„ნუ მიეყრდნობით რუსეთს“ – სახალხო პროტესტი „უცხოური აგენტების“ კანონის წინააღმდეგ

საპროტესტო ლოზუნგები ცოცხლდება – თუ ისინი აქამდე მხოლოდ აქციებზე გინახავთ, ახლა მათ ყველგან შეიძლება წააწყდეთ – ე.წ. უცხოური აგენტების კანონის წინააღმდეგ სახალხო პროტესტი გასცდა პარლამენტთან აქციაზე დგომას. ხოლო მოწოდება „არა რუსულ კანონს“, შეგხვდებათ ყველა სოციალურ ქსელში, ამ სიტყვებს მოისმენთ თეატრის სცენიდან, ამ განწყობას ამოიკითხავთ ქუჩებში გაკრულ, ასობით პროპაგანდისტულ პლაკატთან ბრძოლაში, ბაზარსა თუ მეტროში.

ერთი წლის შემდეგ „აგენტების კანონის“ პარლამენტში დაბრუნებამ კიდევ ერთხელ გამოიწვია სახალხო მღელვარება და სახალხო აქტივიზმიც გააჩინა.

ხალხის მიერ კედლებიდან ჩამოხეული ე.წ. აგენტების კანონის პროპაგანდისტული პლაკატების ნარჩენები თბილისში. 10 აპრილი, 2024
ხალხის მიერ კედლებიდან ჩამოხეული ე.წ. აგენტების კანონის პროპაგანდისტული პლაკატების ნარჩენები თბილისში. 10 აპრილი, 2024

პროტესტი ქუჩაში

თბილისში, 9 აპრილს გამართული საპროტესტო აქციიდან შინდაბრუნებულმა მაკუნა ჩინჩალაძემ სოციალურ ქსელში იმ საღამოს გავრცელებულ ვიდეოებში ნახა, როგორ ხევდა ხალხი თბილისის ქუჩებში გამოკრულ პროპაგანდისტულ პლაკატებს ე.წ. უცხოური აგენტების კანონზე – სახლში ყოფნის გამო, თავი დამნაშავედ იგრძნო.

მეორე დღეს საგანგებოდ მივიდა წინა დღით შეთვალიერებულ ადგილას, ვარაზისხევის და მელიქიშვილის ქუჩის კუთხეში, სადაც სამშენებლო ღობეზე შპალერივით იყო გაკრული ათობით პლაკატი. თან ჰქონდა სითხის წასასმელი ინსტრუმენტიც, პლაკატების იოლად ასაძრობად.

„ნაწილი ავაძვრე, მათ შორის დიდ ჭადარზე სტეპლერით მიკრულიც. 15 წუთში გამოვედი უკან და უკვე კვლავ ჰქონდათ გაკრული ხეებზე“.

 

მაკუნას მიერ ჩამოხეული პლაკატები.
მაკუნას მიერ ჩამოხეული პლაკატები.

ნახევარი საათის განმავლობაში, მაკუნა ჩინჩალაძეს ორი ხანშიშესული ადამიანი გამოელაპარაკა, აინტერესებდათ – რატომ აკეთებ ამასო?

„რამდენს გიხდიანო, მკითხეს. გამეცინა. სამაგიეროდ, ვინც დამინახა, რომ ვხევდი, უმრავლესობა შემომიერთდა, თითო-თითო ან მეტი პლაკატი მათაც ჩამოხიეს. მე ვაგროვებდი ნაგავს და ცხადია, სანაგვეში ვყრიდი. ერთი ბიჭი მომეხმარა და კარგ საქმეს აკეთებო, შემაგულიანა“.

ერთმა გამვლელმა მანქანიდან გამოსძახა, მადლობაო.

„ამ დადებითმა ემოციებმა გადაწონა ორი ხანშიშესული ადამიანის “შიშები საქართველოს მომავალთან” დაკავშირებით… ეს კანონი არის რუსული, რადგან რუსეთის გარდა, ყველა მოკავშირე, მეგობარი და პარტნიორი ქვეყანა მოუწოდებს პარლამენტს, არ მიიღოს ეს კანონი“, – ამბობს მაკუნა.

ამ პლაკატების ჩამოსახევად მაკუნა საგანგებოდ, კარგად მომზადებული მივიდა
ამ პლაკატების ჩამოსახევად მაკუნა საგანგებოდ, კარგად მომზადებული მივიდა

“აგენტების კანონის” პროპაგანდისტულ პლაკატებს აქტივისტები თბილისს გარეთაც ხევენ. ეს ვიდეო გურიაშია გადაღებული:

პროტესტი სპორტში

დიდი გამოხმაურება მოჰყვა საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, გიორგი ქოჩორაშვილის ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ პოსტს: მან 9 აპრილს, თბილისში გამართულ პროევროპულ აქციაზე გადაღებული, თავისი დისშვილის ფოტო დაპოსტა და ასე გამოხატა საკუთარი პოზიცია: ამ ფოტოზე გოგონას ხელში ევროკავშირის დროშა უკავია.

მართალია, ამის შემდეგ ინსტაგრამზე მისი ანგარიში გაქრა, თუმცა იგივე ფოტო, მალე, მისმა მამამ, როინ ქოჩორაშვილმაც გამოაქვეყნა ფეისბუკზე. შემდეგ კი საჯაროდ დაწერა: „საქართველოს გზა ევროპაშია!“

გიორგი ქოჩორაშვილის მამის, როინ ქოჩორაშვილის პოსტი ფეისბუკზე
გიორგი ქოჩორაშვილის მამის, როინ ქოჩორაშვილის პოსტი ფეისბუკზე

მოგვიანებით მან კიდევ ერთი საჯარო პოსტი დაწერა, სადაც ჟურნალისტებისთვის წერს, „ჩვენი პოზიცია აქ დაფიქსირებულია, ჩემი სიცოცხლით ვაგებ პასუხს, პოზიცია შეუცვლელიაო“.

„რუსული კანონი არის საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზის საბოტაჟი“, – ეს სიტყვები ვეტერან მორაგბეს, ირაკლი მაჩხანელს ეკუთვნის.

საფეხბურთო კლუბმა “ზესტაფონმა“ თავის ფეისბუკვერდზე დაწერა: „ევროპა ჩვენი არჩევანია!”

ეს კი ფეხბურთელ გიორგი მერებაშვილის პოსტია ინსტაგრამზე:

გიორგი მერებაშვილის პოსტი
გიორგი მერებაშვილის პოსტი

პროტესტი ტიკტოკზე

„აგენტების კანონის“ პარლამენტში ხელახლა დაბრუნებით გამოწვეული ბრაზი და პროტესტი ტიკტოკის პლატფორმაზეც გამოჩნდა, რომლის მომხმარებელთა უმრავლესობა ახალგაზრდები არიან. ცნობილი და ნაკლებად ცნობილი ტიკტოკერები ხსნიან, რატომ არის ეს კანონი საფრთხის შემცველი საქართველოსთვის – „რატო არის ეს კანონი რუსული“.

მაგალითად, ამ ვიდეოში სტუდენტებს ასეთი დიალოგი აქვთ:

– ნახე, “ერასმუსში” რა მაგარი პროგრამებია? არ გინდა შევიტანოთ?

– რა შეიტანო, ბლოკავს ეგ რუსული კანონი მაგას.

– სტუდენტური დასაქმებით რომ წავიდეთ?

– ეგ მეც ვიფიქრე, მაგრამ ეგ კანონი მაგასაც მოკლავს.

– ისე წავიდეთ, უვიზო ხომ გვაქვს?

– გააუქმეს ეგ მიმოსვლა მაგ კანონის მერე, რას წახვალ…

ტიკტოკზე გამოქვეყნებული ერთ-ერთი ვიდეო, სადაც სტუდენტები “აგენტების კანონს” აპროტესტებენ

პროტესტს შეხვდებით მეტროშიც.

სალომე უგულავამ ეს ფოტო მეტროში გადაიღო
სალომე უგულავამ ეს ფოტო მეტროში გადაიღო

აი, მაგალითად, მეტროს ვაგონის კარზე მიწერილი ეს წარწერა („ნუ მიეყრდნობით – რუსეთს“) ტელეკომპანია “ფორმულის” ჟურნალისტმა სალომე უგულავამ გადაიღო და სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

„არა რუსულ კანონს“ თეატრის სცენიდანაც

მოულოდნელი იყო ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის მსახიობის, დათო ბეშიტაიშვილის სცენიდან მიმართვა მაყურებლისადმი სპექტაკლის დასრულების შემდეგ.

მან თქვა:

„საშინელი საშიშროების წინაშე ვართ ყველა. იმის გამო, რომ ერთმა კაცმა (და მისმა ქვეშევრდომებმა) ნახონ კმაყოფილება, მოვყევით ყველა ამ ყველაფერში. არა რუსულ კანონს!“.

 

დათო ბეშიტაიშვილის სცენიდან მიმართვა მაყურებლისადმი
დათო ბეშიტაიშვილის სცენიდან მიმართვა მაყურებლისადმი

რადიო თავისუფლებასთან საუბარში კი დააზუსტა, რომ ეს იყო მისი პირადი მოსაზრება და, რომ „ეს კანონი არ უნდა მიიღოს ხელისუფლებამ. წინ კი დიდი ბრძოლაა“.

ტელეკომპანია „პირველის” ეთერში რუსულ კანონზე საუბრისას საქართველოს ნაციონალური ბალეტის „სუხიშვილების“ ხელმძღვანელმა, ნინო სუხიშვილმა თქვა, რომ საქართველოს უსაფრთხოების გარანტი – ევროპისა და ამერიკის გვერდზე დგომაა.

მისი აზრით, ამ კანონის მიღება „მეგობარ ქვეყნებს აზრს შეუცვლის ჩვენს ქვეყანაზე“.

ილიკო სუხიშვილი კი „აგენტების კანონზე“ საუბრისას “ქართული ოცნების” ხელისუფლებას “რეჟიმს უწოდებს და ამბობს:

„საბჭოთა რეჟიმის მოყოლებით დღევანდელი რეჟიმი, რომელიც აი, ამ თავის ფორმატით არანაკლებ საშინელია, გვაშორებს ამ თავისუფალ პერსპექტივას”, – თქვა ილიკო სუხიშვილმა.

"პლაკატების ომი" თბილისში
“პლაკატების ომი” თბილისში

მწერლებისა და გამომცემლების “არა რუსულ კანონს”

საქართველოს პენცენტრის წერილს, რომლითაც დაგმობილია საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება ხელახლა სცადოს „აგენტების კანონის“ ქართველი ხალხისთვის თავს მოხვევა, ხელს აწერს ათობით მწერალი. მთარგმნელი, გამომცემელი და ლიტერატურის სფეროში დასაქმებული ადამიანი.

„მოვუწოდებთ ქართველ ხალხსარავითარ შემთხვევაში არ შეეგუონ სიტყვის გამტეხელნებაყოფლობით გარუსებული მოღალატეების ძალმომრეობას და საქართველოს სახელმწიფოებრიობის ღალატს და ყველა შესაძლო ფორმით და მეთოდით წინ აღუდგნენ საქართველოს რუსიფიკაციის მორიგ მცდელობას“, – წერს პენცენტრი.

პროტესტი ექიმებში, საჯარო მოხელეებში

ევროპის მხარდამჭერი და ე.წ. უცხოური აგენტების კანონის საწინააღმდეგო პოსტი გაჩნდა ჩხოროწყუს საკრებულოს ფეისბუკგვერდზე – „მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი“, „არა რუსულ კანონს”, „საქართველოს მომავალი ევროპაშია“, „რუსეთი ოკუპანტია“.

ჩხოროწყუს საკრებულოში უმრავლესობა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები არიან.

ე.წ. აგენტების კანონის საწინააღმდეგო საჯარო პოსტებს აქვეყნებენ ექიმებიც.

მაგალითად, ექიმმა ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა საკუთარ ფეისბუკზე დაწერა, მთავარი აგენტები ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი არიან, რომლებმაც უცხო ქვეყნის (აშშ) გავლენა გაატარეს 80 ათასზე მეტი ადამიანის C ჰეპატიტისგან განკურნების პროცესში და დღემდე აგრძელებენ ამ აგენტურულ საქმიანობასო.

„მარტო დაფინანსების წყაროების ჩამოთვლას რაში ჭირდება უცხო ქვეყნის აგენტის სტატუსი? შეიხედეთ არასამთავრობოების საიტებზე და დეტალურად არის ჩამოთვლილი დაფინანსების წყაროები. სხვა მაგალითებს არ მოვიყვან, ეს ერთიც საკმარისია“, – დაწერა მაია ბუწაშვილმა.

რადიო თავისუფლება

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share