“თუ საქართველოში საბოლოოდ მიიღებენ რუსულ კანონს….შესაძლოა, საქართველომ გერმანიაში დაკარგოს…„უსაფრთხო ქვეყნის“ სტატუსი”-ნენსი ფეზერი

თუ საქართველოში საბოლოოდ მიიღებენ მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდავ რუსულ კანონს, შესაძლოა, საქართველომ გერმანიაში დაკარგოს „უსაფრთხო ქვეყნის“ სტატუსი.

გერმანული მედიის ცნობით, ამის შესახებ ბუნდესტაგის წევრმა, გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა ჰელგე ლინდმა განაცხადა. სწორედ აღნიშნულმა პარტიამ მიიღო ბოლო არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა და შესაბამისად, გერმანიის სამთავრობო კოალიციის მთავარი პოლიტიკური ძალაა.

„გერმანიის ფედერალური მთავრობა ყურადღებით აკვირდება, საქართველოში რა პოლიტიკური ვითარება, როგორი დემოკრატიული სისტემაა და ამოწმებს, რამდენად შეესაბამება არსებული ვითარება კრიტრიუმებს [„უსაფრთხო ქვეყნის“ სტატუსის მქონე სახელმწიფოს]. თუ აღმოჩნდება, რომ საქართველოს მოსახლეობას აქვს დევნის შიში, ამას მოყვება შესაბამისი შედეგები,“ — გერმანული მედია ციტირებს ბუნდესტაგის წევრს.

საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში გერმანიამ გასულ წელს შეიყვანა. უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნად აღიარების შედეგად, საქართველოს მოქალაქეების განაცხადი გერმანიაში თავშესაფრის მიღების თაობაზე დაჩქარებული წესით იქნება განხილული და ძალიან დაბალია ალბათობა იმისა, რომ უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნის მოქალაქეები თავშესაფარს მიიღებენ.

ეს სტატუსი მაშინ, საქართველოსთან ერთად, მოლდოვამაც მიიღო.

„ორივე სახელმწიფოს ევროკავშირის წევრობა სურს. ორივეში, ძირითადად, ხალხს არ ემუქრება პოლიტიკური დევნა. [გერმანიაში] თავშესაფარზე განაცხადის ყოველი 10 უარიდან ერთი ამ ორ ქვეყანაზე მოდის“, – ამბობდა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან, ნენსი ფეზერი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share