ბრიტანული ჟურნალი „ეკონომისტი“ (The Economist) თავის ვებგვერდზე აქვეყნებს ვრცელ ანალიტიკურ სტატიას სათაურით – „ყველგან და ერთდროულად: ღაზადან უკრაინამდე ომები და კრიზისები ფართოვდება. დასავლელი ჩინოვნიკების აზრით, ომი კიდევ 5 წელიწადს გაგრძელდება“.
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
„ამჟამად მსოფლიოში არასასიამოვნო პერიოდია. არსებობს საფრთხე, რომ ისრაელსა და პალესტინელ „ჰამასს“’ შორის დაწყებული ომი მთელ ახლო აღმოსავლეთში გავრცელდეს, ხოლო ორივეს ზურგს უკან ამერიკა და ირანი იქნებიან. უკრაინის ომი, რომელიც 1945 წლიდან ევროპაში მომხდარ უდიდეს შეიარაღებულ კონფლიქტს წარმოადგენს, დასასრული არ უჩანს. ჩინეთის არმიის ავიაცია და ხომალდები ტაივანს ემუქრებიან, სადაც ამ დღეებში არჩევნები უნდა ჩატარდეს. ბოლო კვირებში მალიში, მიანმარში და სუდანში „დაკონსერვებული“ ძველი კონფლიქტები ისევ გამწვავდა…
მაგრამ განსხვავება ისაა, რომ დღეს ამერიკა და მისი მოკავშირეები ისე იოლად და უშუალოდ ვეღარ ერთვებიან კონფლიქტებში, როგორც ამას ადრე აკეთებდნენ. მათ დღეს ისეთი მოწინააღმდეგეები ჰყავთ, რომლებიც ადრე, ცივი ომის დროს, ერთმანეთთან მეტოქეობდნენ, ახლა კი თანამშრომლობენ – ჩინეთი და რუსეთი. ფაქტობრივად, მათ გვერდით დგანან თითქოსდა „მიუმხრობელი“ ქვეყნები – ინდოეთისა და თურქეთის ჩათვლით. მოსკოვისა და პეკინის გვერდით, ასევე, დგანან „გლობალური სამხრეთის“ სახელმწიფოთა უმრავლესობა…
როგორი პერსპექტივა აქვს ასეთ ფონზე რუსეთ-უკრაინის ომს?
დასავლელი ჩინოვნიკები სულ უფრო ხშირად გამოთქვამენ ვარაუდებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომი კიდევ ხუთი წლის განმავლობაში გაჭიანურდება, იმის გათვალისწინებით, რომ არც მოსკოვი აპირებს უკანდახევას და არც კიევი აპირებს ჩაბარებას. თანაც არც ერთს სტრატეგიული გარღვევის განხორციელება არ შეუძლია.
უკრაინაში მიმდინარე ომი არა მარტო იმის თვალსაჩინო მაგალითია, თუ რა დიდი რაოდენობით იხარჯება საბრძოლო მასალები დიდ ომებში, არამედ იმისაც, თუ რამდენად მცირე ყოფილა იარაღის დასავლური არსენალები და რაოდენ რთულია მათი შევსება სწრაფად და ოპერატიულად. დიახ, ამერიკა მკვეთრად ზრდის 155-მილიმეტრიან საარტილერიო ჭურვების წარმოებას, მაგრამ მათი რაოდენობა 2025 წელს, ალბათ, მაინც ცოტა იქნება იმაზე, რაც რუსეთს ექნება 2024 წელს. მოკლედ რომ ვთქვათ, აშშ ერთი წლით ჩამორჩება რუსეთს საარტილერიო საბრძოლო მასალების წარმოებით.
იარაღთან დაკავშირებით შექმნილი მძიმე სიტუაცია უკრაინისა და ისრაელის ომებს უკავშირდება, თუმცა, თუ დავაკვირდებით, ეს ორი ომი სხვადასხვა სახისაა და მათში სხვადასხვა იარაღი გამოიყენება ანუ ისრაელს და უკრაინას, თავიანთი გეგმა-მიზნების რეალიზების დროს სხვადასხვა სახის შეიარაღება სჭირდებათ.
უკრაინისათვის უფრო საჭიროა შორი მოქმედების რაკეტები ყირიმზე დარტყმების განსახორციელებლად, აგრეთვე, ჯავშანტექნიკა, რომ ქვეითმა სახმელეთო ქვედანაყოფებმა წინსვლა გააგრძელონ; კიევს, ასევე, სჭირდება განაღმვის ტექნიკა, რათა რუსების მიერ დანაღმული დიდი ველები გადალახოს;
ისრაელისთვის უფრო უპრიანია ე.წ. გონიერი ბომბები, რომელსაც ავიაცია იყენებს, მათ შორის – ბუნკერსაწინააღმდეგო ბომბებიც, რადგან ისრაელს „რკინის გუმბათის“ სისტემის ჰაერსაწინააღმდეგო დაცვა აქვს, მას დასჭირდება ისეთი რაკეტა-დამჭერები, რომლებიც მოწინააღმდეგის („ჰამასის“ ან „ჰეზბოლას“) მიერ გაშვებულ რაკეტებს გზას გადაუჭრის და ჩამოაგდებს. ასეთი რაკეტები ძალიან სწრაფად იხარჯება, მათი წარმოება კი რთულია.
მაგრამ არის დამთხვევებიც იარაღის სახეობების მოთხოვნა-სარგებლობაში: გასულ წელს აშშ-მა უკრაინისათვის ჭურვების მიცემის მიზნით, ისრაელში არსებული საწყობები დააცარიელა და საბრძოლო მასალები თავისთან გადაიტანა, მაგრამ ოქტომბერში, როცა ისრაელ-„ჰამასის“ ომი დაიწყო, გატანილი ჭურვების ნაწილი უკან დააბრუნა ანუ ის, რაც უკრაინისთვის მთლიანად უნდა მიეცა, ისრაელს გადაუნაწილა. ორივე ქვეყანა – ისრაელიც და უკრაინაც სარგებლობენ „პატრიოტის“ სისტემის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსით. უკრაინას, სავარაუდოდ, ზამთარში „გზაგადამჭრელი რაკეტები“ დიდი რაოდენობით დასჭირდება, რადგან რუსეთი, რომელიც თვეების განმავლობაში აგროვებდა რაკეტებს, მათ უკრაინის ენერგოობიექტების დასაბომბად გამოიყენებს.
“დღეისათვის, ამერიკას და მის მოკავშირეებს მეტ-ნაკლებად შეუძლიათ ორივე ქვეყნის საჭიროებების დაკმაყოფილება იარაღით, მაგრამ თუ ერთ-ერთი (ან უარეს შემთხვევაში – ორივე) ომი გაჭიანურდება, შეიძლება პრობლემები გაჩნდეს. უფრო მეტად ეს მოხდება უკრაინის ხარჯზე. კიევს კომპრომისებზე წასვლა მოუწევს – ძნელია, საკუთარი თვალით უყურო იმას, თუ როგორ მიდის ისრაელში შენთვის ჰაერივით საჭირო იარაღი, მაგრამ ვერაფერს იზამ… მოკლედ, არ არის გამორიცხული, რომ ზოგიერთი სისტემები, რომლებიც უკრაინას კონტრშეტევისთვის დასჭირდება, იმდენი ვერ მიიღოს, რისი იმედიც კიევს აქვს“, – ამბობს მარკ კანსიანი, ვაშინგტონის სტრატეგიული კვლევების ცენტრის მეცნიერი-თანამშრომელი.
თანამედროვე მსოფლიოში სიურპრიზების უკმარისობა ნამდვილად არ არის. კაცმა რომ თქვას, „ჰამასის“ თავდასხმა აშშ-ისა და ისრაელის სპეცსამსახურებისთვისაც კი მოულოდნელი აღმოჩნდა. ისეთი პირი უჩანს, რომ კონფლიქტები იღვიძებენ კონგოში, ეთიოპიაში და საჰელის ზონაში (აფრიკის საჰარის სამხრეთით მდებარე სავანის რეგიონში). დაძაბულობა მატულობს სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, რომლის აკვატორიას პეკინი თავისად თვლის.
ამერიკა დღეს საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია. შორეულ 1964 წელს, როცა ვაშინგტონი მსგავს სიტუაციაში იყო, ჩინეთის პრემიერ-მინისტრ ჯოუ ენ-ლაის უთქვამს: „აფრიკაში რომ რამდენიმე კონგო იყოს, აზიაში – რამდენიმე ვიეტნამი, ხოლო ლათინურ ამერიკაში – რამდენიმე კუბა, ვაშინგტონს თავისი ხელების ათივე თითის სხვადასხვა ადგილზე გაშლა მოუწევდა… და ჩვენ ყველას სათითაოდ მოვაჭრიდით“.
კვირის პალიტრა