„ივანიშვილი რაშიც მადანაშაულებს, ალბათ ისაა, რომ მის ხელში არ ვარ, როგორც ,,ქართული ოცნების“ წევრი მმართველები,“ – ასე პასუხობს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი Le Monde-ს ჟურნალისტის მიერ ივანიშვილთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.
ჟურნალისტის კითხვაზე – „სწორედ მისი წყალობით მოხვედით ხელისუფლებაში… რაში გდებთ ბრალს?“, ზურაბიშვილი ამბობს, რომ 2018 წლის არჩევნებში მმართველი პარტიის მხარდაჭერის გარეშე რთული იქნებოდა გამარჯვება, თუმცა ახლა თვლის, რომ ივანიშვილი იმაში ადანაშაულებს, რომ ის არ ემორჩილება.
რაც შეეხება კითხვას, პრემიერის მსგავსად ფიქრობს თუ არა რომ ევროკომისიის დადებით რეკომენდაციაში ,,ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის როლი მნიშვნელოვანი იყო, ამაზე პრეზიდენტი ამბობს, რომ „შესაძლოა, მან უარყოფითი როლი ითამაშა, თუ ჩავთვლით, რომ ის შთააგონებს მმართველ პირებს, როდესაც ისინი ცუდ გადაწყვეტილებებს იღებენ.“
სალომე ზურაბიშვილის ივანიშვილის როლზე საუბრისას მაგალითად მოჰყავს მის წინააღმდეგ დაწყებული იმპიჩმენტის პროცესი.
”მან ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩემი, როგორც პროევროპელის, ქვეყნის პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენაში [2018 წელს], თუმცა არ უთამაშია დადებითი როლი ევროკავშირისაკენ ჩვენი გზის დაჩქარებაში, რომელიც უკრაინამ წამოიწყო. შესაძლოა, მან უარყოფითი როლი ითამაშა, თუ ჩავთვლით, რომ ის შთააგონებს მმართველ პირებს, როდესაც ისინი ცუდ გადაწყვეტილებებს იღებენ. მაგალითად, როგორიცაა ჩემი იმპიჩმენტი, რომელიც მის გარეშე ვერ მოხდებოდა და ამაში წარმატებისათვის რომ მიეღწიათ, მას უკიდურესად ნეგატიური როლი ექნებოდა ევროპულ გადაწყვეტილებებზე,“ – ამბობს პრეზიდენტი.