სადღაც, ფიქრის ფსკერზე აწყვია ის ღამეები, ცივი და გრძელი ღამეები, მამაჩემი ლოგინს რომ მითბობდა. ათი წუთით ადრე ადიოდა დასაწოლად. მე ცეცხლის ჩაქრობას ველოდი და ცოტაც თავს ვიმცივნებდი – ასე შეცივებულს ათასჯერ უფრო მეთბილებოდა ლოგინი. ,,გოუშვი გათბობა?” – ვეკითხებოდი. ,,გაშობილია” – მეუბნებოდა თავზე საბანწაფარებული. სადღაც ფიქრის ფსკერზე აწყვია და ხან რაღაც უცნობი მიწის ძწვრა წამოკრავს ფეხს, წამოშლის და ტალღებზე ამოაგდებს. მრისხანეა ეს ტალღები და სარკესავით – შიგნით ჩემს თავს ვხედავ. უუნაროს და უპასუხოს. მე არ შემიძლია მამაჩემის საწოლის გათბობა, იმ წლების უღიმღამო ღამეების პასუხი, უღიმღამო, მაგრამ ჯადოსნური ღამეების.
მხოლოდ ასე შეხმიანებას თუ შევძლებ – წერით და ლაპარაკით. ეს წიგნებიც იმ დღეებზე და ღამეებზე პასუხი გამოდგა – შორეული და მიუწვდომელი, შეიძლება – ამაოც და უსარგებლო. არავინ იცის.