ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ოფიციალურად დაასახელეს. როგორც მოსალოდნელი იყო, ის შეცვლის ირაკლი ღარიბაშვილს.
სანამ პარლამენტში „ქართული ოცნების“ უმრავლესობა მის კანდიდატურას საბოლოოდ დაამტკიცებს, რადიო თავისუფლება იხსენებს ირაკლი კობახიძის პოლიტიკური ცხოვრებიდან 10 ეპიზოდს, რომელიც მისი, როგორც პოლიტიკოსის, იდენტობას განაპირობებს.
კონსტიტუციის შეცვლა
მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა, მმართველმა პარტიამ სწორედ ირაკლი კობახიძის ლიდერობით შეცვალა საქართველოს კონსტიტუცია.
კობახიძე, პარლამენტის სპიკერობასთან ერთად, საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე გახდა.
საკონსტიტუციო ცვლილებებმა დაასრულა საქართველოს პოლიტიკური სისტემის საპარლამენტო მმართველობის მოდელზე გარდაქმნის პროცესი. კონსტიტუციაში ბევრი რამ შეიცვალა. მათ შორის:
- გაუქმდა პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნები – 2024 წელს ახალ პრეზიდენტს უკვე საარჩევნო კოლეგია აირჩევს;
- გაუქმდა პარლამენტის შერეული, მაჟორიტარულ-პროპორციული საარჩევნო სისტემა – 2024 წლიდან პარლამენტი მხოლოდ პროპორციული სისტემით არჩეული 150 წევრით დაკომპლექტდება;
- პარლამენტი ქუთაისიდან თბილისში დაბრუნდა;
- ქორწინება განისაზღვრა, როგორც „კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის ოჯახის შექმნის მიზნით“;
- კონსტიტუციით განისაზღვრა ქვეყნის საგარეო-პოლიტიკური ორიენტაცია: ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაცია;
- აიკრძალა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიყიდვა.
„გავრილოვის ღამე“ და გადადგომა
2019 წლის 20 ივნისს პარლამენტის სპიკერის სავარძელი რუსეთის დუმის დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა დაიკავა, რასაც მღელვარე საპროტესტო დემონსტრაციები მოჰყვა.
დემონსტრაციები დაარბიეს, ამ დროს რამდენიმე ადამიანმა თვალი დაკარგა. კობახიძე მაშინ პარლამენტის სპიკერი იყო. სწორედ ირაკლი კობახიძის კუთვნილი სავარძელი დაიკავა სერგეი გავრილოვმა.
გავრილოვი თბილისში „მართლმადიდებლობის საერთაშორისო ასამბლეის“ ღონისძიებაზე იყო ჩამოსული. შეხვედრების დეტალები კი წინასწარ დამტკიცებული პროტოკოლით იყო გაწერილი, რაზეც კობახიძეს ნებართვა ჰქონდა გაცემული.
ირაკლი კობახიძე პოსტიდან გადადგა.
ოღონდ გადადგა დემონსტრაციებისა და დარბევისას არაერთი ადამიანის მძიმედ დაშავების მეორე დღეს, 21 ივნისს. შემდეგ გადადგა „მართლმადიდებლობის ასამბლეაში“ საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, გავრილოვის მასპინძელი, ზაქარია ქუცნაშვილიც, მან დატოვა პარლამენტის მანდატიც.
ერთი წლის თავზე ირაკლი კობახიძემ გავრილოვთან დაკავშირებულ ამბავს „სერიოზული შეცდომა“ უწოდა, მაგრამ ისევ გაიმეორა, რომ სიტუაციით ოპოზიციამ ისარგებლა და დესტრუქციული მიზნებით იმოქმედა.
კობახიძის გადაწყვეტილებას პოსტის დატოვებაზე „ოცნებამ“ „საზოგადოების წინაშე არსებული მაღალი ანგარიშვალდებულების გამოხატულება“, უწოდა – პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება. კობახიძემ პარტიული თანამდებობაც შეინარჩუნა და მომავალში დაწინაურდა კიდეც, ახლა კი პრემიერ-მინისტრი ხდება.
„აგენტების რუსული კანონი“
როდესაც 2023 წლის გაზაფხულზე პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო რუსეთის ფედერაციაში მოქმედი „უცხოელი აგენტების“ ანალოგიური კანონი, კობახიძე უკვე „ოცნების“ თავმჯდომარე იყო.
კანონპროექტის იდეა, მართალია, ფორმალურად „ხალხის ძალას“ ეკუთვნოდა, – „ქართული ოცნების“ განაყოფს, – მაგრამ მას კბილებით იცავდა „ოცნების“ გუნდი. მათ შორის ირაკლი კობახიძე გამორჩეული იყო.
ის ამტკიცებდა, რომ კანონპროექტი „ბევრად უფრო რბილია, ვიდრე მისი ამერიკული ვარიანტი“, – მაშინ, როდესაც ევროკავშირისა და აშშ-ის შეფასებით, კანონპროექტი საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს აზიანებდა.
კობახიძე ოპონენტებს ხშირად უწოდებდა „ჯაშუშებს“ და „აგენტებს“ – მათ შორის გიორგი ვაშაძეს, სალომე ზურაბიშვილს, ნიკა გვარამიას.
როცა აშშ-მა „ოცნების“ მთავრობის ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს დაუწესა სანქციები და თქვა, რომ მას რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური იყენებდა ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის საკეთილდღეოდ გავლენის მოსახდენად, განაცხადა:
„არ შეიძლება ადამიანს დაუძახო აგენტი, ვიდრე არ არსებობს მტკიცებულებები, ვიდრე არ არსებობს განაჩენი“.
„გლობალური ომის პარტიის და მისი დამქაშების“ წინააღმდეგ
უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ საქართველოში გამოჩნდა დეზინფორმაციის კამპანია, რომელიც „საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობების შესახებ“ შეთქმულების თეორიებით საზრდოობს.
საჯაროდ ეს კონსპირაციის თეორია „ხალხის ძალისა“ და „ოცნებასთან“ აფილირებული წრეებიდან წამოვიდა და შემდეგ „ქართული ოცნების“ ლიდერების რიტორიკაშიც გაჩნდა. ირაკლი კობახიძე აქაც გამორჩეულია.
ამ თეორიის თანახმად, არსებობს „გლობალური ომის პარტია“, რომლის მიზანია, საქართველო ომში ჩაითრიოს და ამის მისაღწევად იყენებს ყველას და ყველაფერს: ქართულ ოპოზიციურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიას, ევროპარლამენტარებს, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს, მიხეილ სააკაშვილს, სალომე ზურაბიშვილს და ყველა სხვას, ვინც „ოცნებას“ რაიმე სახით აკრიტიკებს.
კობახიძემ ისიც თქვა, რომ ამ საქმეში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკებიც კი „გასვარეს“, როცა მოსამართლეებს სანქციები დაუწესეს.
მისივე ლოგიკით, სწორედ ეს ძლევამოსილი „გლობალური ომის პარტია“ გეგმავდა „გადატრიალებას“ საქართველოში 2023 წლის შემოდგომაზე, ხელს უშლიდა ქვეყანას, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი გამხდარიყო. და ახლაც „გლობალური ომის პარტიას, თავისი აგენტურით“, არ მოსწონს საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის პოლიტიკური კავშირების გაღრმავება.
პრეზიდენტის შეუმდგარი იმპიჩმენტი
რუსეთ-უკრაინის ომის პარალელურად, „ოცნების“ უკრაინასა და დასავლეთთან კონფრონტაციული რიტორიკის ფონზე, მმართველ გუნდს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც დაუპირისპირდა. დროთა განმავლობაში კონფლიქტი გაღრმავდა.
ზურაბიშვილი პარიზში, ბერლინში, ბრიუსელსა და სხვა დედაქალაქებში საქართველოს ევროინტეგრაციის ადვოკატირებისთვის ჩადიოდა, თუმცა ხელისუფლება მას პირიქით, საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ მუშაობაში სდებდა ბრალს.
დაპირისპირება იქამდე მივიდა, რომ „ოცნებამ“ საკუთარი ძალისხმევით არჩეული პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში წამოიწყო დავა – ევროკავშირის ქვეყნებში უნებართვო ვიზიტებისთვის.
პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სწორედ ირაკლი კობახიძე იყო მთავარი მომხსენებელი.
მმართველ პარტიას საკონსტიტუციო სასამართლოც დაეთანხმა და თქვა, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია.
პრეზიდენტი კონსტიტუციის დამრღვევად გამოაცხადეს, თუმცა იმპიჩმენტი ვერ შედგა – „ოცნებამ“ პარლამენტში საამისოდ საჭირო 100 ხმა ვერ მოაგროვა.
ჟურნალისტების შეურაცხყოფა
„ქალის სახე დაკარგე. პირი მოიწმინდე, სააკაშვილივით გაქვს პირი, დაემსგავსე მართლა ყველაფრით შენს ბელადს… შენ ხარ არახამია, როგორც ის არ არის კაცი, ისე შენ არ ხარ ქალი, ნაცმოძრაობის გულისთვის დაკარგე სახე“…
ასე მიმართა ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ ჟურნალისტს, რომელმაც მას უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლის, დავით არახამიას სიტყვების შეფასება სთხოვა.
არახამიამ წინა დღეს თქვა, არ მიკვირს კობახიძის „კავშირები რუსეთთან“, ვინაიდან „კობახიძის მამა „კაგებეს“ აგენტი იყოო“.
მეორე დღეს ყველას, ვინც მისი ჟურნალისტზე შეტევა დაგმო, „ჩამოყალიბებული პავლიკ მოროზოვები“ უწოდა.
30-იანი წლების საბჭოთა პიონერის, მამის მამხილებელი კოლექტიური პავლიკ მოროზოვის ჯგუფში მოხვდნენ ტელეწამყვანები, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და თავად პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც.
სექსიზმი
„მე ახლა ქალთან პოლემიკაში ვერ შევალ, ასეთი წესია“, – ასე, სექსისტურ კონტექსტში გამოხატა კობახიძე რეაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ანი წითლიძის რეპლიკაზე, როდესაც მან კობახიძეს „რუსი ჯაშუში“ და „მშიშარა“ უწოდა.
მისი არქივი სექსისტური კომენტარების სხვა შემთხვევებსაც ინახავს:
- „სასოწარკვეთილი ნაციონალი დიასახლისები“ – ასე უწოდა კობახიძემ ოპოზიციონერმა დეპუტატებს, ელენე ხოშტარიასა და ირმა ნადირაშვილს, მას შემდეგ, რაც მათ პარლამენტში საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართეს;
- „ქალაჩუნა“ – ამ სექსისტური და ჰომოფობიური ეპითეტით მოიხსენია კობახიძემ „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია.
„დეპოლარიზაცია“
მაშინ კობახიძემ თქვა, რომ „ამ ადამიანებთან“ დეპოლარიზაცია შეუძლებელია და 2024 წლამდე „ოცნების“ ხელისუფლების მთელი ყურადღება „დეპავლიკიზაციას“ დაეთმობა.
შიდა პოლიტიკაში პოლარიზაციამ უკიდურეს ნიშნულებს კობახიძის „ოცნების“ ლიდერობისას მიაღწია. „დეპოლარიზაციაზე“ დასავლელი პარტნიორების მოწოდების ფონზე, კობახიძეს დეპოლარიზაცია ასე წარმოუდგენია:
„ჩვენი პრინციპი მარტივია: არცერთი ნაცი არცერთ ორგანოში. ეს არის ჩვენი მარტივი პრინციპი და ამ პრინციპით ვიმოქმედებთ მომავალშიც“, – განაცხადა მან 2023 წლის მაისში.
სტუდენტების პროტესტი
ირაკლი კობახიძის, – დიუსელდორფის უნივერსიტეტის სამართლის დოქტორის, – ცხოვრებაში მნიშვნელოვან ნაწილს აკადემიური ცხოვრება იკავებს. კობახიძე 2005 წლიდან კითხულობს ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
„უცხოეთის აგენტების კანონის“ ვნებათაღელვის შემდეგ, უნივერსიტეტის მეორე კორპუსში, სადაც კობახიძე კონსტიტუციის შესახებ ლექციას კითხულობდა, რამდენიმე სტუდენტი რუსული რუბლებით მივიდა პროტესტის ნიშნად და ლექციის დასრულების შემდეგ მას რუსული ფული კიბეზე ჩასვლისას გადაუყარა.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ამ სტუდენტებს „ყველანაირ ორიენტაცია არეულები“ უწოდა. კობახიძის თქმით, მმართველი პარტია ეცდება ამ „ახალგაზრდების გადარჩენას“.
სტუდენტებთან დაპირისპირების კიდევ ერთი ეპიზოდი 2017 წელს იყო, საკონსტიტუციო განხილვებისას. სტუდენტური მოძრაობა „აუდიტორია 115“-ის წევრები თსუ-ის სააქტო დარბაზში საკონსტიტუციო განხილვაზე მივიდნენ და კონსტიტუციაში შრომითი უფლებების დაცვა მოითხოვეს.
კობახიძემ მათ „კომუნისტები“ უწოდა: „მემარცხენე ექსტრემიზმის, მემარცხენე რადიკალიზმის ადგილი საქართველოში ნამდვილად არ არის“.
ელჩების და პარტნიორების წინააღმდეგ
რაც უფრო მეტად იხრება „ოცნების“ ხელისუფლება ავტორიტარიზმისკენ, მით უფრო მწვავდება დასავლელი პარტნიორების წინააღმდეგ რიტორიკა.
ევროკავშირის ყოფილი ელჩის, კარლ ჰარცელის წასვლის შემდეგ (მისი ელჩობისას ბრიუსელს არაერთი კრიტიკული განცხადების გაკეთება მოუხდა) კობახიძემ თქვა, რომ ჰარცელი „მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში“.
ხშირი იყო დაპირისპირება აშშ-ის ყოფილ ელჩ კელი დეგნანთან, მათ შორის, „გლობალური ომის პარტიის“ შესახებ შეთქმულების თეორიების გამო. კობახიძემ აშშ ქართველი მოსამართლეების სანქცირების გამო „დამოუკიდებელ სასამართლოში ჩარევაში“ დაადანაშაულა.
2023 წლის შემოდგომაზე, როდესაც „ოცნების“ მთავრობის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური „ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის“ სცენარზე კიდევ ერთხელ ალაპარაკდა, ამერიკულ USAID-ს დაადო ხელი.
ირაკლი კობახიძემ, რომელიც 2000-იანი წლების დასაწყისში თავადაც მუშაობდა USAID-ში, ყოფილ დამსაქმებელს უსაყვედურა და განაცხადა: „დაგვჭირდება განმარტებების მიღება, რატომ დაფინანსდა USAID-ის მიერ ტრენინგი, რომლის პირდაპირი მიზანი იყო საქართველოში რევოლუციის მომზადება“.
„ოცნების“ ეს რიტორიკა, აშშ-ის წინა თუ ახალი ელჩების მიერ „სასაცილოდ“ მოხსენიებისა და მტკიცე უარყოფის მიუხედავად, დღემდე არ გამქრალა.
რადიო თავისუფლება