„15 დეკემბრამდე არ უნდა მივცეთ არავითარი პროვოკაციის უფლება, არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ შემოატრიალონ ბედი,“ – ასე ეხმაურება მანანა ნაჭყებია „რეაქციაში“ ევროკომისიის დადებით რეკომენდაციას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.
როგორც ნაჭყებია ამბობს, მთავარია, რომ საზოგადოების განწყობა არჩევნებზე უნდა აისახოს. ნაჭყებია არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლებამ სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილების შეცვლა სცადოს.
”სულ ტყუილად ჰგონია „ქართულ ოცნებას“, რომ მათ ვინმე უჯერებს. გუშინდელმა დღემ დაგვანახა, რომ „ქართული ოცნების“ საუბარი ქართული საზოგადოებისთვის პრაქტიკულად, ნულის ტოლია.
მე დავინახე ხალხი, რომელიც მზად არის, მიუხედავად იმისა, რას გააკეთებს ხელისუფლება, დაიკაპიწოს ხელები, რომ ბოლომდე მივიდეს საქმე.
მე ასე მგონია, რომ უნდა ავიტაცოთ საზოგადოების ფანტასტიკური განწყობა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ბოლომდე მივიყვანოთ საქმე. 15 დეკემბრამდე არ უნდა მივცეთ არავითარი პროვოკაციის უფლება, არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ შემოატრიალონ ბედი და ის, რომ საქართველოს ბედი გამოკვანწულია და გემი დაძრულია, ეს გახდეს რეალობა,“ – ამბობს ნაჭყებია