ივანიშვილი პრეზიდენტად? – “ოცნების” გეგმის ექსკლუზიური დეტალები

ივანიშვილი პრეზიდენტად?! – ტვ პირველის ინფორმაციით,  “ქართული ოცნება” საზოგადოებრივ აზრს იკვლევს – რა  ფიქრობს ხალხი ბიძინა ივანიშვილის პრეზიდენტობაზე. 

“ოცნება” სოციოლოგიური კვლევებით ცდილობს, დაადგინოს  მოსახლეობის განწყობები – თუ გადამწყვეტი საპარლამენტო არჩევნების წინ  “ქართული ოცნება” პრემიერობის კანდიდატთან ერთად დაასახლებს პრეზიდენტობის კანდიდატს – ბიძინა ივანიშვილს, მოუტანს  თუ არა  ეს უფრო მეტ ხმას პარტიას.  

“ქართული ოცნება” ტესტავს გზავნილებს – როგორ უნდა ახსნან  პოლიტიკიდან სამჯერ წასული და უკან  საპატიო თავმჯდომარის  პოსტზე მობრუნებული ივანიშვილის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელება.  პრეზიდენტიც მისი შეკვეცილი ძალაუფლებით საპატიო თანამდებობაა. 

რისთვის სჭირდება ბიძინა ივანიშვილს პრეზიდენტის პოსტი?

  • პირველი – “ქართულ ოცნებას” გათვლა აქვს, რომ ამით პარტიულ ხმებს გაზრდის. სახელგატეხილი გუნდი, რომელიც კორუფციასთან ასოცირდება, ივანიშვილის ფაქტორის გამო უფრო მეტი ადამიანის მხარდაჭერას მიიღებს. 
  • მეორე – ივანიშვილის გარანტირებული უსაფრთხოებისთვის –  პრეზიდენტს იმუნიტეტი იცავს,  რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ივანიშვილი პრეზიდენტი  გახდება, ხუთი წელი ვერავინ შეეხება. გადაყენების შანსი მხოლოდ იმპიჩმენტია.  (შაბათის ეთერის წყარო ამბობს, რომ მპიჩმენტს საკონსტიტუციო სასამართლოს თანხმობა სჭირდება, იქ კი “ოცნებას” მისიანი მოსამართლეების იმედი აქვს).

“ოცნება” თუ საპარლამენტო არჩევნებს წააგებს და ქვეყნის მართვის სადავეებს დაკარგავს, ივანიშვილის პრეზიდენტად არჩევის შანსი მაინც რჩება – როგორ?

  • ხმოსნები, რომლებიც იქნებიან პარლამენტში და საკრებულოებში “ოცნების” წარდგინებით, ვინც იქნება კანდიდატი იმათ დაუჭერენ მხარს.
  • კონსტიტუციით პრეზიდენტი  სამასმა ხმოსანმა უნდა აირჩიოს. 150 პარლამენტის წევრია და თუ უმრავლესობაში ოპოზიცია იქნება, მაშინ დანარჩენი 150 ხმოსნის რესურსი მაინც არსებობს  რადგან ისინი საკრებულოების წევრები არიან. ადგილობრივ თვითმმართველ  ორგანოებში უმრავლესობაში კი “ქართული ოცნების” ხალხია, ანუ ივანიშვილის პრეზიდენტად დასახელება, პრაქტიკულად წაუგებელი თამაშია. 
  • ივანიშვილი რომ პრეზიდენტობის კანდიდატი გახდეს, ამისთვის ხელმოწერების შეგროვება საჭირო აღარ არის. თუ აქამდე 25 ათასი ხელმოწერის წარდგენა იყო აუცილებელი ცესკოში, ახლა მხოლოდ 30 ხმოსანია საჭირო – ანუ საარჩევნო კოლეგიის 30 უნდა იყოს მომხრე რომ ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინონ.

შეწყალების ბერკეტი

  • ბიძინა ივანიშვილის პრეზიდენტობა არის გარანტია არა მხოლოდ ივანიშვილისთვის, არამედ მთელი მისი გუნდისთვის. რადგან  მის ხელში  ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაშიც კი იქნება  შეწყალების ბერკეტი რაც იმას ნიშნავს, რომ თუ მისი პოლიტიკური გუნდიდან ვინმეს ბრალს წაუყენებენ ან დააკავებენ, ივანიშვილს ერთი ხელის მოწერით შეეძლება მისი პატიმრობიდან გათავისუფლება.

ივანიშვილის გაპრეზიდენტების შესახებ დაწყებულ შიდა მსჯელობას “ქართული ოცნების” წევრები კამერებთან არ ადასტურებენ, თუმცა ამბობენ, რომ ის იმსახურებს იყოს ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი.

ცნობილი გახდა “ქართულ ოცნების” ინტერესის კიდევ ერთი თემა –  სოციოლოგიური კვლევებით ადგენენ, ვის აქვს  ყველზე მაღალი რეიტინგი პარტიაში, რომ საარჩევნო კამპანიის დროს მასზე დადონ ფსონი. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share