მე ვარ ირმა გორდელაძე, 55 წლის.
რაც თავი მახსოვს, საკუთარი თავით არასდროს ვარ ბოლომდე კმაყოფილი და ყოველთვის ვცდილობ, უკეთესი შტრიხები შემოვიტანო – გავიზარდო გონებრივად თუ სწავლის მიმართულებით, უფრო ძლიერი და გამოსადეგი ვიყო ირგვლივ ადამიანებისთვის. ალბათ ეს მეხმარება იმაში, რომ ყოველთვის ვინარჩუნებ ტონუსს.
როგორც ამბობენ, ჩემთან ურთიერთობა რთულიცაა და ადვილიც.
უცებ ავფეთქდები ხოლმე, მაგრამ ათ წუთში აღარ მახსოვს. თუკი ვინმეს ვაწყენინე, მერე ბოდიშს ვუხდი. ასე რომ, არც ისეთი ქვისმკვნეტელი ვარ, ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, ჩვეულებრივი ქალი. არასდროს წყენას გულში არ ვიტოვებ, ყველას ყველაფერს ვპატიობ, იმიტომ რომ ერთი ცხოვრება მაქვს და მინდა, გული მხოლოდ სიკეთით, სიყვარულით და იმედით მქონდეს სავსე.
ძალიან კარგი დიასახლისი ვარ, მიყვარს სტუმარი, დღესასწაულები, ტრადიციები… ფიზიკური შრომაც მიყვარს, რაღაცების დათესვა, მოყვანა, ზამთრისთვის შენახვა – მერე რომ დავარიგო. ჩემი ყველაზე დამახასიათებელი თვისება მაინც იუმორია, რომელიც მეხმარება გაჭირვების დროსაც და კრიტიკულ სიტუაციებშიც, თუნდაც გამოუვალ მდგომარეობაში. განსაკუთრებით მიყვარს საკუთარ თავზე იუმორი, ასე ვუმკლავდები ნებისმიერ პრობლემას და სტრესს.
ბავშვობა
ბებია-ბაბუის გაზრდილი ვარ, ძალიან დიდი გავლენა მოახდინეს ჩემს ხასიათზე, ცხოვრების წესის ჩამოყალიბებაზე, ასევე დედაჩემმაც. დედამ მასწავლა სიმღერა, თვითონაც კარგად მღეროდა, მახსოვს, ერთად რომ ვმღეროდით, პირველი სიმღერაც მახსოვს… დედა მამარაგებდა წიგნებითაც, ბიბლიოთეკაში მუშაობდა.
ბებიასთან და ბაბუასთან პრინცესასავით ვიზრდებოდი, რა უნდა მენატრა, რომ არ გაეჩინათ, საოცრად ვუყვარდი. მერვე კლასამდე ფეხსაცმლის ზონრის შეკვრა არ ვიცოდი, იმასაც კი ბებია მიკრავდა. თავიდანვე შეამჩნია, რომ სწავლისადმი მიდრეკილება მქონდა, მას არ ეცალა, მაგრამ პირველიდან მეხუთე კლასამდე კერძო მასწავლებელი მყავდა. გაკვეთილებს იბარებდა, აბსოლუტურად ყველა გაკვეთილი უნდა ჩამეგარგალებინა და ერთი სიტყვაც რომ გამომრჩენოდა, ჩათვლიდა, რომ არ ვიცოდი. მხატვრული ლიტერატურის კითხვა მიყვარდა და მახსოვს, ფიზიკის წიგნის ყდაში სხვა წიგნი მქონდა ჩადებული, ამის გამო ორჯერ წკეპლით მცემა. განსაკუთრებულად ბევრი ვიტირე, რომ ბებიას ვაწყენინე. მერე დაჯდა და თვითონაც იტირა. ბებია დიდხანს, 47 წლამდე მომყვა. ძალიან მტკივნეული იყო ჩვენი განშორება, ბებია იყო სამყაროს ცენტრი ჩემთვის.
ბაბუისგან მაქვს იუმორი. საოცარი იუმორის გრძნობა ჰქონდა. მან მასწავლა, რომ სიკეთე უნდა აკეთო, მახსოვს მისი ფრაზები, მაგალითად ის, რომ წუწკი ღმერთს არ უყვარს… 15-16 წლის ვიქნებოდი, საკაბელო ტელევიზია რომ შემოვიდა, ბაბუამ მითხრა, მაგ დღეს მოვესწრებოდე, ტელევიზორში დაგინახავდეო. დღემდე, როცა ეთერებში ჩართვა მაქვს ხოლმე, სულ ეს მახსენდება და ვამბობ – ბაბუ, ხომ შეგისრულე!
დღემდე საგზლად მომყვება მათი სიყვარული.
სკოლის პერიოდში ლექსებს კარგად ვამბობდი, შეჯიბრებები იყო თუ კონკურსები, სულ ვიმარჯვებდი. სიმღერის და დეკლამირების ნიჭი მქონდა და თავიდანვე სცენაზე ვიყავი. სცენა ჩემი სამყაროა. ან მასწავლებელი უნდა გამოვსულიყავი, ან მსახიობი. სამსახიობოზე ბებია რავა ჩამაბარებიებდა?! ამაში კი ვენდური. მაგრამ ეს ნიჭი, აუდიტორიასთან ურთიერთობის, დღეს ძალიან მეხმარება. ამიტომ მიყვარს ჩემი პროფესია. სხვებს რომ რაღაცას გადავცემ, ამისგან ვიღებ უდიდეს მუხტს.
აქტივიზმი
ბავშვობიდანვე ვერ ვიტანდი, როცა ვინმეს ჩაგრავდნენ. ფიზიკური შესაძლებლობა ყოველთვის მქონდა და რამდენიმე ჩემი თანატოლიც მიცემია იმის გამო, რომ სხვას ჩაგრავდა. არც თავს დავაჩაგვრინებ ვინმეს, ვულკანივით ვიცი აფეთქება, შეიძლება რაღაც დრო დამაგვიანდეს, მაგრამ ჩემსას აუცილებლად თავით გავიტან. მებრძოლი ტიპი ვიყავი. იმდენი წიგნი მქონდა წაკითხული უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლ ადამიანებზე, ესეც დიდ გავლენას ახდენდა.
პროტესტი ყოველთვის მქონდა. რამეს ხმამაღლა თუ მეტყოდნენ, გააკეთეო, არავითარ შემთხვევაში არ გავაკეთებდი. სულ წინააღმდეგობას აწყდებოდნენ. რაც არ მინდოდა და არ მომწონდა, ყოველთვის ვაპროტესტებდი და ყოველთვის უნდა ჩავრეულიყავი იქ, სადაც რაღაც სწორად არ კეთდებოდა.
ჩემი სტუდენტობა ძალიან რთულ პერიოდს დაემთხვა: შინა ომები, ეკონომიკური კრიზისი… პური რომ მოდიოდა მაღაზიაში, ჩემს ძმას არ ვაღვიძებდი და ღამის სამ საათზე რიგში ვდგებოდი, რამდენიმე დღის მარაგი რომ აგვეღო. ჩვენ თვალწინ დაიცალა ორი მანქანა პური და გვითხრეს, აღარააო. დახლქვეშ მალავდნენ, მერე ორმაგ ფასად რომ გაეყიდათ. პირველად მაშინ მივმართე ხალხს, დამალული აქვთ პური და მაღაზიაში შევიდეთ-მეთქი, და პირველად იყო, რომ ხალხიც გამომყვა. სულ ტომრებით ელაგა პური. მახსოვს, მერე მეზობლებსაც მივეცი. ჩემს პირველ მნიშვნელოვან პროტესტზე სულ ეს ამბავი მახსენდება.
მერე ამან უფრო მასშტაბური სახე მიიღო. თუ რამე მოსაწონი არ იყო ჩემ ირგვლივ, ვცდილობდი, შემეცვალა, იქნებოდა ეს სოფელში უკანონო და საზიანო მშენებლობები თუ გარემოსდაცვითი საკითხები.
ამის შემდეგ იყო მოძრაობა ,,თავისუფლებისთვის’’, რომელმაც გააერთიანა ადამიანები და იმ დროს საკმაოდ დიდი გავლენა ჰქონდა რუსეთუმეობის წინააღმდეგ ბრძოლაში. გურიას ყოველთვის ჰქონდა ამის ტრადიცია, რომელიც უკვე დავიწყებული იყო. დღემდე ეს მოძრაობა ერთ-ერთ ოაზისად რჩება და ჩემზეც დიდი გავლენა მოახდინა – არის თემები, სადაც მარტო ვერაფერს იზამ, გუნდური ბრძოლაა საჭირო. ბოლო წლებში, ეს იყო ყველაზე კარგი, რაც შეიძლება მომხდარიყო და მიხარია, რომ მეც მაქვს ამაში ჩემი წვლილი და ამის ნაწილი ვარ.
საოცარი განცდაა, როცა ამდენი ადამიანი გისმენს. რაც უფრო დიდია აუდიტორია, გამოსვლაც უფრო მიყვარს. მთავარია პირველი ფრაზა, როგორ დაიწყებ. ამ დროს ყველაფერი გიზგიზებს ჩემში და გულწრფელად ვამბობ იმას, რასაც ვფიქრობ, რისიც მჯერა. ვცდილობ, იმედი და რწმენა მივცე ადამიანებს, იმიტომ რომ სიტყვას დიდი ძალა აქვს. მე მქონია ცხოვრებაში ისეთი კრიტიკული მომენტები, როცა ერთმა წინადადებამ, ერთმა შემოძახებამ შეცვალა უკეთესობისკენ ყველაფერი. სიტყვა მახვილზე უფრო მაგრად ჭრის, მით უმეტეს, ის თუ ამოდის გულიდან და სულიდან.
აქტივიზმის სირთულეები
2022 წლიდან წამოვიდა აგრესიისა და ლანძღვის ნიაღვარი. არ დარჩენილა დედამიწის ზურგზე შეურაცხმყოფელი სიტყვა, ჩემთვის რომ არ დაეწერათ. შოკში ვიყავი და თავიდან ძალიან გამიჭირდა ამასთან შეგუება. მანამდეც მქონდა ასეთი გამოცდილება – გარემოსდაცვით საკითხებზე როცა ვმუშაობდი, კარიერებისა და ჰესების თემაზე, სუსი ,,მაშავებდა’’ ხოლმე. ჩემზე ხმებს ავრცელებდნენ, რომ აზარტულ თამაშებს ვთამაშობდი, ვითომ ფულს ვიღებდი და, გარკვეული პერიოდი, ეს ყველაფერი ვიღაცებმა დაიჯერეს კიდეც. ვერ ვხვდებოდი, რა მჭირდა და ეს ძალიან მტკივნეული იყო. დაშინებაც იყო და ათასი სხვა რამეც, მაგრამ არ ვჩერდებოდი და ბრძოლას ვაგრძელებდი. ძალიან დამეხმარნენ გამოცდილი ადამიანები, ჩემი მეგობრები, რომლებმაც მითხრეს, რომ ამისთვის ყურადღება არ უნდა მიმექცია, რადგან ეცდებოდნენ ემოციურად დავენგრიე, შევეშინებინე და უკან დამეხია.
ჩემს შვილს გაუჭირდა ძალიან, ამ კომენტარებს რომ ნახულობდა. ყოველთვის შეწუხებული იყო იმით, რომ მე აქტივიზმში ვიყავი. ერთხელ წავიყვანე აქციაზე და რომ დავბრუნდით, მითხრა – დედა, მე შენით ვამაყობო. ეს ყველაზე მთავარია.
ახლა იმ ეტაპზე ვარ, რომ უკვე აღარ მოქმედებს ეს ჩემზე. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რამდენი ადამიანი იზიარებს ჩემს აზრს და იქ, სადღაც, ვიღაც რომ განსხვავებულად შეხედავს შენს მოქმედებებს, ეგეც ნორმალურია. როდესაც უხამსობაში გადადიან, ეს თვითონ იმ ადამიანის პრობლემაა და, სრული გულწრფელობით, მეცოდება. ტროლ-ბოტებისთვის კომენტარები გამორთული მაქვს. ჩემი სივრცე მჭირდება, სადაც არ იქნება ნეგატივი. როცა განსხვავებულ აზრს პირადში მწერენ, დისკუსიაშიც შევდივარ და ხანდახან გადმომიბირებია კიდეც.
არამზადებს არც ვესაუბრები და არც ხელს ვართმევ.
მასწავლებელი
ძალიან უბრალო ადამიანი ვარ, არასდროს არავისთვის ზემოდან არ გადმომიხედავს, მიმაჩნია, რომ უბრალოება და თავმდაბლობა არის ყველაზე დიდი ღირსება, რაც ადამიანს უნდა ჰქონდეს და პირად ურთიერთობებსაც ძალიან ვუფრთხილდები.
მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ვაკრიტიკებ მასწავლებლებს ჩემს პოსტებში, ვიდეოჩართვებში, არასდროს არცერთ ჩემს კოლეგასთან პრობლემა არ შემქმნია. მე მაქვს სივრცე, სადაც ამაზე ვსაუბრობ და სკოლა არ არის ის ადგილი, რომელიც პოლიტიზირებული უნდა იყოს.
ვთვლი, რომ საუკეთესო მასწავლებელი ვარ – არაორდინალური და გამორჩეული მოსწავლეებთან დამოკიდებულებით, კონტაქტური და შინაურული, მაგრამ, პარალელურად, ძალიან მომთხოვნი სწავლასთან დაკავშირებით. ჩემს მოსწავლეებს ვუყვარვარ და ჩემი დანახვა უხარიათ. ვინც იმ კომენტარს წერს, ამ ქალს სკოლაში რა უნდაო, ერთხელ მოვიდეს, დამესწროს გაკვეთილზე და შევუყვარდები.
ბრძოლა
ცოტა გურული იუმორითაც რომ აღვწეროთ დღევანდელი მდგომარეობა, მეგობარი ჩვენ არ გვყავს, პატრონი ჩვენ არ გვყავს, თანამგრძნობი და მომხმარე ჩვენ არ გვყავს. გვყავს რუსეთუმე ხელისუფლება და გაძვალტყავებული მოსახლეობა, რომლის ნაწილი ემიგრაციაშია გაქცეული, ნაწილი მოტყუებული და ტვინგამორეცხილია. გვაქვს დრაკონული კანონები, ეკონომიკური კრიზისი, ტყუილები და დეზინფორმაცია.
ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ და უნდა გავაგრძელოთ იმ ადამიანებისთვისაც, ვინც ჭანჭიკია ამ რეჟიმის, მომხრე ან მოტყუებული. ესენი ცდილობენ, ტერმინი მოქალაქე წაშალონ, მოქალაქეს ფუნქცია დააკარგვინონ. ჩვენ არაფრის დამთმობი არ ვართ. დროებით აღზევებულებმა, საქართველოს, როგორც სახელმწიფოს არსებობა, თავისუფლება, წინსვლის სურვილი ვერ უნდა შეაფერხოს.
მე გავიარე მთელი ცხოვრება წვალებით და ბრძოლით, გაჭირვებაში, და არანაირი სურვილი არ მაქვს, ჩემმა შვილმა, შვილიშვილებმა, მოსწავლეებმა და მათმა შვილებმაც გაჭირვებასა და ტყუილში იცხოვრონ. მინდა, დღეს თუ არა, ხვალ მაინც გათენდეს მათთვის. დღეს თუ არ ვიბრძოლეთ და ამას საფუძველი არ ჩავუყარეთ, ყველა შევშინდით და ჩირგვებში დავიმალეთ, ასე არაფერი გამოვა.
ასევე უნდა ვიცოდეთ, რომ პროტესტი არ არის მხოლოდ რუსთაველი – სადაც ხარ, სადაც ცხოვრობ, შენი სიტყვით და საქციელით უნდა იყო პროტესტის ასახვა. უნდა ეცადო,რომ დეზინფორმაციას და პროპაგანდას დაუპირისპირდე და რაც შეიძლება ბევრ ადამიანს მისწვდე. უნდა ვიცოდეთ, რომ ყველაფერი წვეთ-წვეთობით ხდება, არა უცებ და ერთბაშად.
მე რა მაძლევს ძალას? არ მიყვარს დამარცხება, მოვკვდები. შეიძლება გარკვეული პერიოდი ვიყო დამარცხებული, მაგრამ ერთი დღეც რომ მქონდეს დარჩენილი, იმ ერთი დღის იმედიც მაქვს, რომ მაინც მოვიგებ.
სამშობლო
ძალიან ბევრჯერ მქონია შემთხვევა, რომ დროებით ემიგრაციაში წავსულიყავი, როგორც სხვები. უდიდესი გაჭირვების პერიოდი გამივლია, დიდად დალხინებული ახლაც არ ვარ, მაგრამ არასდროს წავსულვარ. მოვკვდები სამშობლოს გარეშე, ნოსტალგია მომკლავს.
ისე მყარად მაქვს აქ ფესვები გადგმული, თითქოს ადგილის დედა ვარ.
ეს გრძნობა, პატრიოტიზმის, ბავშვობიდან მოდის: ქართველი მწერლებისგან, პოეტებისგან, ისტორიული რომანებიდან, ღამე რომ ცრემლებს ვაღვაღვარებდი; ჩვენი გმირული ისტორიიდან, სიმღერიდან, ფოლკლორიდან, იუმორიდან, თქმულებებიდან, ჩვენი ხასიათიდან… ეს ყველაფერი ერთად არის თავმოყრილი და ჩემს გულშია.
მისი ნაწილი ვარ და ჩემი სამშობლო არის ჩემი ნაწილი.
————————————————————————
სამოქალაქო მოძრაობა ,,თავისუფლებისთვის” – მოამზადა ნინო ურუშაძემ








