1870-1880-იან წლებში საქართველოს ეგზარქატმა დაიწყო დასავლეთ საქართველოს და მათ შორის გურიის ეკლესია მონასტრების სიწმინდეების აღწერა, რომლის შედეგადაც გაირკვა, რომ ეკლესია მონასტრებში უზარმაზარი ღირებულების ქონება იყო დაგროვილი. ამ აღწერას ქართული საეკლესიო სიწმინდეების მიმართ რუსი კოლექციონერების ძალიან დიდი დაინტერესება მოყვა.
საქართველოს ეგზარქატის ხელშეწყობით ფოტოგრაფმა და შეთავსებით ისტორიკოსმა სტეფანე იურიევიჩ საბინ-გუსმა (უნგრული წარმოშობის რუსი აზნაური) იმ მოტივით, რომ მოახდენდა სიწმინდეების რესტავრაციას დასავლეთ საქართველოს ეკლესია მონასტრების გაუგონარი მასშტაბების ძარცვა განახორციელა. შალვა ამირანაშვილმა ამ ძარცვას – წარმოუდგენელი მასშტაბის ეროვნულ ტრაგედიას უწოდებდა.
პეტერბურგის უნოვერსიტეტის პროფესორმა – ნ. კონდაკოვმა 1889 წელს აღწერა ჯუმათის მონასტრში დაცული სიწმინდეები, იგი წერს: „ჯუმათის ტაძარი მდებარეობს 18 ვერსტზე ქალაქ ოზურგეთიდან, აქ ოდესღაც საეპისკოპოსო კათედრა ყოფილა. ტაძარს მდიდარი შემოწირულობა ჰქონდა, აქვე იყო მთავრანგელოზების მიქაელის და გაბრიელის უძვირფასესი ხატები. დ. ბაქრაძის აღწერით ამ შედარებით ღარიბ მონასტერში იყო რამდენიმე შესანიშნავი ხატი, რომლებიც ამ მხრივ გურიის ერთადერთი ღირშესანიშნავი ისტორიული ძეგლები იყო. ასეთები იყო:
1) დიდი რელიეფური (ნახატი 48) მთავარანგელოზ მიქაელის ხატი (1,5 არშინის სიმაღლის და 1 არშინის სიგანისა) . ხატის დაფა მთლიანად ოქროსი იყო, მისი ნაწილი კი დაშლილი გახლდათ. ბრწყინვალე ჭედურობის ხატზე მთავარანგელოზი მიქაელი გამოსახული იყო მთელი ტანით. გვერდებზე ჰქონდა 10 ბიზანტიური ტიხრული მონანქრის მედალიონი, ქართული წარწერებით, რომელიც შესრულებული იყო ძალიან წვრილი ოქროს ძაფებით.
2) მთავარანგელოზ გაბრიელის ხატი, რომლის სიმაღლე იყო 1 არშინი და 8 ვერშოკი, სიგანე 8 ვერშოკი, შესრულებულია ჭედურით ჰქონდა ისეთივე 10 მედალიონი, მაგრამ ბერძნული წარწერებით. ხატებზე იყო გურიელთა გვარის შემომწირველთა სახელები.
ორივე ეს ხატი დაუბრუნებლად იქნა ამოღებული მონასტრიდან . როგორც ჩანს ისინი დაშალეს ან კიდევ საერთოდ გადაადნეს. ხოლო ამოღებული მედალიონები გაყიდულია რუსეთის სხვადასხვა კოლექციებში.“
შალვა ამირანაშვილი წერდა – „საქართველოს ეგზარქატის ხელშეწყობით საქართელოს მონასტრებიდან ზოგიერთმა კოლქციონერმა საეკლესიო მათი რესტავრაციის მომიზეზებით დაიტაცა საეკლესიო სიძვლეების სახით უზარმაზარი სიმდიდრე, ყველაზე უფრო „მოყვარულთ“ იზიდავდა უძველესი მინანქრები და წედური ხელოვნების ნიმუშები. ზვენიგოროდსკის ცნობილი კოლექცია და ნაწილობრივ ბოტკინისა შედგებოდა საქართველოში დატაცებული მინანქრებისაგან“
ასევე შალვა ამირანაშვილი – „სარგებლობდა რა სასულიერო ხელისუფლების მფარველობთ პეტერბურგელმა ფოტოგრაფმა საბინ-გუსმა გაქურდა დასავლეთ საქართველოს უძველესი მონასტრების უმრავლესობა, პირველ რიგში კი ჯუმათისა და შემოქმედის მონასტრები. მან ჯუმათიდან გაიტანა მთავარანგელოზების მიქაელის და გარიელის ორი ხატი, მთავრანგელოზ მიქაელის ხატი გამოსახულება შემკული იყო ქართული ტიხრული მინანქრებით, ხოლო გაბრიელის კი ბიზანტიურით. ბიზანტიური მინანქრები მოხვდა ა. ბ. ზვენიგოროდსკისთან და მისი ფონდის უმთავრესი ნაწილი გახდა.”
ჯუმათის მონასტრის სიწმინდეების ფოტოები ნიკოდიმ კონდაკოვის ნაშრომიდან – „ზოგიერთი ქართული ეკესიისა და მონასტრის სიძველეების აღწერიდან“ (გამოცემული 1890 წელს).
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა.