ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 18 წლის შვილი, ახმატ კადიროვი ჩეჩნეთის ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრად დანიშნეს და რესპუბლიკის უმაღლესი ჯილდო მიიღო.
ამის შესახებ ინფორმაცია ჩეჩნეთის პარლამენტის სპიკერმა, მაგომედ დაუდოვმა გაავრცელა. მან ახმატ კადიროვს ორდენი, რომელიც რამზანის მამის, ასევე ახმატ კადიროვის სახელობისაა, პირადად გადასცა.
აქამდე ახმატ კადიროვს ეკავა ჩეჩნეთის ფიზიკური კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის პოსტი.
ბოლო რამდენიმე თვეა, რაც კადიროვი საკუთარ შვილებს სხვადასხვა თანამდებობებზე ნიშნავს. განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა 15 წლის ადამ კადიროვს, რომელმაც ყურანის დაწვაში ეჭვმიტანილ პატიმარს სცემა და ვიდეო გადაიღო. ამ შემთხვევის შემდეგ მას სხვადასხვა ორდენებითა და მედლებით აჯილდოებდნენ.