტატის ხელფასი დაახლოებით 3 ათას 800 ლარია თვეში, წელიწადში კი 46 ათას 300-ია.
სექსისტური და შეურაცხმყოფელი განცხადებების გაკეთება პარლამენტში ბოლო დროს დეპუტატ ალუდა ღუდუშაურის მთავარი საქმიანობაა, ალბათ გასაკვირიც არ იქნება რომ ამის გამო მისი როგორც პოლიტიკოსის უარყოფითი რეიტინგი იზრდება.
არადა ალუდა ღუდუშაური პროფესიით იურისტია, სანამ დეპუტატი გახდებოდა წლების განმავლობაში ჯერ ყაზბეგის პოლიციაში მუშაობდა, შემდეგ კი თბილისში, საადვოკატო საქმიანობას ეწეოდა. პოლიტიკური კარიერის დაწყებაში სანქცირებული მოსამართლე ირაკლი შენგელია დაეხმარა. ის ალუდა ღუდუშაურის ცოლის ბიძაა და ქართულ ოცნებაში მოსახვედრად რეკომენდაციაც სწორედ მან გაუწია.
ალუდა ღუდუშაური დეპუტატი 2020 წელს გახდა, როგორ შეიცვალა ამის შემდეგ პოლიტიკოსის შემოსავლები ვცადეთ მის მიერვე შევსებული დეკლარაციით გაგვერკვია.
ალუდა ღუდუშაურის წარმოდგენილი ციფრების თანახმად გასულ წელს ოჯახის წლიური ხარჯი შემოსავალს მინიმუმ 200 000 ლარით აჭარბებს, ამის პარალელურად კი იმატებს დეპუტატის დანაზოგი დოლარში. ამავე დეკლარაციის თანახმად, გასულ წელს დეპუტატმა შეიძინა 98 ათას 670 ლარად ღირებული მშენებარე ბინა, მაგრამ დეკლარაციაში არაფერი წერია ბინის მისამართისა და კვადრატულობის შესახებ.
ალუდა ღუდუშაურმა დეკლარაცია სამჯერ შეავსო, სამივე დოკუმენტში უცვლელად ფიქსირდება 4 უძრავი ქონება, 2 ბინა შარტავას ქუჩაზე, ერთი მათგანი, რომელშიც დეპუტატი თავად ცხოვრობს დედამ აჩუქა, მეორე ბინას ოჯახი აქირავებს.
დეკლარაციაში აღრიცხულია მიწის ნაკვეთი მცხეთაში, სოფელ წეროვანში. წელს დეპუტატმა აქ კიდევ ერთი მიწის ნაკვეთი იყიდა, შესაბამისად უძრავი ქონება შარშანდელ დეკლარაციაში ვერ მოხვდა, ამიტომ არ ვიცით ზუსტად რამდენი გადაიხადა დეპუტატმა, მაგრამ საჯარო რეესტრის მონაცემებით მას წეროვანში 2 ათასი კვადრატული მეტრის ტერიტორია ეკუთვნის. ადგილზე მისულებს შემოღობილი დაგხვდა მიწის ის ნაწილიც, რაც დოკუმენტების მიხედვით არა ლუდა ღუდუშაურის, არამედ სახელმწიფოს საკუთრებაა.
დეკლარაციაში შეტანილია მის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი სოფელ თოთშიც, სადაც ალუდა ღუდუშაურის მამა კიდევ 2 მიწის ნაკვეთს ფლობს. მურად ღუდუშაურმა 2021 წელს იყიდა 1500 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი კურორტ გუდაურში. ჩვენი ინფორმაციით, ოჯახი სასტუმროს აშენებას გეგმავს. დეპუტატის ოჯახის ქონებასა და მისი, როგორც პარლამენტარის კარიერაზე კითხვების დასასმელად ყაზბეგში ღუდუშაურების სახლში მისულებს დეპუტატის მამა დაგვხვდა.
უტაქტობა ალუდა ღუდუშაურის ერთადერთი პრობლემა არ არის, მან გაზაფხულზე ხელი მოაწერა რუსულ კანონს, იზიარებს “ხალხის ძალის” იდეებს და გამუდმებით თავს ესხმის ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, განსაკუთრებით კი ამერიკის შეერთებულ შტატებს, არადა დეკლარაციაში წერია, რომ მისი ორივე შვილი ამერიკაში დაიბადა, შესაბამისად ის ამერიკის მოქალაქეების მამაა და იქ დასასვენებლადაც ხშირად დადის.
რუსული კანონის ხელმოწერისა და დასავლეთზე თავდასხმის შემდეგ ახლა ალუდა ღუდუშაურის, როგორც ქართული ოცნების დეპუტატის ერთადერთი დანიშნულება საპარლამენტო ტრიბუნიდან განსაკუთრებით უტაქტო და უხამსი განცხადებების გაკეთებაა. უცნობია უწონებს თუ არა ამგვარ პოლიტიკურ აქტივობას ალუდა ღუდუშაურს რეკომენდატორი. ირაკლი შენგელია სიძეზე საჯარო საუბარს ერიდება. თუმცა ახლა მასაც საკუთარი სადარდებელი აქვს. ამერიკაზე შეყვარებულ ირაკლი შენგელიას სანქცირების შემდეგ არდადეგებისთვის სხვა ქვეყნებში მოგზაურობა მოუწევს.