დღისით ძილი, თუნდაც 5 წუთით წათვლემა დადებითად მოქმედებს ადამიანის გონებრივ შესაძლებლობებზე და შეიძლება დემენციის განვითარებაც კი შეაფერხოს. ამ დასკვნამდე ჩინელი მეცნიერები კვლევის შედეგად მივიდნენ, რომლის შესახებ სტატია ბრიტანულ სამეცნიერო ჟურნალში (British Medical Journal) გამოქვეყნდა.
მკვლევარებმა 60 წლის 2200 ჯანმრთელი ადამიანის ძილის რეჟიმი შეისწავლეს, რომლებიც ჩინეთის დიდ ქალაქებში – პეკინში, შანხაისა და სიანში ცხოვრობენ. მათგან 1534 დღისით მუდმივად იძინებდა – ზოგი 5 წუთით, ზოგი კი 2 საათით. დანარჩენ 680 ადამიანს კი დღისით არასოდეს დაუძინია.
გაირკვა, რომ დღისით ძილი ხანდაზმულ ადამიანებში სივრცეში უფრო ზუსტ ორიენტაციას, სწრაფ მეტყველებას და კარგ მეხსიერებას იწვევს.
კვლევის ყველა მონაწილე დემენციის ნიშნებზეც შეამოწმეს. გაირკვა, რომ მათ, ვისაც დღისით ცოტა ხნით მაინც ეძინათ ბევრად უკეთესი სიტუაცია აღმოაჩნდათ.
განვითარებულ ქვეყნებში დემენცია 65 წლის ზევით ყოველ მეათე ადამიანში ვითარდება. სულ მსოფლიოში დაახლოებით 50 მილიონი ადამიანი ამ დაავადებით ცხოვრობს. ის მეხსიერების და გონებრივი შესაძლებლობების დაქვეითებას იწვევს, ასევე დროსა და სივრცეში ორიენტაციის უნარს აქვეითებს და დაავადებულები ახლობელ ადამიანებსაც კი ვეღარ ცნობენ.
ასაკთან ერთად ადამიანს ძილის რეჟიმი ეცვლება და სულ უფრო ხშირად იძინებს დღისით. ადრე მეცნიერები ვერ თანხმდებოდნენ იმის შესახებ, დღისით ძილი დემენციის განვითარებას ამცირებდა თუ პირიქით, მისი სიმპტომი იყო.
მეცნიერები ხაზს უსვამენ, რომ კვლვევა მიმოხილვითი იყო და ისინი ჯერ ვერ ამტკიცებენ, რომ დღის ძილი მართლაც ახდენს გავლენას კოგნიტიური ფუნქციების შენარჩუნებასა და დემენციის განვითარების შეჩერებაზე. არ იქნა გათვალისწინებული მაგალითად დღის ძილის ხანგრძლივობა და დღის მონაკვეთი, როცა კვლევის მონაწილეებს ეძინათ. ეს ფაქტორები კი შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი იყოს.
თუმცა, გარკვეული დასკვნები მკვლევარებმა მაინც გააკეთეს.
მათ ივარაუდეს, რომ დღის ძილი ორგანიზმის რეაქციაა ამა თუ იმ ანთებით პროცესზე.
“ანთების გამომწვევი ქიმიური ნივთიერებები უშუალო მონაწილეობას იღებენ ძილის მოშლაში. ძილი არეგულირებს ორგანიზმის იმუნურ პასუხს, დღის ძილი კი შესაძლოა ჩვენში ანთებაზე რეაგირების უნარს ავითარებდეს. ადამიანებს, რომლებსაც უფრო აქტიური ანთებითი პროცესები აღენიშნებათ, უფრო დიდხანს ძინავთ“–ნათქვამია კვლევაში.
ორგანიზაცია Alzheimer’s Research UK –ის თანამშრომელი, სარა იმარისიო კაპა Daily Mail–თან ინტევიუში აღნიშნავს, რომ დემენციით დაავადებულ ადამიანებს ძილის რეჟიმის დარღვევები ახასიათებთ, თუმცა კვლევა აჩვენებს, რომ მისი ცვლილებები შეიძლება დაავადების სიმპტომების, მაგალითად მეხსიერების დაკარგვის გამოჩენამდე დიდი ხნით ადრე დაიწყოს.
მისი თქმით, კვლევის ავტორებმა ვერ შეძლეს გაერკვიათ, რა გავლენას ახდენს დღის ძილი მეხსიერებაზე ან აზროვნებით პროცესებზე. მათ მხოლოდ ის დაადგინეს, რომ მათ შორის კავშირი არსებობს.