საქართველოსა და ლუქსემბურგის მატჩის დაწყებამდე ილია თოფურია საჩემპიონო ქამარს წარადგენს

UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი, ილია თოფურია 21 მარტს საქართველოსა და ლუქსემბურგის უმნიშვნელოვანესი მატჩის დაწყებამდე საჩემპიონო ქამარს „დინამო არენაზე” შეკრებილი მაყურებლების წინაშე წარადგენს.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია UFC-ის ქვემსუბუქი წონის ახალი ჩემპიონია. ქამრისთვის ბრძოლაში 27 წლის ქართველმა ლეგენდარული ავსტრალიელი მებრძოლი ალექსანდერ ვოლკანოვსკი ნოკაუტით დაამარცხა.

„21 მარტს, საქართველო – ლუქსემბურგის მატჩის დაწყებამდე UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი, ილია თოფურია დინამო არენაზე საჩემპიონო ქამარს წარადგენს. ღონისძიება 20:45 საათზე დაიწყება. ილია თოფურია საქართველოს პრემიერ მინისტრის მოწვევით ეწვევა. ერთად შევხვდეთ ჩემპიონს!”, – ნათქვამია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ მანამდე, 26 თებერვალს ქართველმა მებრძოლმა, რომელიც ესპანეთის სახელითაც ასპარეზობს, „სამეფო კლუბის” არენაზე, „სანტიაგო ბერნაბეუზე” ფეხბურთისა და შერეული ორთაბრძოლების უთვალავი გულშემატკივრის წინაშე UFC-ის ქამარი წარადგინა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share