ნათხოვარი ფეხსაცმელებით მიღებული პირველი სერიოზული სამსახური- ნუგზარ სულაშვილი კარიერის დასაწყისზე

“– სამსახურიდან გამათავისუფლეს (ნუ გიხარიათ 90-ინა წლების ამბავს ვყვები) ჰოდა ჩემს ბედზე ამერიკის საელჩომ UშAID-ის სახელმწიფო განვითარების პროექტებზე გამოაცხადა კონკურსი რეგიონალური დირექტორის თანამდებობაზე… ვიფიქრე, ამათთან მაინც არ მოდის ჩაწყობა და მოდი კონკურსში მივიღებ მონაწილეობას, იქნებ გამიმართლოს-მეთქი… ორი კვირის შემდეგ ტელეფონზე დამირეკეს და შემატყობინეს, რომ კონკურსში გავიმარჯვე და სასწრაფოდ უნდა გამოვცხადებულიყავი საელჩოში. წამოვხტი გახარებული, ვეცი ტანსაცმელს და ვხედავ ფეხსაცმელზე ძირია ამძვრალი. – წებოო!!! – ვიღრიალე სასოწარკვეთილმა. რამდენიმე წუთში ჯულიეტას ჯიხურიდან წებო მომირბენინეს. (ნისიად) მივუშვი შიგნიდან გარედან წებო ფეხსაცმელში და ჩემი ნატანჯი ჟიგული ვაი-ვაგლახით დავქოქე. კოლმეურნეობის მოედანზე იმდენხანს ვეწვალე საცობიდან თავის დაღწევას, რომ მარცხენა ფეხი “ცეპლენიაზე” მიმეწება და გადმოსვლის დროს ფეხსაცმლის ძირი ზედ შერჩა…
– ძმურად შეგიძლია ფეხსაცმელი მათხოვო 15 წუთით? შენ მანქანაში დამელოდე და თუ გადაგადო არაკაცი ვიყო, ახლავე დავბრუნდები-მეთქი – ვთხოვე შემთხვევით გამვლელ ახალგაზრდა მამაკაცს. ტიპმა ფართო თვალებით შემომხედა, მერე ცერა თითი მიიტანა საფეთქელთან , უნდოდა ხელის კომბინაციით ეჩვენებინა ხომ არ უბერავო, მაგრამ ჩემს გაჭირვებულ სიფათს, რომ შეხედა უყოყმანოდ დამთანხმდა. მართალია 2 ზომით დიდი აღმოჩნდა, მაგრამ რას დავეძებდი. ისეთი ფაცხა-ფუცხით გავიარე კორიდორი, დაცვის თანამშრომელმა ორჯერ დამაწია გამძვრალი ფეხსაცმელი. შეხვედრამ ბრწყინვალედ ჩაიარა…
– მადლობა ძმა! დამნიშნეს! – ვეუბნები ჩემს მოლოდინში შეწუხებულ უცნობს და ფეხსაცმელს ვაწვდი. – სად დაგნიშნეს? – პროექტების რეგიონალურ დირექტორად… – ღადაობ? – არა შენს თავს გეფიცები… – ჩემს თავს რატომ, არავინ გყავს ახლობელი? – რატომ და ძმა ხარ ჩემი… – მაგ სამსახურში, იურისტი არ გჭირდებათ? – ვაა კოლეგა ხარ? დაჯექი სახლამდე მიგიყვან… – არა იყოს, შორს ვცხოვრობ… – შორს, თორე შენც ახლა დასავლეთ ევროპიდან არ მყავდე. დაჯექი, დაჯექი მეთქი! – ვუთხარი და კარი გავუღე. *ჩემი გადამრჩენი, დავით ანდღულაძეც უმუშევრად დარჩენილი იურისტი აღმოჩნდა, რომელმაც თითქმის 3 წელი იმუშავა ჩემს თანაშემწედ და დღეს უკვე დანიაში ერთერთი უნივერისტეტის პროფესორია. გაიხარე დავით… დღეს ახალმა ფეხსაცმელმა ცოტა მომიჭირა და ძირ გამძვრალი ფეხსაცმელის ისტორია გამახსენდა…”

ნუგზარ (სულა) სულაშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share