დავით მაჭუტაძის რვა პუნქტიანი გეგმა – ანუ რას ითხოვდა გურული თავადი რუსებისაგან 1844 წელს

თავადი დავით მაჭუტაძე გურიის უკანასკნელი მთავრის მამია გურიელის კარზე სახლთუხუცესი გახლდათ, სამთავროს არსებობის ბოლო წლებში იგი პრაქტიკულად მართავდა მთელ გურიას, ასევე იგი გახლდათ 1819-1820 წლის აჯანყების ერთერთი მოთავე, 1826-1829 წლებში გურიის სამთავროსა და რუსეთის მთავრობას შორის დაპირისპირებასთან დაკავშირებული მოვლენების ერთერთი მთავარი ფიგურა.
.
დავით მაჭუტაძის 1844 წლის 10 თებერვლის წერილი კავკასიის მთავრმმართებლისადმი დაარქივებულია გურიის 1841 წლის აჯანყების მასალებში (гурийское дело). წერილში პუნქტობრივადაა აღწერილი გურიის პრობლემები და მათი გადაჭრის მიზნით მითითებულია მოთხოვნები. რეალურად წერილი წარმოადგენს იმდროინდელი გურიის პრობლემების გადაჭრის რვა პუნქტიან გეგმას. რაც შეეხება მოთხოვნებს მათი მოკლე აღწერა ასეთია:
.
1. ქობულეთიდან გურიაში შემოტანილ საქონელზე (ტანსაცმელზე) საბაჟო გადასახადის გაუქმება;
2. გურიაში ოჯახების გაყოფის აკრძალვა თუ კი ოჯახში არ იქნებოდა ხუთი ზრდასრული მამაკაცი;
3. გადასახადის გადახდა შემოსავლის მიხედვით და შეღავათები მცირეწლოვანი შვილების ოჯახებს; ფულადი გადასახადის შეცვლა ნატურით გადასახადით;
4. საკუთარი ხარჯით რუსეთ-თურქეთის საზღვრის დაცვის ბეგარისაგან გურული გლეხების განთავისუფლება;
5. გურიაში ადგილობრივი სასამართლოს შექმნა და ადგილობრივი საზოგადოების მიერ ადგილობრივი მოსამართლეების არჩევა – რუსეთთან მიერთებამდე გურიაში არსებული წესისამებრ 10 წლის ვადით;
6. გურიაში სასწავლებლის გახსნა;
7. გურიაში ადრე მოქმედი კანონების და ჩვეულებების აღიარება და გამოყენება;
8. გურიის ყველა ფენის მოსახლეობის ოჯახებში არსებული დოკუმენტაციის ასლის გადაღება და დაარქივება;
.
წერილის შემოკლებული შინაარსი:
.
მოხსენების ზაპისკა გურიის კნიაზის დავით მაჭუტაძისა თებერვლის ი-სა დღსა ჩყმდ – წელსა (10 თებერვალი 1844 წელი) – განცხადებითა სხვადასხვათა საჭიროებათა გურიის ვეზდისათა.
.
„მე ვითარცა ძირეული მცხოვრები გურიის და მცნობელი სრულებით ხასიათთა და ზნეთა და ადგილობითისა მდგომარეობისა აქაურისა ერისა ვალდებულებად ვრაცხ მოვალეობითა ერთგულ ქვეშევრდომილებისათა, რათა განვუცხადო თქვენსა მაღალაღმატებულებასა ვითარცა არჩეულსა ერთ მთავრისა მიერ კეთილსა მზრუნველსა და მამასა კავკასიის მხარეთ აქეთელთა საჭიროებანი და გარემოებანი გურიის უეზდისანი.“
.
ა/დ (1 პუნქტი) – გურიაში თურქეთ-რუსეთის საზღვარზე საბაჟო კონტროლის დაწესების შედმდეგ ქობულეთიდან ტანსაცმელის შემოტანა შეწყდა ან მასზე დაწესებულმა ბაჟმა მისი ღირებულება ძალიან გაზარდა. ამ მხრივ განსაკუთრებით ცუდ მდგომარეობაში ჩავარდნილან გლეხები – „ესრედ უდიდესი ნაწილი მათგანი ითმენენ თვით უკიდურესსა ნაკლულოვანებასა ტანისსა მისისა შინა იქამდე, რომელ როგორც მე პირდაპირ ვიცი, მრავალნი არიან ესრეთი სახლობანი, რომელთა შინა დიდითგან ვიდრე მცირედმდე ყველანი შიშველნი არიან, ხოლო განსაკუთრებით გლეხის კაცის შვილები ვიდრე მეათე წლამდე უკანასკნელი პერანგიც არ ეღირსებათ.“
.
მაჭუტაძე ითხოვდა ქობულეთიდან გურიაში ბაჟის გადახდის გარეშე საქონლის შემოტანას – „აღსამსუბუქებლად ამისა მცხოვრებს უკეთუ რაოდენსამე დროსა ნება რთულ იქნების შემოტანა გურიაში ქობულეთით აღკრძალულთა საქონელთა უბაჟოდ ამისა, რომელ, გურულნი მიჩვეულ არიან რა შესამოსად სამოსლისა ოსმალო ხელმოქმედებისაგან და აქვსთ რა საზოგადო სახმარებლად შემოღებული თათრული ტანსაცმელი, რომელთაც იგინი კარანტინის განწესებამდე ყიდულობდნენ ქობულეთს ფდ იაფ ფასად, აწ და ესევე ამგვარისა ტანისამოსისა მიაჩნიათ როგორღაც იწროებასავით.“
.
ბ/დ (მე-2 პუნქტი) – საუბარია ოჯახების მრავალრიცხოვნობასა და ამავე ოჯახებში „აღრეულთა შფოთიანთა დროთაგან ზედასმისაგან მტერთასა“ გამო მარჩენალის ანუ მუშა მამაკაცების სიმცირეზე, რაც გურიაში მოსახლეობის სიღარიბის ძირითად მიზეზადაა დასახელებული – „ძვირად იქნება სახლობა, შინამკვიდრნი ძმანი ანუ მამა და დაცოლშვილიანებულნი ძენი სცხოვრობდნენ ერთად, და ესრედ შეხვდება ერთსა მუშა კაცსა სარჩენად რაუდენიმე ესრეთნი სულნი, რომელთაც არავითარის შემწეობის მიცემა სახლთ მმართველობისა შინა მისდამი არ შეუძლინთ.“ მაჭუტაძე აღნიშნავს, რომ ოჯახები მრავალრიცხოვანია ხოლო მისი შემნახავი ხშირ შემთხვევაში ერთი. სიღარიბის გამო ხალხი ყიდის უძრავ ქონებას და ქურდობს ან იძულებულია სხვა მხარეში გაიქცეს – „განულტოლვადცა სადმე“.
.
ზემოხსნებული მდგომარეობიდან გამოსვლის მიზნით მოთხოვნა შემდეგი გახლდათ – „აღმოსავფხვრელად ამისა მე ვგონებდი მცა, რათა დაედგინოსთ ვალდებულებად ადგილობითთა მთავრობათა აქვნდესთ ფიცხელი დაცულება მცხოვრებთა ზედა რათამცა მათ არ გაბედონ განყოფა უკეთუ ოჯახობაში არ იქმნეს ხუთი სული მაინც მოწიფული მამაკაცი, მაშინ მცხოვრებთა ექმნებათ გაუძნელებელნი საშვალებანი ერთთა ვაჭრობისა, მეორე ფულის მოგებისა და ზოგთა ხვნისა და და თესვისა, ღვინის კეთებისა და სხვათა მოქმდებათა.“
.
გ/დ (მე-3 პუნქტი) – გლეხებს რომლებსაც ჰყავდათ მცირეწლოვანი შვილები ან ჰქონდათ მცირე შემოსავალი გადასახადი უფრო ნაკლები უნდა გადაეხადათ ვიდრე შეძლებულს, მთლიანობაში კი ეს სოფლის საზოგადოებას უნდა გარეკვია – „სახელმწიფო ყმანი, რომლთაც შეწერილი აქვსთ ფულის ბეგარა სულზედ და რომელნიც ცხოვრობენ მარტო ხელად და ჰყავსთ მცირეწლოვანნი შვილები ჰგრძნობენ ეგრეთვე დიდსა უკიდურესობასა ზღვევასა შინა ბეგრისასა, ამის გამო უმჯობესი იქნებოდა თვით სოფლის საზოგადოებისა შემოტანა სულის ანგარიშით, ერეთ რომე თვით მცხოვრბთა განაგონ ურთიერთისა შორის ანგარიში შეძლებულზედ. მომეტებულად შეუძლებელზედ მცირე, ხოლო თვითოეულსა ოჯახში მყოფს სული ნუ მოეკიდებიან.“
.
ადრე გლეხები გადასახადებს მოწეული მოსავლიდან ნატურით იხდინენ, რაც რუსების შემოსვლის შემდეგ შეიცვალა და გლეხებს ფულადი გადასახადი დაუწესდათ, რამაც ძალიან დაამძიმა მათი მდგომარეობა, ამითომ თხოვნა იყო ფულადი გადასახადის შეცვლა ნატურით გადასახადით – „უკეთუ ნაცვლად ფულისა მოეთხოვებათ ხორაგი როგორც ეს იყო გურიის მთავართასა მაშინ ამის მიერ ხალხი მიიღებს დიდსა სიმსუბუქესა.“
.
დ/ე (მე-4 პუქნტი) – რუსეთ-თურქეთის გურიის მონაკვეთის საზღვრის დაცვას თავისი ხარჯით ახორციელდნენ გურული გლეხები, რაც ზემოხენებულზე დამატებით ამძიმებდა მათ მდგომარეობას – „ზემეორე განცხადებულსა გლახაკობითსა მდგომარეობისა თანა გურიის მცხოვრებთასა, მათ ზედა დადებულ არს დაცვა კორდონის საყარაულობისა, რომელსაც ზედა მიჩენილ არს მიუცილებლად თვისის ანგარიშით სამას ორმოცდა ათი დაიარაღებულნი კაცნი. მსახურებას ამას აღასრულებენ გაანგარიშებით და რიგით წოდებათა გლეხნი კაცნი.“ რის გამოც გლეხები ვერ ახერხებდნენ მიწის დამუშავებას – „უნდა დაკარგოს შემთხვევა დატესვისა ანუ გაბარვისა ანუ მოწევისა წლიურისა თვისისა მოსავლისა, და ამის გამო მთელს წელს ოჯახობითურთ თვისით უნდა დაშთნენ მშიერნი.“
.
ამ შემთხვევაში მოთხოვნა იყო საზღვრის დაცვა სანახევროდ მაინც მომხდარიყო რეგულარული ჯარით და გურულები განთავისუფლებულნი ყოფილიყვნენ საზღვრიც დაცვის ბეგარისაგან – „ხალხი მოუწოდს მხოლობითსა შემბრალეობასა მთავრობისასა და პატივის დებასა უკიდურესისა თვისისა სიღარიბისასა, რათა საყარაულოებზედ ექმნესდ შემსუბუქება, თუ სამარადისოდ არა, ნახევრობით მაინც რეღულიარნის ჯარის დაყენებით.“
.
ე/დ (მე-5 პუნქტი) – გურიის ყველა ფენას მრავალი სადაო საკითხი ჰქონიათ გადასაწყვეტი – „მცხოვრებთა გურიისათა როგორც მაღალისა ეგრეთვე მდაბალისა ხარისხისათა აქვსთ, ურთიერთშორის ფდ დიდ რიცხოვანი ცილობანი.“ ამიტომ უძნელდებოდათ დავების გადაწყვეტისათვის ქუთაისის სასამართლოსათვის მიმართვა, აქედან გამომდინარე ითხოვდა გურიაში სასამართლოს შექმნას, რომლის შემადგენლობაში ადგილობრივი თავადები უნდა ყოფილიყვნენ და სასამართლოს უნდა გადაეწყვიტა ყოველგვარი საქმეები სისხლის სამართლის საქმეთა ჩათვლით – „მიუცილებელ საჭიროებად იხედების დაწესება გურიაშიდ სუდისა, დანიშვნით მათ შინა ჩლენებისათა აქარურთა თავადთაგან აღმორჩევისათა საზოგადოებისათა და რათამცა ამა სუდსა შინა დაბოლოებულ იქმნებოდა სასიხლონი საქმეები.“
.
ეს პუნქტი ალბად ყველაზე საინტერესოა, რადგანაც 1810 წელს გურიელსა და რუსეთის მთავრობას შორის დადებული ხელშეკრულებით რუსები სამთავროს შიდა საქმეებში არ უნდა ჩარეულიყვნენ, მათ შორის გურიას უნდა ჰქონოდა თავისი სასამართლო, სამთავროს გაუქმებამდე გურიაში ადგილობრივი სასამართლო მოქმედებდა. გურიაში საქმის წარმოების წესები და ტემინოლოგია განსხვადებოდა საქართველოს სხვა სამფო-სამთავროების სამართალწარმოებისაგან. გურიის დივანბეგთა განჩინებები აღმოჩენილი იქნა დიმიტრი ბაქრაძის მიერ და წარმოადგენს ქართული მართლმსაჯულების ისტორიისათვის განსაკუთრებულ დოკუმენტებს.
.
მაჭუტაძის ეს მოთხოვნა რეალურად წარმოადგენს 1810 წლის ხელშეკრულების ერთერთი პირობის შესრულების ოთხოვნას. აქვე საინტერესოა, რომ მოსამართლედ გამწესება არჩევითი იყო, ასევე ადგილობრივ თავადების არჩევაზე მითითითება სავარაუდოდ მართლმსაჯულების გასაგებ ანუ ქართულ ენაზე განხორციელებასაც გულისხმობდა. ამასვე ადასტურებს მოთხოვნების მეშვიდე პუნქტი.
.
ვ/დ (მე-6 პუნქტი) – გურიაში სასწალებლის გახსნა – „განსანათლებლად ყრმათა მიუცილებლად საჭიროა რათა დაიწესოს გურიაშიდ სასწავლებელი.“
.
ზ/დ (მე-7 პუნქტი) – ამ პუქნტში მითითებულია, რომ სამთავროს გაუქმებადე გურია იმართებოდა ადგილობრივი ჩვეულებებით და კანონებით, ასევე საუბარია საეკლესიო კანონებზეც და მოსამართლედ დანიშვნის ვადაზე, რომელიც 10 წელი ყოფილა. აქვე არის მოთხოვნა გურიაში ადრე მოქმდეი კანონების/ჩვეულეებბის აღირებასა და გამოყენებაზე:
.
„გურია შემოსული არს მმართებლობისა შინა როსსიისასა ჩყკჲ- წელში. ვიდრე ამა ჟამამდე იმართებოდა იგი ადგილობრივთა ჩვეულებებითა და კანონით საქართველოის მეფის ვახტანგისათა. ათწლობითნი სუდში და ათკვირაობითნი პოლიციაში. დიდ ხნოვანებანი არაოდეს გურიაში გამოცხადებულ არ ყოფილან და ამის გამო მცხოვრებნი ოდესმე მოაკლდებიან უბრალოდ თვისსა საკუთრებასა. თანასწორითვე არს გურიასა ზედა უჯუროთ განკარგულება განთავისუფლებისათვის მებატონედ მფლობელობისაგან – სამღვდელოთ შვილთა ჩყი-წლითგან (1810 წელი), მაშინ როდესაც განკარგულებასა ამას უნდა მიეღოს ძალი თვისი უკეთუ არა იმჟამითგან ოდესაცა გამოცხადდა, ესე იგი ჩყლჲ- წელიდგან, მაშა ჩყკ.-წლიდამ (1820) მაინც ესე იგი იმდროიდამ როდესაც გურია შევიდა რუსეთის მმართებლობასა შინა.“
.
ც/დ (მე-8 პუქნქტი) – გურიის ყველა ფენის მოსახლეობის ოჯახებში არსებული დოკუმენტაციის ასლის გადაღება და დაარქივება – „გარემისაქცეველად ყოველთა სიყალბეთა და ყოველთა ბოროტმოქმედებათა ფდ სასარგებლო იქმნებოდა, რათა მოეთხოვოს გურიის მცხოვრებთა ყოველნი ქონებულნი მათთანა ძველნი საბუთნი და მათგან გადაღებულ იქმნენ პირნი.“
.
გიორგი ხაჭაპურიძე “გურიის აჯანყება 1841 წელს”. ტფილისი 1931 წ. (სურათი – ამავე წიგნის ყდა)
ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share