უფასო რუსული დენი ფასიანი გახდა – აფხაზეთი „ბნელი ზამთრის“ საფრთხის წინაშე

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრმა კრისტინა ოზგანმა ე.წ. პარლამენტის საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ რუსეთი აღარ აპირებს უსასყიდლოდ მიაწოდოს სოხუმს ელექტროენერგია, რომლის იმპორტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ზამთრის პერიოდში.

ოზგანის თქმით, დენის მისაღებად საჭირო იქნება ბიუჯეტიდან 900 მლნ რუბლის (დაახლოებით 10 მლნ დოლარის) გამოყოფა, რაც დე ფაქტო რესპუბლიკის ფინანსური შესაძლებლობიდან და მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდის დაბალი კულტურიდან გამომდინარე, იოლი ამოცანა არ იქნება.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკას რუსეთიდან ელექტროენერგიის შეუფერხებელი მიღებისთვის საჩქაროდ (2024 წლის დადგომამდე) სჭირდება 200 მლნ რუბლი, დანარჩენი 700 მლნ რუბლი კი იმპორტის დასრულებამდე უნდა გადაიხადოს.

აფხაზეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის მიწოდება 2023 წლის 5 ნოემბრიდან დაიწყო. რუსული ელექტროენერგიით მარაგდება დე ფაქტო რესპუბლიკის დასავლეთი და ცენტრალური ნაწილები. 2023 წლის ოქტომბერში გამართულ პრესკონფერენციაზე დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ რუსეთი რესპუბლიკას უფასო ელექტროენერგიას აწვდის ზამთრობით, რომელიც აფხაზეთის ენერგოსექტორისთვის ურთულესი პერიოდია. ეს საკითხი ბჟანიამ ვლადიმირ პუტინთან ბოლო შეხვედრაზეც განიხილა. პუტინი თითქოს დაჰპირდა დენის კვლავ უსასყიდლოდ მიწოდებას, მაგრამ…

აფხაზეთის სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანიის „ჩერნომორენერგოს“ მონაცემებით, ზამთრობით აფხაზეთში დენის მოხმარების საშუალო დღიური მაჩვენებელი დაახლოებით 11 მლნ კვტ/სთ-ია. 2022 წელს აფხაზეთმა 2,94 მილიარდი კვტ/სთ ელექტროენერგია მოიხმარა. შემოდგომა-ზამთრის პერიოდში აფხაზეთი ელექტროენერგიის დეფიციტს განიცდის ჯვრის წყალსაცავში წყლის დაბალი დონის გამო. ამიტომ 2023 წლის პირველი კვარტალში რუსეთიდან 715 მილიონი კვტ/სთ-ის მიწოდება მოითხოვა, თუმცა მიიღო მხოლოდ 600 მლნ კვტ/სთ. დეფიციტმა 115 მლნ კვტ/სთ შეადგინა, რის გამოც საჭირო გახდა გრაფიკის შემოღება.

დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობა სთხოვს პარლამენტს, გამოძებნოს ბიუჯეტში 900 მილიონი რუბლი, თუმცა, როგორც რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროგრამის „ეხო კავკაზას“ კორესპონდენტი სოხუმში, ელენა ზავოდსკაია ამბობს, არც დეპუტატებმა და არც მთავრობის წევრებმა არ იციან საიდან უნდა მოიტანონ ეს თანხა.

„რაღაც გამოსავალი უნდა მოიძებნოს. შეუძლებელია აფხაზეთი ზამთარში ელექტროენერგიის გარეშე დარჩეს“, – ამბობს დე ფაქტო რესპუბლიკის საბიუჯეტო, საკრედიტო ინსტიტუტების, გადასახადებისა და საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარე ბესლან ხალვაში.

აფხაზეთის 2023 წლის ბიუჯეტის მთლიანი საშემოსავლო ნაწილი 10,4 მილიარდი რუბლია, რომელშიც რუსეთის ფინანსურ დახმარებაზე 6,2 მილიარდი რუბლი მოდის. ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის მოცულობა 12,3 მილიარდი რუბლია. შესაბამისად, ბიუჯეტის დეფიციტი – 1,8 მლრდ რუბლს შეადგენს.

ბესლან ხალვაშის თქმით, აფხაზეთის ენერგეტიკის სექტორის მდგომარეობა კრიტიკულია. სექტორს დამატებით 900 მლნ რუბლის მობილიზების არანაირი შესაძლებლობა არ გააჩნია:

„საკითხი მწვავედ დგას. გადასახდელი თანხა ძალიან შთამბეჭდავია. კომიტეტის სხდომაზეც ვთქვი და აქაც ვიმეორებ, რომ ჩვენ უნდა მივმართოთ ქვეყნის მოსახლეობას, რათა მათ გადაიხადონ მოხმარებული ელექტროენერგიის დავალიანება, რადგან ახლა საბიუჯეტო წელი სრულდება, ასეთი თანხები ახალ წლამდე შეიძლება არ მოიძებნოს. ვურჩიე ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ „ჩერნომორენერგოს“, მიმართოს ქვეყნის მოსახლეობას დავალიანების გადახდის თხოვნით, რადგან მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ხალხმა უნდა გადაიხადოს მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური. უნდა მივიდეთ დასკვნამდე, რომ თუ ელექტროენერგია მოვიხმარეთ, უნდა გადავიხადოთ დადგენილი ტარიფებით. სამწუხაროდ, დროება შეიცვალა: უფასო შუქს აღარავინ მოგვცემს. ჩვენი ქვეყნისთვის დაწესებულია უფასო ელექტროენერგიის ლიმიტი, მაგრამ გვჭირდება ორჯერ მეტის ყიდვა, ფული კი არ გვაქვს. თანხის ნაწილი ხალხმა უნდა გადაიხადოს, ნაწილი კი უნდა მოიძებნოს, რისთვისაც საჭირო იქნება ბიუჯეტის ზოგიერთი ხარჯვითი პუნქტის გადახედვა. უდენოდ ზამთარში ვერ დავრჩებით“.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში მოხმარებული ელ. ენერგიის საფასურის გადახდის მაჩვენებელი ძალიან დაბალია: აბონენტების დაახლოებით 70% საფასურს საერთოდ არ იხდის. 2022 წელს აფხაზეთში 1 კილოვატ/საათი ელექტროენერგიის ღირებულება 40 კაპიკიდან 90 კაპიკამდე გაიზარდა, ხოლო 2023 წლის იანვრიდან 1,3 რუბლი გახდა (1 რუბლი – 3 თეთრი). გავრცელებული ინფორმაციით, იგეგმება საფასურის 2 რუბლამდე გაზრდა.

დე ფაქტო რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრმა, კრისტინა ოზგანმა ასევე ილაპარაკა დენის ტარიფის შესახებ. მისი თქმით, აფხაზეთში ეკონომიკურად დასაბუთებული ტარიფი რომ მოქმედებდეს, მომხმარებლებს სულ ცოტა სამჯერ მეტის გადახდა მოუწევდათ.

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (გარდა ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონისა) საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის დენის ტარიფი 3,3 – 15,1 თეთრია. ელექტროენერგიის ტარიფები მაღალია მეზობელ რუსეთშიც: ელექტროენერგიის ყველაზე მაღალი ტარიფები დაწესებულია შორეული აღმოსავლეთის და ცენტრალური ოლქების შემდეგ რეგიონებში: ჩუკოტკა – 9,70 რუბლი, იაკუტია – 7,88 რუბლი, კამჩატკა – 6,94 რუბლი, მოსკოვი – 6.73 რუბლი. რუსეთში ყველაზე დაბალი ტარიფები მოქმედებს ციმბირისა და ჩრდილოეთ კავკასიის ოლქების შემდეგ რეგიონებში: ირკუტსკი – 1,42 რუბლი, ჰაკასიის რესპუბლიკა – 2,67 რუბლი, დაღესტანი – 3,23 რუბლი.

სპეციალისტების შეფასებით, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ენერგეტიკულ მდგომარეობას ერთიორად ამძიმებს გენერაციის ობიექტების სიმწირე: ელექტროენერგიის ერთადერთი წყარო ენგურჰესია, ვარდნილჰესების კასკადის სამი ელექტროსადგური (ჯამურად 120 მგვტ სიმძლავრის) კი იმდენადაა ამორტიზებული, რომ მათი აღდგენა მრავალმილიონიან ინვესტიციას საჭიროებს. სწორედ ინვესტიციების მოზიდვის მიზნით გადაწყდა ერთ-ერთი სადგურის კერძო კომპანია „სოხუმჰესისათვის“ იჯარით გადაცემა, თუმცა დე ფაქტო რესპუბლიკის ამ განზრახვასაც დიდი დაპირისპირება მოჰყვა. ვეტერანთა ოპოზიციური ორგანიზაცია „არუაა“ დაიმუქრა, რომ საპროტესტო აქციას გამართავს სოხუმში, „თუკი ხელისუფლება ხალხის ქონებას მიუღებელი პირობებით გადასცემს კომერსანტებს“.

„ელექტროენერგიის გენერაციის ობიექტის იჯარით გადაცემის პირობები ეწინააღმდეგება ჩვენი ხალხის ინტერესებს“, – ნათქვამია „არუაას“ განცხადებაში.

აფხაზი ვეტერანები თვლიან, რომ ჰიდროელექტროსადგურების იჯარით გაცემისას სახელმწიფომ უნდა მიიღოს მთლიანი გენერაციის მინიმუმ 50%.

„გვინდა შეგახსენოთ, რომ ვლადისლავ არძინბას წყალობით, დღეს ენგურჰესი მთლიანი გამომუშავების 40%-ს გვაწვდის და ჩვენი სახელმწიფო ენგურჰესიდან ელექტროენერგიას სრულიად უფასოდ იღებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

„არუაამ“ ასევე მიმართა „იმ ადამიანებს, რომლებსაც სურთ ჰიდროელექტროსადგურის იჯარით აღება“.

„აფხაზეთში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ეს შეთანხმება გაუქმდება. ასევე გვინდა მივმართოთ პარლამენტს (მოთხოვნით), რომ არ მიიღოს მცდარი გადაწყვეტილება, რომელიც სამომავლოდ გადახედვას დაექვემდებარება. ცალკე მივმართავთ ბიზნესმენებს: გვინდა გაგაფრთხილოთ, რომ თქვენი ყველა ინვესტიცია იქნება ნაციონალიზებული და დაუბრუნდება მფლობელს, აფხაზ ხალხს. ჩვენმა ხალხმა კი, განსაკუთრებით იმათ, ვინც ხმა მისცა დღევანდელ ხელისუფლებას, უნდა გააცნობიეროს, რომ დიდი ისტორიული შეცდომა დაუშვა და, რომ მალე ექნება ამ შეცდომის გამოსწორების შესაძლებლობა“, – ნათქვამია განცხადებაში.

აფხაზეთის ენერგოსექტორისთვის კვლავინდებურად მძიმე პრობლემად რჩება კრიპტოვალუტის არალეგალური მაინინგი, რაც ასევე მასშტაბურ ენერგეტიკულ დანახარჯებთანაა დაკავშირებული.

  • 2008 წლიდან მოყოლებული, რუსეთის ფედერაციისგან აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკას მიღებული აქვს 110 მილიარდ რუბლზე მეტი (1 მლრდ რუბლი – 11 მლნ დოლარი), აქედან დაახლოებით 30 მილიარდი რუბლი ე.წ. საბიუჯეტო ინვესტიციებია, 40 მილიარდი რუბლი – ხელფასი, 40 მილიარდი რუბლი კი – პენსია. 2022 წლის მონაცემებით, აფხაზეთში 24,4 ათასი ადამიანი იღებს რუსულ პენსიას, რაც წლის განმავლობაში დაახლოებით 4 მლნ რუბლია.

რადიო თავისუფლება

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share