კვლავ მაღალი იყო მოსწავლეთა სწავლის მიტოვების, სტატუსის შეჩერების მაჩვენებელი. წინა წლის მსგავსად, ამის უმთავრესი საფუძველი იყო ოჯახთან ერთად საზღვარგარეთ გამგზავრება – ნათქვამია სახალხო დამცველის წლიურ ანგარიშში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.
სწავლის მიტოვებისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების მაჩვენებელი, ყველაზე მაღალია თბილისში, აჭარაში, იმერეთსა და კახეთში.
5604 მოსწავლის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის საფუძვლები საზღვარგარეთ ოჯახთან ერთად გამგზავრება გახდა.
სახალხო დამცველის აპარატის მიერ ბავშვის შესაძლო უფლებადარღვევის შესწავლილი საქმეებიდან, 15%, ბავშვებისა და ბავშვიანი ოჯახების სიღარიბესა და მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას ეხებოდა.
2023 წლის დეკემბრის მონაცემებით, 347 295-ია საარსებო შემწეობის მიმღები არასრულწლოვნების რაოდენობა.
“აღსანიშნავია, რომ „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში” რეგისტრირებული ბავშვების რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, 5,2%-ით გაიზარდა, გარდა ამისა, იმ ოჯახების რიცხვი, სადაც ერთი არასრულწლოვანი მაინც ირიცხებოდა, 25,805 იყო, ხოლო ბაზაში პირველად დარეგისტრირდა 45,401 ოჯახი. ამასთანავე, კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების ქვეპროგრამის ფარგლებში, ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტებით უზრუნველყოფის კომპონენტში ჩაერთო წლამდე ასაკის 2052 ბავშვი, ხოლო ბავშვიანი ოჯახების საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფის კომპონენტში – 5053 ოჯახი. აქვე, შესწავლილი საქმეები ცხადყოფს, რომ ცენტრალური პროგრამების გარდა, უმეტეს შემთხვევაში, ოჯახები მუნიციპალურ დონეზეც არიან ჩართულები სხვადასხვა სოციალურ პროგრამაში.
ყოველივე ამის მიუხედავად, აპარატის შესწავლის შედეგების თანახმად, წინა წლების მსგავსად, ქვეყანაში მოქმედი მიზნობრივი სოციალური დაცვის ცენტრალური და მუნიციპალური პროგრამები ჯეროვნად ვერ პასუხობს მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებებს. გარდა ამისა, სახალხო დამცველის რეკომენდაციის მიუხედავად, გამოწვევად რჩება ბავშვების მშობლების, მათზე მზრუნველი პირების უნარ-ჩვევების განვითარებისა და ოჯახების დამოუკიდებელი ცხოვრების მიღწევისთვის სათანადო მექანიზმების დანერგვა და სოციალური მუშაობის ეფექტიანი წარმართვა” ვკითხულობთ ანგარიშში.