ბახვი ჰესი -გილოცავთ,  დედამიწის დღეს ერთად ვაშენებთ მწვანე გარემოს

 

22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა. ეს დღე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს 192 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს. ამ თარიღს, საქართველოში ოფიციალურად 1990 წლიდან გარემოსდაცვითი აქტივობებით აღნიშნავენ.

დედამიწის დღის აღსანიშნავად, 2024 წლის 20 და 21 აპრილს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირსა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკაურაში ბახვი ჰესის ორგანიზებით მთისპირისა და ჩხაკაურას სკოლის მოსწავლეებმა სკოლების მიმდებარე ტერიტორიები გაამწვანეს.

 

„დედამიწის საერთაშორისო დღეს ყოველ წელს აღვნიშნავთ იმ სკოლებში, სადაც უკვე მესამე წელია ტარდება ჩვენი ტრენინგ პროგრამა, რომელიც გარემოსდაცვისა და განახლებადი ენერგიების მიმართულებით ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. წელს მოსწავლეების და სკოლებში არჩეული ეკო ელჩების ინიციატივა იყო სკოლების მიმდებარე ტერიტორიები გაემწვანებინათ, რაზეც კომპანიის მენეჯმენტი სიხარულით დავთანხმდით და ჩვენი ტრენერების დახმარებით განვახორციელეთ ეს აქტივობა. აღსანიშნავია, რომ საორგანიზაციო თემებში მრჩეველთა საბჭოს წევრები გვეხმარებოდნენ, ერთის მხრივ ბატონი ვლადიმერ ჩავლეშვილი და  მეორეს მხრივ, ქალბატონი ალა მარი. მრჩეველთა საბჭოს ჩართულობის პროგრამა საბჭოს წევრების ჩვენს სოციალურ პროექტებში აქტიურ მონაწილეობას ითვალისწინებს, რაც მათ აძლევს საშუალებას მონაწილეობა მიიღონ  კომპანიის სოციალურ აქტივობებში, და უფრო ახლოდან გაეცნონ ამ პროექტების   ხარისხსა თუ მნიშვნელობას. უნდა ვთქვა, რომ შესანიშნავი ღონისძიება გამოვიდა. რაც მთავარია მოსწავლეები იყვნენ კმაყოფილები და უსაზრვროდ ამაყები. დარწმუნებული ვარ, ნარგავების მოვლას ძლიან კარგად გაართმევენ თავს“ – განაცხადა დავით კობერიძემ, ბახვი ჰესის გარემოს დაცვისა და სოციალური პროექტების მენეჯერმა.

 

მთისპირის ცენტრში არსებულ პატარა სკვერში მოსწავლეებმა დარგეს 4 აბელია,   6 ფიტოსპორიუმი, 6 გარდენია და 4 ჭრელი ეონიმუსი.

 

ნანა ჭეიშვილი – მთისპირის საჯარო სკოლის დირექტორი

„მთისპირის საჯარო სკოლისათვის ორგანიზებული ტრენინგების ფარგლებში, დედამიწის დღესთან დაკავშირებით მოეწყო გამწვანების აქცია. ბახვი ჰესის ორგანიზებით მოგვეწოდა მწვანე ნარგავები, რომლებიც დარგეს მთისპირის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სკოლასთან ახლოს. ბავშვები დიდი ხალისით ასრულებდნენ ამას. იმედია მომავალშიც გაგრძელდება ასეთი სასიკეთო საქმეების კეთება“.

 

მინდია შავაძე – მთისპირის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე

„ეს საქმიანობა ჩვენი სოფლის განვითარებისთვის ძალიან კარგია. გალამაზდა კიდევ ერთი ადგილი ჩვენ სოფელში. მიხარია, რომ ასეთ პროექტში მივიღე მონაწილეობა“.

 

მეგი კაპანაძე – მთისპირის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე

„ეს კარგი მაგალითია სოფლის განვითარებისთვის. დიდი მადლობა ამ ყველაფრის ორგანიზატორებს. გალამაზდა ჩვენი სოფლის ცენტრი. დიდი პასუხისმგებლობაა ჩვენთვის ამ მცენარეების მოვლა“.

 

ჩხაკაურას საჯაროს სკოლის ეზოში კი მოსწავლეებმა დარგეს 4 ცალი კედარი, 2 ცალი ფიჭვი, 3 ცალი ნეკერჩხალი და 3 ცალი ცახცვი.

 

ნათელა ირემაძე – ჩხაკაურას საჯარო სკოლის მასწავლებელი

„დღევანდელი დღე ეძღვნება დედამიწის დღეს. ჩვენი მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული ამ პროექტში. მათ დიდი სურვილი გამოთქვეს, რომ აღნიშნული აქტივობა განხორციელებულიყო ჩხაკაურას სკოლაში. კომპანია ბახვი ჰესი დაგვეხმარა ამ ყველაფერში“.

 

თეა ქათამაძე  – ჩხაკაურას საჯარო სკოლის მე-12 კლასი

„ძალიან ლამაზი მცენარეები დავრგეთ სკოლის ეზოში. გვინდა, რომ ამით მადლობა გადავუხადოთ დედამიწას“.

 

საბა ქათამაძე – ჩხაკაურას საჯარო სკოლის მე- 9 კლასი

„ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ეს აქტივობა. მივიღე ინფორმაცია, თუ როგორ უნდა დავრგო ხე, როგორ მოვუარო და გავზარდო ის. პირადად დავრგე ერთი ხე, რომელიც იქნება ჩემი სახელობის“.

 

ბახვი ჰესის გამწვანების აქცია გარემოსდაცვითი და სოციალური პროგრამის ფარგლებში ჩატარდა. კომპანია დედამიწის საერთაშორისო დღის აღსანიშნავ ღონისძიებას  2021 წლიდან ყოველწლიურად მართავს. 2023 წელს, ბახვი ჰესის ინიციატივით, მთისპირისა და ჩხაკაურას სკოლებში მოსწავლეთა კონკურსი ჩატარდა. გამარჯვებულ 19 მოსწავლეს  „ბიბლუსის“ ვაუჩერები გადაეცათ საჩუქრად.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share