ღია წერილი: სამხატვრო ხელმძღვანელების შესარჩევი პროცესი სფეროსთვის მავნებლურ შედეგს იწვევს

პროფესიული თეატრალური კრიტიკის წევრები სახელმწიფო თეატრებში სამხატვრო ხელმძღვანელების შესარჩევ კონკურსს აკრიტიკებენ. ღია წერილის ავტორები მიიჩნევენ, რომ პროცესის დროს გამოვლინდა რიგი ტენდენციები, რომელიც “წარმოადგენს რეგრესულ ნაბიჯებს და იწვევს მავნებლურ შედეგებს სფეროს განვითარების თვალსაზრისით”.

2021 წლის ბოლოდან საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ დაიწყო სახელმწიფო თეატრებში სამხატვრო ხელმძღვანელების შესარჩევი კონკურსები. კონკურსი 20-ზე მეტ თეატრში გამოცხადდა.

წერილის ავტორი თეატრალური კრიტიკოსები აცხადებენ, რომ რიგ შემთხვევებში მინისტრი ერთპიროვნულად ნიშნავს სამხატვრო ხელმძღვანელებს. რიგ შემთხვევაში იმართება კონკურსები, რიგ შემთხვევაში კი განუსაზღვრელი ვადით იწელება საკონკურსო შედეგების გამოცხადება. გაუმჭვირვალეა პროცედურა და მისი ვადები.

“უცნობია რომელი კვლევისა და არგუმენტების საფუძველზე ინიშნებიან კონკურსის გარეშე და ასევე უცნობია, რის საფუძველზე ეზღუდებათ გარკვეულ რეჟისორებს კონკურსში მონაწილეობა. უცნობია, კონკურსის ჩაშლის მიზეზები. მაგალითად: სამინისტრომ ყოველგვარი განმარტების გარეშე ჩაშლილად გამოაცხადა გორის გიორგი ერისთავის თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევი კონკურსი, რის შედეგადაც აღნიშნულ თეატრში მუშაობის გაგრძელების საშუალება აღარ მიეცა დავით ჩხარტიშვილს, რომლის 4 წლიანი ხელმძღვანელობის პერიოდში თეატრის შემოქმედებითი წარმატება აღიარებულია ადგილობრივი და საერთაშორისო ჯილდოებით”, – აღნიშნულია წერილში.

გარდა ამისა, კრიტიკოსები ამბობენ, რომ უცნობია, მიმდინარე კონკურსებში წარდგენილი კანდიდატების ვინაობა და მათი პროგრამები. ასევე უცნობია პროფესიონალთა სარეკომენდაციო საბჭოს მუშაობის შედეგები, რეკომენდაციები. წერილის ავტორებისთვის პრობლემურია 6 დეკემბერს გამოცემული “საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან არსებული პროფესიული სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატთა შესარჩევი სარეკომენდაციო საბჭოს დებულება”, რომელიც მათი მოსაზრებით, “ამცირებს და აკნინებს პროფესიონალთა როლს და პროფესიული შეფასების მეთოდს”:

“კანონის სისუსტეზე მიუთითებს პროფესიული წრეების და პროფესიული აზრისთვის მინიჭებული სუსტი როლი, რაც მთლიანობაში ზღუდავს სფეროს დემოკრატიულ და თავისუფალ განვითარებას. ასევე ზღუდავს თეატრების დამოუკიდებლობას რიგ საკითხებთან მიმართებაში. 2021 წლის დეკემბრის დებულება კი კიდევ უფრო ამცირებს პროფესიონალთა სარეკომენდაციო საბჭოს სამოქმედო სივრცეს და ჩინოვნიკებს უზრდის ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღების უფლებას. ამის დასტურია დებულებაში არსებული მე-6 მუხლის მე-7 პუნქტი, რომლის მიხედვითაც “სამინისტრო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება კონკურსის ჩაშლისა და თავიდან გამოცხადების შესახებ, იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილი კანდიდატებიდან არცერთი არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს ან/და შერჩეული კანდიდატების საბჭოსთვის წარდგენა არ ჩაითვლება მიზანშეწონილად”.

აღნიშნული ცვლილებების საფუძველზე ჩაშლილად გამოცხადდა კონკურსი გორის გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო თეატრში. საბოლოოდ შედეგად მივიღეთ სავარაუდოდ პარტიული მსოფლმხედველობის და პოლიტიკური ხასიათის გადაწყვეტილება, რომელზეც გავლენა ვერ მოახდინა სარეკომენდაციო საბჭომ. აღნიშნული გადაწყვეტილება მთლიანად გამორიცხავს კონკურსანტის პროფესიული მიღწევებისა და წარდგენილი პროგრამის ანალიზს. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ახალი დებულება ზღუდავს თეატრების თავისუფლებას, განვითარებას და სფეროს მჭიდროდ აკავშირებს პოლიტიკურ და პარტიულ დღის წესრიგთან. დებულება აკნინებს პროფესიონალთა ჩართულობას და პროფესიონალიზმის მნიშვნელობას სფეროს მართვის პროცესში. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით დებულება საგანგაშო ტენდენციების გამაძლიერებელია და ამიტომაც კატეგორიულად მიუღებელი”.

წერილის ხელმომწერებს მიაჩნიათ, რომ უახლოეს მომავალში აუცილებელია:

  • მოქმედება შეეზღუდოს დებულებას და მისი ანალიზი მოხდეს მრავალფეროვან პროფესიულ წრეში;
  • კონკურსების ერთიანი მიდგომით წარმართვა და ყველა კონკურსანტისთვის თანაბარუფლებიანი გარემოს შექმნა; ვადების გაწერა და საჯარო ინფორმაციაზე წვდომა. მათ შორის, კონკურსანტების ვინაობა და მათ მიერ წარმოდგენილი პროგრამები. არგუმენტირებული იყოს გადაწყვეტილებები და არგუმენტები გამოქვეყნდეს;
  • შეჩერდეს გორის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის შერჩევის კონკურსი, ვიდრე არ განიხილება წინარე – ჩაშლილად გამოცხადებული კონკურსის შესახებ არგუმენტირებული და დეტალური ინფორმაცია.
  • თეატრის შესახებ კანონის იმგვარად დაიხვეწოს, რომ გაძლიერდეს თეატრების დამოუკიდებლობა და პროფესიონალთა გავლენა სფეროს განვითარების პროცესში.

ხელმომწერნი:

  • გვანცა გულიაშვილი
  • სოფო კილასონია
  • სოფო ნადიბაიძე
  • თამარ შუკაკიძე
  • ანა კვინიკაძე
  • თამარ ცაგარელი
  • თეა კახიანი
  • ტატო ჩანგელია
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share