რუსეთის მთავრობა ფიქრობდა, რომ აჯანყების ალი შეიძლებოდა აღმოსავლეთ საქართველოშიც გადასულიყო და სასწრაფოდ გადამჭრელი ზომები მიიღო. შეიქმნა სპეცილური დამსჯელი კორპუსი, რომელსაც აჯანყების სისხლში ჩახშობა დაევალა. 1820 წლის ივნისში რუსეთის ჯარმა შესძლო იმერეთის დამშვიდება და გურიაში გადავიდა. აჯანყებულები ერთმანეთთან მჭიდრო კავშირში იყვნენ და თავდასხმას ელოდნენ.
.
ბუკების ხმაზე მოსახლეობამ ციხეებსა და ტყეებს მიაშურა. მთელი ღამეების განმავლობაში ციხეთა კოშკებზე სასიგნალო ცეცხლი ენთო და აჯანყებულნი ბუკის ხმით ერთმანეთს ეხმიანებოდნენ.
.
მამია გურიელმა ამ დროს რუსთა მხარე დაიჭირა, თავდაპირველად იგი დაიბნა და შეშინდა, ვაითუ აჯანყების გამო რუსებმა მე დამსაჯონო, მაგრამ ერმოლოვმა მთავარი დაამშვიდა და განუცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლებას დამნაშავედ მხოლოდ ქაიხოსრო მიაჩნდა და მთავრისგან ერთგულების დამტკიცებას ელოდა.
.
ამის შემდეგ მამია თავისი ერთგული მოლაშქრეებითა და თავად-აზნაურობით ველიამინოვის ბანაკში გამოცხადდა და ამით რუსეთისადმი ნდობა და ერთგულება დაამტკიცა.
.
1820 წლის 24 ივლისს რუსების ჯარმა შემოქმედის ციხეს შეუტია. ციხეს ირგვლივ უღრანი წაბლნარი ერტყა. რუსთა რაზმმა მოულოდნელი მანევრის შემდეგ ტყიდან შეუტია ციხეს, მათი არტილერია 5 საჟენის დაშორებიდან ესროდა ციხის კედლებს. სისხლისმღვრელი ბრძოლების შემდეგ (რუსებმა 66 კაცი დაკარგეს) ციხე აღებული იქნა, დამცველთა ნაწილმა გაქცევა მოასწრო, დარჩენილები კი რუსებმა ხიშტებზე ააგეს.
.
ერმოლოვის სპეცილური ბრძანებით შემოქმედის ციხე რუსმა ჯარისკაცებმა საძირკვლამდე დაანგრიეს, ხოლო ახლო-მახლო სოფლებში ბაღები და ვენახები მთლიანად ამოკაფეს.
.
აჯანყების მთავარი ცენტრის დაცემის შემდეგ, რუსეთის დამსჯელმა რაზმებმა აიღო ჩოხატაური, დაანგრია იქ მდგომი კოშკები, შემდეგ კი თავს დაესხა გულიანის მთაზე და ღვედის ეკლესიასთან გამაგრებულ დავით გურიელის რაზმს. რუსებმა აქაც გაიმარჯვეს. ღვედის საყდარი იერიშით იქნა აღებული, სოფ. ღვედი გადასწვეს. დამარცხებული აჯანყებულები მდ. სუფსის მარცხენა ნაპირზე გადავიდნენ და ბრძოლა გააგრძელეს. მალე რუსთა მიერ აღებული იქნა გრიგოლეთი, გურიანთის ციხე, ეს ციხეები რუსებმა დაანგრიეს.
.
რუსთა წინააღმდეგ საბრძოლველად ემზადებოდა სახლთუხუცესი დავით იოანეს-ძე მაჭუტაძე. მან 200-დე შეიარაღებული გლეხი შეკრიბა და ნიგოზდიდის ციხის გამაგრებას შეუდგა; ამავე დროს ერთ-ერთი თავის გლეხი ქობულეთში გააყიდვინა და აღებული ფულით ტყვია-წამალი შეიძინა. დ. მაჭუტაძის ასეთი ქმედება რუსთა სარდლობას მხედველობიდან არ გამოპარვია. გენერალმა ველიამინოვმა ნიგოზდიდის ციხის დასანგრევად რუსთა ჯარის ნაწილი გაგაზავნა დ. მაჭუტაძე რუსებთან შებრძოლებას აპირებდა, მაგრამ მამია გურიელმა, როგორც კი მაჭუტაძის მიერ ჯარის შეკრება გაიგო, „შერისხა მას და დასთიშა მელიცია იგი“.
.
რუსთა ჯარმა ნიგოზდიდის ციხე დაიკავა და დაანგრია, დაწვეს იქვე მდგარი მაჭუტაძის სასახლეც. მალე დამარცხდა აჯანყებული საჯავახოც. 1820 წლის აგვისტოს ბოლოს აჯანყება უკვე ჩაქრობილი იყო, აჯანყების მოთავენი დავით გიორგის-ძე გურიელი, დავით ერისთავი და მაჭუტაძე (გიორგი ალექსანდრეს-ძე ?) თავიანთი ოჯახებით ემიგრაციაში წავიდნენ, თურქეთის საზღვრებში გადავიდნენ.
.
ქველი ჩხატარაიშვილი – “გურიის სამთავრო” საკანდიდატო დისერტაცია (1959 წელი)
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა