ჟურნალისტი არჩილ გამზარდია დავით გარეჯის თემასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს: “ამ ეტაპზე გარეჯის თემაზე რასაც ვხვდები, ყველაფერი პირობითია. დოკუმენტები თან არ არსებობს და თან არ არსებობს. რაც არსებობს ურთიერთწინააღმდეგობრივია. რაღაც გაურკვეველი შეთანხმებები თან არსებობსო და თან ფორმალურად არ დასტურდება და ა.შ. ლამის ყველაფერი თან არის და თან არ არის.
სადაოა ყველაფერი ის, რითიც რამის ფორმალურად დამტკიცება ან დადასტურება შეიძლება.
გამოდის რომ ახლა არც გულზე მჯიღის კვრის დროა და არც ჩვენი არ არის ძახილი. ნებისმიერი პოზიციის მტკიცება შეუძლებელია.
ასეთ დროს, უნდა მიმდინარეობდეს საქმიანი მუშაობა ყველა მიმართულებით: მეცნიერების, სამეზობლო პოლიტიკის, ეროვნული ინტერესების და პრაგმატული კომუნიკაციების და ა.შ.
ასევე როგორც ვხედავ, “წმინდანი” არავინაა ამ საქმეში ხელისუფლებებისა და მათი დაქვემდებარებულების მხრივ, წლების მანძილზე. მით უფრო გმირები საერთოდ არავინ ჰყავს ამ საქმეს.
ყველაზე გაუგებარი კი თემის აქტუალიზაციის დროითი კონტექსტია, მაშინ როდესაც საქართველოს არ აქვს უნარი რაიმე ამტკიცოს ან მომგებიანად გამოიყენოს.
ყველაზე სწორ გადაწყვეტად თემის დაკონსერვებას მივიჩნევდი და აზერბაიჯანთან იმაზე შეთანხმებას რომ საკითხი იყოს ღია, სადაც მეზობლური ეთიკა იქნება დაცული, პერიმეტრს გააკონტროლებდნენ ორივე ქვეყნის შერეული მესაზღვრეები, მომლოცველებს და სასულიერო პირებს კი ექნებოდათ წვდომა კულტურულ მემკვიდრეობაზე.
დანარჩენი ჯობია გადავდოთ იმ ეტაპამდე, სანამ მზაობა გაგვიჩნდება”.- წერს გამზარდია.