გომელაურის უწყება გამჭვირვალობის კანონის მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ – პოლიცია პარლამენტის წინ შეკრებილების დაჯარიმებას ითხოვს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანმა გოგა მემანიშვილმა პარლამენტთან მყოფ ჟურნალისტებს უთხრა: “მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას”
მემანიშვილი ამტკიცებს, რომ რუსთაველზე არ არის გზის სავალი ნაწილის გადაკეტვისთვის საჭირო ადამიანთა რაოდენობა, შესაბამისად, მოხდება აქციის ყველა მონაწილის იდენტიფიცირება, ვინც გაფრთხილების მიუხედავად გზას გადაკეტავს და პოლიცია მათი დაჯარიმების მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს.
“შეკრება მანიფესტაციის შესახებ მე-11 პრიმამუხლის დარღვევაა, რაც ითვალისწინებს ადმინსიტრაციული სამართლალდარღვევათა კოდექსის 74-ე პრიმამუხლის ჯარიმას 500 ლარს. ეს აქციის მონაწილეებს ეხება. რაც შეეხება ორგანიზატორს, ჯარიმა 5 000 ლარია. რამდენჯერმე მოვუწოდე აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს, რომ გაათავისუფლონ გზის სავალი ნაწილი, რადგან, რაოდენობიდან გამომდინარე, გზის დაკეტვის საჭიროება არ არის. მოხდება იდენტიფიცირება იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს სავალ ნაწილს და სასამართლო შესაბამისად იმსჯელებს” – ამბობს მემანიშვილი.