პრემიერმინისტრ ღარიბაშვილს 4 მრჩეველი ჰყავს, მაგრამ მათ ვინაობას არ ამხელს. ღარიბაშვილის მრჩევლების შესახებ საჯარო ინფორმაცია BMG-იმ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან ოფიციალურად გამოითხოვა.
როგორც ირკვევა, ირაკლი ღარიბაშვილს ჰყავს:
1. მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში;
2. მრჩეველი ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში;
3. მრჩეველი თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში;
4. მრჩეველი (მითითებული არაა რა მიმართულებით).
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ პრემიერმინისტრის მრჩევლების ვინაობა და მათ შესახებ სხვა დამატებითი ინფორმაცია არ გაამხილა, მიზეზად კი პერსონალური მონაცემების დაცვა დაასახელა.
BMG -ის ინფორმაციით, უპასუხოდ დარჩა შემდეგი კითხვები:
• საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მრჩევლის პოზიციაზე დასაქმებულ პირთა სია/ვინაობა, განათლება და სამუშაო გამოცდილება;
• საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მრჩევლის პოზიციაზე დასაქმებულ პირთა სამუშაო აღწერილობები;
• როგორ იზომება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მრჩევლის პოზიციაზე დასაქმებულ პირთა საქმიანობის ეფექტიანობა;
• საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მრჩევლის პოზიციაზე დასაქმებულ პირთა შრომითი ანაზღაურებების ოდენობა;
• საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მრჩევლის პოზიციაზე დასაქმებულ პირთა შრომითი ხელშეკრულებების ვადა.