რუსეთში დააკავეს ქალი, რომელსაც ცისარტყელას ფერებში გაფორმებული საყურეები ეკეთა

რუსეთში, ქალაქ ნიჟნი-ნოვგოროდში დააკავეს ქალი, რომელსაც ცისარტყელას ფერებში გაფორმებული საყურე ეკეთა. საყურეების ფოტო ორგანიზაცია ეგიდამ გაავრცელა.

საყურეებს ბაყაყის ფორმა აქვს და ცისარტყელას შვიდ ფერშია შესრულებული.

ანასტასია ერშოვა, რომელსაც საყურეები ეკეთა, “ექსტრემისტული სიმბოლოების დემონსტრირების” ბრალდებით დააკავეს. 31 იანვარს სასამართლომ ის ხუთი დღით დააკავა. გადაწყვეტილების დასაბუთებისას სასამართლომ რუსეთის უზენაესი სასამართლოს დადგენილება მოიშველია, რომლის თანახმადაც “საერთაშორისო ლგბტ მოძრაობა” ექსტრემისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული.

თუმცა როგორც Meduza წერს, ცისარტყელა ლგბტ-სიმბოლიკად მიჩნეული ვერ იქნება, რადგან ფერადი ლგბტ დროშა ექვსი ფერისგან შედგება. ამის შესახებ ერშოვას საქმეშიც არის ნათქვამი: “მოძრაობის საერთაშორისო სიმბოლოა ექვსი ზოლისაგან შემდგარი დროშა, რომლის ფერები ზემოდან ქვევით მიდის – წითელი, ნარინჯისფერი, ყვითელი, მწვანე, ლურჯი და იასამნისფერი”.

ადვოკატის თქმით, სხდომაზე არ დადგინდა, თუ რა სახის “ექსტრემისტული სიმბოლოები” იყო გამოსახული საყურეზე და კითხვებს ვერც ოქმის შემდგენმა პოლიციელებმა გასცეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share