ბოლო 9 დღეში, „ქართული ოცნების“ „აგენტების კანონს“ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალი იერარქიის სამი სასულიერო პირი დაუპირისპირდა. სამივე წმინდა სინოდის წევრია. ისინი საზოგადოების პროტესტზე, ევროინტეგრაციის დაზიანებასა და რუსეთისგან მომავალ საფრთხეებზე ალაპარაკდნენ.
დმანისისა და აგარაკ–ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსი ზენონი [იარაჯული] 24 აპრილს გამოქვეყნებულ განცხადებაში, კონკრეტულად ეკლესიის სტიგმატიზების საფრთხეზეც მიუთითებს და წერს, რომ სტიგმატიზება „არსებითად მოდის წინააღმდეგობაში ქრისტიანული მოძღვრების სულისკვეთებასთან და ცივილიზებული სამყაროს ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებთან“.
ამასთან, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელთა“ რეესტრის შედგენის მიზანს უსაფუძვლოდ თვლის და ეს იმ პირობებში, როცა სახელმწიფოს ინსტიტუციებსა და შესაბამის სამსახურებს ისედაც ყველაფრის კონტროლი შეუძლიათ.
„გახანგრძლივებულ დროში საზოგადოების მკვეთრად უარყოფითი რეაქცია, ევროკავშირის შესაბამისი ინსტიტუციების ცალსახად უარყოფითი შეფასება, საკმარისი არგუმენტი უნდა იყოს სახელმწიფო საკანონმდებლო ორგანოსთვის, რათა ქვეყნის უსაფრთხოების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ევროინტეგრაციის მიმავალ გზაზე“, – წერს მთავარეპისკოპოსი და საგანგებოდ აღნიშნავს, საიდან მოდის საფრთხე და ვის უნდა შეეხებოდეს კანონპროექტი – „თუკი გვსურს ნამდვილი საფრთხეების აცილება“:
- საქართველოს სახელმწიფოს უსაფრთხოების, მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საფრთხეს წარმოადგენს რუსეთის სახელმწიფო, რომელმაც მოახდინა საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია.
- საფრთხეს წარმოადგენენ ის ქვეყნები, რომლებმაც რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სუვერენულად აღიარეს თვითგამოცხადებული “სახელმწიფოები”.
სინოდის წევრისთვის მიუღებელია ოკუპანტი ქვეყნისა და საქართველოს პარტნიორი ქვეყნების – „სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის მტკიცედ მხარდამჭერი ქვეყნების ერთ სიბრტყეზე განთავსება“.
მანამდე, 16 აპრილს. განცხადება გამოაქვეყნა – ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბამ [ინწკირველი] და „აგენტების კანონი“ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დამაზიანებელ საფრთხეებს დაუკავშირა.
მან აღნიშნა, რომ ყველა მხარემ უნდა დააფასოს „თავისუფლების მოყვარე ერისა და ხალხის ისტორიული არჩევანი, რომ საქართველო იყოს ევროპული ოჯახისა და ცივილიზაციის სრულფასოვანი წევრი და განუყოფელი ნაწილი“.
ეპისკოპოსმა საბამ გამოთქვა იმედი, რომ, შარშანდლის მსგავსად, კანონის დამტკიცება ვერც წელს მოხერხდება – „მომავალი თაობის მიერ წამოწყებული ჯანსაღი პროტესტის პირობებში“.
18 აპრილს, სოციალურ ქსელ ფეისბუკში ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის [ბერბიჭაშვილი] წერილიც გამოქვეყნდა, სადაც ის „აგენტების კანონის“ კვლავ ინიციირებით შექმნილ „სახიფათო დაძაბულობასა“ და შესაძლო გამოუსწორებელ შედეგზე ლაპარაკობს:
„დაძაბულობის შემდგომი ესკალაციის შემთხვევაში უკიდურესად გაღიზიანებული მტერი რევანშისთვის გამოიყენებს და შექმნილ ვითარებაში გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს საქართველოს ისტორიულ მისწრაფებას; მაშინ კი ჩვენი მეგობრები და პარტნიორები ვეღარ დაიხსნიან ჩვენს მრავალჭირნახულ სამშობლოს“.
ვითარების განმუხტვის ერთადერთ გზად მიტროპოლიტ გრიგოლს ხელისუფლების მიერ „გაბედული და დიდსულოვანი ნაბიჯის“ გადადგმა და სადავო კანონპროექტის კვლავ უკან გაწვევა წარმოუდგენია.
„ის დაძაბულობა და საზოგადოებრივი პროტესტი, რაც უკანასკნელი დღეების განმავლობაში ვითარდება საქართველოს პარლამენტში და მის ირგვლივ, ის, რაც ამ დაძაბულობის ესკალაციას შეიძლება მოჰყვეს ამ ქვეყნის ცხოვრებაში, საკმარისზე მეტ არგუმენტს იძლევა საიმისოდ, რომ შეწყდეს/შეჩერდეს სადავო კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღების პროცედურები, რამაც შექმნა უკიდურესი დაძაბულობის საფუძვლები ქართულ საზოგადოებაში“, – წერს მიტროპოლიტი გრიგოლი.
- 18 აპრილის შემდეგ, ახალგაზრდების პროტესტმა იმატა; გაიზარდა საერთაშორისო პარტნიორების განცხადებების სიმწვავეც;
- 25 აპრილს ევროპარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც მხარს უჭერს სანქციების დაწესებას ბიძინა ივანიშვილისთვის და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესისა და სავიზო ლიბერალიზაციის გადახედვას.
ხელისუფლება უკან დახევას არ აპირებს.
სადავო კანონპროექტის შესახებ დუმს საპატრიარქო.
პოზიციის გაზიარება საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს ვთხოვეთ. „ამაზე არ გაგვიკეთებია რაიმე განცხადება“, – მოკლედ გვიპასუხა დეკანოზმა.
შეეხება თუ არა “აგენტების კანონი” საპატრიარქოს?
მთავარეპისკოპოს ზენონის წერილში აღნიშნულია, რომ კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ შეეხება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასაც და კერძოდ, საპატრიარქოს მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირებს – რადგან საპატრიარქო არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელზეც კანონი არ ვრცელდება.
კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ [„აგენტების კანონი“] შეეხება ყველა იმ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს, რომელიც არ არის დაფუძნებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. საქართველოს საპატრიარქო საჯარო სამართლის იურიდიული პირია.
შესაბამისად, საპატრიარქოს მიერ დაფუძნებული ნებისმიერი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ჩაითვლება – „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“, თუკი „კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა“.
საჯარო რეესტრის თანახმად, საქართველოს საპატრიარქოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ჩამონათვალი ვრცელია – სასწავლო დაწესებულებები, გიმნაზიები თუ უმაღლესი სასწავლებლები, მთელი საქართველოს მასშტაბით.
მათ შორის არის საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი (SANGU).
ამ უნივერსიტეტში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სრულუფლებიანი წარმომადგენელია ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი. ის მასპინძლებს შორის იყო 11 აპრილსაც, როცა უნივერსიტეტს აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი სტუმრობდა.
SANGU-ში დანერგილია კიბერუსაფრთხოების ქართულ-ამერიკული სამაგისტრო პროგრამა, და 2023 წლის იანვრიდან, ამ თანამედროვე მსოფლიოში ძლიერ საჭირო პროფესიას უკვე 80 სტუდენტი ეუფლება.
პროგრამის კურსდამთავრებულს ენიჭება კიბერუსაფრთხოების მაგისტრის და ინფორმაციის ტექნოლოგიების უსაფრთხოების მაგისტრის ორმაგი, ქართული და ამერიკული აკადემიური ხარისხი.
არსებობს თუ არა ამ უნივერსიტეტის „აგენტების“ რეესტრში შეტანის საფრთხე?
SANGU-ს კანცლერმა, თამაზ ვაჩაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ამ პროგრამის ფარგლებში უნივერსიტეტი დაფინანსებას არ იღებს.
„უცხოელები ჩვენ არ გვაფინანსებენ. ჩვენ ვაფინანსებთ სამაგისტრო კიბერუსაფრთხოების ქართულ-ამერიკულ პროგრამას, ორი ხარისხის მინიჭებით – ქართული და ამერიკული დიპლომების გაცემით. ვაფინანსებთ 100% ამერიკაშიც გამგზავრებასაც და ამერიკელი პროფესორების ჩამოყვანას, ასევე – განთავსებას“, – განმარტავს ვაჩაძე.
სარგებლობენ თუ არა საპატრიარქოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები ამერიკული და ევროპული დონორების დაფინანსებით, რაც აღემატება შემოსავლის 20%-ს?
„არ ჰქონია მსგავსი დაფინანსება“, – ასე გვიპასუხა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD) 2014 წლიდან თანამშრომლობს რელიგიურ ინსტიტუციებთან და ერთ-ერთ მთავარ ბენეფიციარს საპატრიარქო და მის დაქვემდებარებაში მოქმედი საგანმანათლებლო ორგანიზაციები წარმოადგენენ.
CDD-ის პროექტების ფარგლებში, დონორების ფული საპატრიარქოს ორგანიზაციებს პირდაპირ არ გადაეცემათ, თუმცა – ისინი სხვადასხვა სარგებელს იღებენ.
„ჩვენი საქმიანობიდან საზოგადოებისთვის ყველაზე კარგად არის ცნობილი რელიგიური ლიდერების ვიზიტები ვაშინგტონსა და ბრიუსელში, რაც შესაძლებელი გახდა ამერიკელი და ევროპელი დონორების მხარდაჭერით. თუმცა მხოლოდ ეს არ არის – პროგრამები მასობრივად შეეხო ახალგაზრდებს, რომლებიც სწავლობენ გიმნაზიებში – დაფუძნდა 10-ზე მეტი ევროკლუბი ქვეყნის მასშტაბით, იყო ბანაკები ახალგაზრდებისთვის. 300-ზე მეტი პედაგოგი გვყავს ბენეფიციართა შორის. ჩვენი პრიორიტეტია ევროინტეგრაციის ხელშეწყობა და დეზინფორმაციასთან ბრძოლა“, – გვეუბნება CDD-ის აღმასრულებელი დირექტორი, ქეთევან ჩაჩავა.
ყველა პროექტი შეწყდება „აგენტების კანონის“ მიღების შემთხვევაში, რადგან CDD არ აპირებს დარეგისტრირდეს შეურაცხმყოფელი სტატუსით – „უცხო ძალის ინტერესების გამტარებლად“, ხოლო რეგისტრაციის გარეშე მუშაობის გაგრძელებას ვერ შეძლებს.
იგივე ბედი ელით სხვა არაერთი ორგანიზაციის პროექტებს, მრავალი მიმართულებით – რომლებითაც არა მხოლოდ საპატრიარქო და მისი ორგანიზაციები სარგებლობენ.
რადიო თავისუფლება