ქალბატონი სალომეს კერძო მოგზაურობის შინაარსი ჩემთვის უინტერესოა – პაპუაშვილი

“ეს გახლავთ ქალბატონი სალომეს კერძო მოგზაურობა, კერძო მოგზაურობის შინაარსი ჩემთვის უინტერესოა”, – ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტის მიუნხენში ვიზიტთან დაკავშირებით.

როგორც პაპუაშვილი ამბობს, საქართველოს ხელისუფლება იქ უმაღლეს დონეზეა წარმოდგენილი და კონფერენციაზე საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი იმყოფება.

“რაც შეეხება პრემიერმინისტრს, ეს გახლდათ სწორედ პოლიტიკური აქტი, რომ პრემიერმინისტრის პირველი ვიზიტი შედგეს ბრიუსელში, ევროკავშირსა და NATO-ში. პრემიერმინისტრს ექნება უმაღლესი დონის შეხვედრები EU-სა და NATO-ს ყველა ხელმძღვანელთან და ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი გზავნილია”, – თქვა პაპუაშვილმა.

***

მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენცია მიმდინარეობს.

ლიდერები უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში არსებულ კონფლიქტებსა და კრიზისებზე მსჯელობენ. კონფერენცია დასრულდება დისკუსიებით ევროპის როლზე მსოფლიოში.

საქართველოს პრეზიდენტმა მიუნხენის კონფერენციიდან ოფიციალური მოწვევა მიიღო. თავდაპირველად, პრეზიდენტის გამგზავრების შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია ფორმულამ გაავრცელა.

18 თებერვალს ზურაბიშვილი კონფერენციაზე სიტყვით გამოვა.

კონფერენციაზე საქართველოდან კიდევ ერთი დელეგაცია გაემგზავრა საგარეო საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით. წინა წელს კონფერენციას ირაკლი ღარიბაშვილი ესწრებოდა.

დღეს კონფერენციაზე ზურაბიშვილი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. შეხვედრის ამსახველი ფოტო ზურაბიშვილმა Facebook გვერდზე გამოაქვეყნა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share