პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა ზურაბიშვილთან შეხვედრისას საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით მკაფიო მხარდაჭერა დააფიქსირა.
“ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ ყველა ევროპულ ქვეყანას, რომლებიც ჯერჯერობით ამ სისტემის მიღმა არიან და მივცეთ იმედი”, – განაცხადა პეტრ პაველმა.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჩეხეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
პრეზიდენტმა დღეს შეხვედრა გამართა ასევე, დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე მარკეტა პეკაროვასთან.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობითვე, შეხვედრებზე საუბარი შეეხო ევროკავშირის გაფართოებას, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს და ქვეყნის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით იმ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ევროპული საბჭოსგან სულ რამდენიმე დღეში ელოდება.