შემოქმედის მონასტრის “გიგანტური” ქვა

შემოქმედის მონასტრის “გიგანტური” ქვა
.
დიუბუა დემონპრეს ალბომში არსებული შემოქმედის მონასტერის ილუსტრაციაზე აშკარად თვალში გვხვდება მონასტრის ეზოს წინ ორ დამუშავებულ ქვაზე გადებული გიგანტური გათლილი ქვა. ასევე იქვე დევს მეორე მოზრდილი წრის ფორმის ქვა. დიუბუა გურიაში 1832 წელს იყო ჩამოსული ანუ 12 წლის შემდეგ რაც რუსებმა შემოქმედის ციხე ააფეთქეს. მონასტერი ციხის ეზოში იდგა, რომელიც ქველი ჩხატარაიშვილის მიხედვით შემოქმედის მონასტრის დღევანდელ ეზოზე გაცილებით უფრო დიდი უნდა ყოფილიყო, რომლის კონტურებიც ტიმოთე გაბაშვილის რუკაზე არის დატანილი. შესაბამისად ეს ქვა აფეთქებული ციხის ნაწილი უნდა იყოს, თუმცა ქვის სიდიდე და კონუსისებური ფორმა სხვა ვარაუდის საფუძველსაც იძლევა.
.
გიგანტური ქვა შემოქმედის მონასტრთან გურიაში 1850 წელს მყოფმა ნიკოლოზ დინკელ ველიგმაც ნახა – „ვრცელი და ნათელია მიტროპოლიტის სახლი, მე იქ შევხვდი ღვაწლმოსილ მოხუც ბერს – მიტროპოლიტ დავითს. სადაც კეთილი გულით შემოგვთავაზეს მოკრძალებული ვახშამი, რომლის შემდეგაც მოვთავსდი ხეებს შორის გიგანტური ქვისაგან გაკეთებულ სკამზე, საიდანაც ვტკბებოდი მონასტრის მთის მწვერვალიდან გადაშლილი ხედებით.“
.
გიგანტური ქვა აღარ ჩანს ჯონ ტელფერის მიერ შესრულებულ შემოქმედის მონასტრის ილუსტრაციაზე, ტელფერი სართველოში 1870 წლების დასაწყისში იყო და როგორც ჩანს ეს ქვა ან აღარ იყო ადგილზე ან იგი ილუსტრაციაზე არ დაიტანა ტელფერმა.
.
დიუბუას ილუსტრაციით თუ ვიმსჯელებთ ქვა საკმაოდ დიდი უნდა ყოფილიყო, თანაც უკვე მთლიანობა დარღვეული, რადაგანაც იგი დევს ორ ქვაზე, რომელიც დიდი ალბათობით ამავე ქვის ნაწილი უნდა ყოფილიყო. მთლიანობაში იგი საკმაოდ დიდი სიგრძის (სიმაღლის) და რაც მთვარია ძალიან დიდი წონის მქონე უნდა ყოფილიყო. თუ კი გავითვალისწინებთ იმას, რომ ტაძრები იქვე შენდებოდა სადაც ქრისტიანობამდელი წარმართული სალოცავები იყო, მაშინ ამ ქვას შესაძლებელია რელიგიური დანიშნულებაც ჰქონოდა. გიგანტური ქვის მთლიანად მონასტრის კონცხზე ატანაც არ უნდა ყოფილიყო ადვილი, რაც იმას ნიშნავს რომ ქვის მთლიანობას დიდი მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა. ყოველივე ხსენებული იძლევა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ გიგანტური ქვა მონასტერზე უფრო ძველი და რელიგიური დანიშნულების უნდა ყოფილიყო.
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share