ქართველი ექიმი ზურაბ გურული სოციალურ ქსელში წერს:
”ეჰ, ბიძიკო, ბიძიკო … შენ ვინ გადაიკიდე, აზრზე არა ხარ. მილიციანერებო, არც თქვენ ხართ აზრზე; არც თქვენ, ურცხვო პრაკურორებო, და არც ყველაფრის მკადრებელო, მტკვარში კანალიზაციით ჩასაშვებო კორუმპირებულო მოსამართლეებო; არც თქვენ, გაქსუებულო ხაზინის ქურდებო, მლიქვნელებო, ბნელებო, გაუნათლებლებო და ბოროტებო.
ახალგაზრდები გადაიკიდეთ! ოღონდ ტყემალზე მჯდარი მლიქვნელი ალუჩები კი არა, ჭკვიანი, შეუპოვარი, თამამი, ფერადი, თვალებში ნათელსხივიანი, მხიარული, იმედიანი, მეამბოხე, და რაც მთავარია, კეთილი და უბოროტო ახალგაზრდები.
ეს ის ხალხია, რომლებსაც ვერ იყიდი, ვერც შეაშინებ, რადგან გაზით დამწვარი მოჭუტული თვალებითაც შეუძლიათ მთელი სამყაროს ნათელ პრიზმაში აღქმა და ჭვრეტა.
დიდხანს ითამაშეთ მათ გულუბრყვილობაზე და მიმტევებლობაზე, მაგრამ აწი აღარ გამოგივათ. ეს ბავშვები იმ დროს გამოიზარდნენ საქართველოს სკოლებში, სწავლა და შრომა სირცხვილად რომ აღარ ითვლებოდა და “მაყურებლები” რომ ვეღარ აკონტროლებდნენ.
ეს ის ახალგაზრდებია, რომლებმაც თავიანთი სამშობლოს ჰიმნი ზეპირად იციან და შეუძლიათ იმღერონ კიდეც; ისე რომ არ შერცხვეთ. იმღერონ ამაყად და სიამოვნებით, რადგან იციან რა სიმღერას მღერიან.
ეს გოგო-ბიჭები ჭეშმარიტი ბოჰემისტები არიან; ბევრი არაფერი სჭირდებათ; მთელი ღამე შეუძლიათ იცეკვონ და იმღერონ; მერე დილით თავიანთი არეული ქუჩები დაალაგონ და სამსახურებში წავიდნენ თავიანთ დაბალხელფასიან სამუშაოებზე; საღამოს კი საპროტესტოდ გამოცხადდნენ ჩვენი, “წინაპრების” თაობების სინდისის ქეჯნად და ბოროტ აჩრდილად ქცეული მთავრობის სასახლის წინ.
ამ ახალგაზრდებს სიცოცხლე და თავისუფლება უყვართ. დეპუტატების გაქონილი მანდატები და პარტიელ მლიქვნელთა კარიერები არ აინტერესებთ; იმიტომ რომ მათი მთავარი იდეა ზეპარტიულია; ეს მათი თავმოყვარეობაა, მათი სამშობლოს თავმოყვარეობა, რომელსაც ისე უხეშად შეეხეთ და გააუპატიურეთ, რომ გააცოფეთ, გადარიეთ, ბრძოლისა და შურისძიების წყურვილით აავსეთ.
თქვენ აზრზე არა ხართ, ვინ გადაიკიდეთ ” – წერს გურული.