სოფ. დერეხოხნაში ნაამბობი ქართველ მაჰმადიანის მოხუცის დეზმა მხოცვაძის მიერ

მე რომ შვიდის წლისა ვიყავი, კარგად მახსოვს, რომ მაშინ სოფ. დერეხოხნის ნახევარი ხალხი ქრისტიანები იყვნენ და ესენი ჩუმად ინახავდნენ ქრისტიანობას.
.
ესენი ღამე შეიყრებოდნენ ხოლმე ერთს სახლში, ერთ
ჭრაქს დაანთებდნენ, იქ მღვდელი იდგა ხოლმე და ჩუმად ლოცულობდა და ხალხს ალოცებდა. მღვდელს ვერავინ რას შეატყობდა, რადგანაც ის ვაჟკაცურად (ერის კაცად) იყო ჩაცმული, ეს ჩუმი ქრისტიანები მაჰმადიანობასაც ასრულებდნენ, პარასკეობით ჯამეზედაც მოდიოდნენ და ლოცულობდნენ. ასე და ამ გვარად დიდხანს ინახეს ამათ თავი, მაგრამ ბოლოს შეუტყეს ეს საქმეები, ყველანი დაიჭირეს და გარდაწყვეტით გამოუცხადეს, რომ, თუ ქრისტიანობას თავს არ გაანებებთ, იცოდეთ, რომ ყველას თავები მოგეჭრებათო. შეშინდნენ ყველანი და გამაჰმადიანდნენ სრულიად. ასე რომ დერეხოხნის ქართველთ გათათრება 100 წელიწადიც არ არის.
.
ამ 60 წლის წინად, მე კარგად მახსოვს, რომ აჭარაში აქა-იქ ჩუმად ღვინოს დასწურავდნენ ხოლმე, ინახავდნენ ჩუმად და ხანდახან დალევდნენ ხოლმე. ხან დედაკაცები ჩარექებით ეკკლესიებში მიიტანდნენ და დააწყობდნენ.
.
აჭარაში ეკკლესიებში სანთლის მიტანაც იცოდნენ, ფულის და ბამბის. ვინმე ავად რომ გახდებოდა, მაშინვე ეკკლესიებს მიუტანდნენ ძველ რამეებს და იქ დააწყობდნენ, ამის შემდეგ ავადმყოფი მორჩებოდა.
ვინმე რომ ყვავილით, ან სხვა რამით გახდებოდა ავად,
იმას თქვენებურს ლოცვებს უმღერებდნენ ხოლმე და
ავადმყოფები მორჩებოდნენ.
.
ყველა ესენი გადავარდა ამ ოცდაათის წლის წინად და დედაბერს დედაკაცებში თქვენებური ლოცვები დღესაც ბევრმა იცის ზეპირად.
.
მოლებმა და ხოჯებმა ერთს დროს ჩვენებურს ქალებს
დაუშალეს თქვენებურ ლოცვების თქმა; ამიტომ როცა
ავად გახდებოდა ვინმე, მაშინ ჩვენიდან წავიდოდნენ
გურიაში კაცები. იქ დაიქირავებდნენ გურულს დედაკაცებს, მოიყვანდნენ აქა და ამათ ათქმევინებდნენ ხოლმე ქართულ ლოცვებს და გალობას. მაგრამ ბოლოს ესეც აკღრძალეს ხოჯა-მოლებმა, რომ ჩვენის კაცისათვის ქრისტიანის ლოცვა არ შეიძლებაო. თუ გინდათ, ხოჯები წაიყვანეთ და წიგნი და ლოცვები აკითხვინეთო. ესე დაავიწყდა ხალხსა და მას შემდეგ ჩვენში ავადმყოფი
რომ შეწუხდება, ამისათვის ხოჯას იხმობენ და ლოცვას
წააკითხებენ რომ ავადმყოფი მორჩესო.
.
– აკაკის თვიური კრებული ( ივლისი 1899 წელი);
– ნახატი წიგნიდან – Воспоминания офицера Кобулетского отряда в кампанию 1877-78 гг – Борис Колюбакин;
ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share