ხვალ, საღამოს 10 საათიდან, გავათენოთ საქართველოსთვის – მთავარი გზავნილები ევროპის მოედანიდან

ევროპის მოედანზე მრავალათასიანი აქცია დაიწყო – ევროპული მარშის მონაწილეებს პოეტმა ლაშა ბუღაძემ მიმართა.

მისი თქმით, ხვალ საღამოს 10 საათიდან შეიკრიბებიან პარლამენტის წინ და ღამეს საკანონმდებლო ორგანოსთან გაათევენ.  ცნობილია, რომ ორშაბათს, დილის 9 საათიდან, “ოცნებამ” გამჭვირვალობის კანონის მესამე საკომიტეტო მოსმენა ჩანიშნა.

”ორშაბათს ”ქართულმა ოცნებამ” ივანიშვილის მარიონეტებმა დანიშნეს საკომიტეტო სხდომა დილის 9 საათზე, ჩვენ უნდა ჩავხედოთ ამ 83-ს თვალებში. მათ არ უნდა მიიღონ რუსული კანონი. ამიტომ, ჩვენ ბევრნი უნდა ვიყოთ ხვალ, საღამოს 10 საათიდან ჩვენ უნდა შევიკრიბოთ ტრადიციულად ჩვენს ეროვნულ, წმინდა და ანტირუსულ ადგილას, ჩვენი პარლამენტის წინ  და გავათენოთ საქართველოსთვის. რაც მეტი ვიქნებით და რაც მეტად არ დავიღლებით მით უფრო მეტად მალე გაიტანენ ესენი რუსულ კანონს უკან მთელი მსოფლიო ჩვენ შემოგვცქერის. ახლა თბილისია ევროპის დედაქალაქი. ხვალ, 10 საათიდან გავათენოთ საქართველოსთვის.” – აღნიშნა ბუღაძემ. 

პროევროპულ აქციაზე იმყოფება მასწავლებელი, რომელიც რამდენიმე დღის წინ რუსული კანონის პროტესტის გამო ფიზიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა.

”ქართველო ხალხო, ვინ არის შეშინებული დღეს. ჩვენი ხელისუფლებაა შეშინებული, თორემ თქვენ რა გიგავთ შეშინებულის. ხომ ლამაზია ჩემი სამშობლო, მაგრამ დღეს ყველაზე ლამაზია. გენაცვალეთ ქართველებო. ჩვენ ქართველ ხალხს არაფრის არ გვეშინია, რადგან ძალიან ბევრმა ეროვნულმა გმირმა შესწირა თავი ამ ქვეყანას. 19 წლის გოგონა მარო მაყაშვილია სწორედ დღეს ევროპა. თქვენ ხართ ევროპა ჩემო უშიშარო ხალხო. დღეს ძალიან ბევრი ახალგაზრდა არის დაკავებული. ჩვენ მათთან ვართ. როდესაც დაბლა ვიყავი, სტუდენტები მოვიდნენ და თქვეს, რომ ორშაბათიდან ისინი აუდიტორიაში აღარ შედიან. დიდი მადლობა სტუდენტებო, ახალგაზრდებო. წინ საქართველო ევროპისკენ. დიდი მადლობა ქართველებო. ხვალ ისტორიული დღეა. ხვალ საღამოს 10 საათზე საქართველოს უნდა გავუთენოთ. საქართველოს უნდა მოვუფრთხილდეთ. არა რუსულ კანონს”, – ამბობს ლადო აფხაზავა. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share