რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას აზრით, “რუსეთს სომხეთი ხელიდან ეცლება და ამ ყველაფერს უკან დასავლეთი დგას”. ამ განცხადებით ის სომხეთის პრემიერის, ნიკოლ ფაშინიანის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომელმაც “კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის” ბოლო სამიტზე დელეგაციის გაგზავნაზე უარი თქვა.
ზახაროვამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ფაშინიანის არყოფნა “კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის” სამიტზე სომხეთის ბოლოდროინდელ ანტირუსულ მოქმედებათა “ჯაჭვის” ბოლო ნაბიჯია.
“ცხადია, ამ ყველაფრის უკან დასავლეთი დგას. დასავლეთს, რომლის გეგმებიც უკრაინაში ჩავარდა, ახლა უნდა სომხეთს ჩაეჭიდოს და იგი რუსეთს ჩამოაშოროს,” – ამბობს ზახაროვა.
ფაშინიანის აღნიშნული გადაწყვეტილება კრემლმა შეაფასა, როგორც სომხეთის ბოლო ანტირუსული ნაბიჯი, რომელიც მათი წარმოდგენით, დასავლეთის მიერაა ორკესტრირებული.
შეგახსენებთ, რომ რუსეთი და სომხეთი ფორმალურად პარტნიორ ქვეყნებად მიიჩნეოდნენ, თუმცა ბოლო დროს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების სიმყარე ერევანმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა; ამის ნაცვლად კი დასავლეთთან ურთიერთობების გაღრმავებაზე დაიწყო მუშაობა.
დღეს კი, 15 ნოემბერს, ფაშინიანმა სომხეთის პარლამენტში განაცხადა, რომ “კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ” სომხეთის ინტერესების ბევრჯერ არ დაიცვა. მას ასევე განაცხადა, რომ სომხეთი უსაფრთხოების გარანტიების ძიებას სხვაგან ეცდება, თუმცა ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს, დატოვებს თუ არა იგი რუსეთის მიერ მართულ “კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას.”
ცნობისთვის, “კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია” რუსული სამხედრო ალიანსია, რომელიც 1992 წელს დაარსდა. ამჟამად ორგანიზაციის წევრები არიან რუსეთი, ბელარუსი, სომხეთი, ტაჯიკეთი, ყაზახეთი და ყირგიზეთი. აღნიშნული ორგანიზაციის წევრი საქართველო 1994-1999 წლებში იყო.